პრემიერმა ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის მშენებლობა გახსნა

დღეს, 3 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრმა ქუთაისის აეროპორტის წინ რკინიგზის სადგურის მშენებლობა გახსნა, რომელიც მისი თქმით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას.

“ეს გახლავთ ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო მაგისტრალის სამკილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. ამ ხაზის შედეგად, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით, გაივლის, გაივლის სწორედ ამ სადგურს. და გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ქუთაისი გახდება მნიშვნელოვანი ცენტრი, სადაც გაძვირდება უძრავი ქონება. კვირიკაშვილმა მოუწოდა ხალს, იჩქარონ აქ უძრავი ქონების შეძენა.

“ამ ადგილას იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ, რამდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში. ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისინი ისარგებლებენ თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით. ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან  სულ რამდენიმე თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ლოგისტიკური სატრანსპორტო ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს. აქედან შესაძლებელი იქნება, როგორც დასავლეთიდან და აღმოსავლეთის მიმართულებით, ასევე მესტია-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის შედეგად  ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოში ძალიან ადვილად მისვლა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამოქმედდება სარკინიგზო სადგური. პრემიერის თქმით, ქუთაისიდან შეძლებენ მოგზაურები დაუკავშირდნენ საქართველოს მთის და ზღვის კურორტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com