ახალი ამბები

‘ქართუ ბანკის’ საქმეში მონაწილე ნოტარიუსი დაითხოვეს

21 დეკემბერი, 2012 • • 2185
‘ქართუ ბანკის’ საქმეში მონაწილე ნოტარიუსი დაითხოვეს

ნარგიზ მინდიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში სამსახურიდან მისი გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს:

 

„გათავისუფლება კონკრეტულ სანოტარო საქმესთან და მოქმედებიდან გამომდინარე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ გამათავისუფლეს, არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი.”

 

კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

 

პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ნარგიზ მინდიაშვილის გათვისუფლების მიზეზი მესაკუთრეთა ზურგს უკან ქონების გასხვისება გახდა. სხვა უფრო დეტალურ განმარტებას იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე არ აკეთებს.

 

ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის შესახებ სპეციალური განცხადება ბანკმა 2012 წლის აგვისტოში გაავცელა.

 

ბანკი ქართუ
ბანკი ქართუ

„ ა.წ. 17 აგვისტოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა სს „ბანკი ქართუს“, ამჯერად ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მონაწილეობით, რომელმაც უგულვებელყო რა კანონის თუ სამართლიანობის ყველა პრინციპი, გამოწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დააკისრა ბანკს 10 მლნ. აშშ დოლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს  (850 000 აშშ დოლარი) გადახდა შპს “BETA MAX”-სათვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, თავის მხრივ, დაამატა კრედიტორის მიერ ვითომ  წინასწარ  გადახდილი საფასური–მოთხოვნის 2%, ანუ 217 000 აშშ დოლარი, აგრეთვე, აღსრულების საფასურის 7 % და საბოლოო ჯამში ბანკს 7 დღის ვადაში  გადასახდელი აქვს 11.609.500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ სს „ქართუ ჯგუფში” დანიშნული დროებითი მმართველის (ვ.უგულავა) და ამ უკანასკნელის მეშვეობით დანიშნული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ერთი ნაწილის რეალიზაციის მცდელობას.“

 

ვლადიმერ უგულავა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად 2012 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის.

 

2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი, რის შემდეგაც ვლადიმერ უგულავას „ქართუ ბანკში“ უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა.

 

„ქართუ ბანკის“ იურიდიული სამსახურის ინფორმაციით, ორკვირანი მმართველობის პერიოდში ვლადიმერ უგულავამ   4 კომპანიაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები და მათ ბაზაზე აღებული 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის კრედიტების 5 დღეში სრულად გაცემის ვალდებულება აიღო. მათ შორის ერთ–ერთია „ბეტამაქსი“, რომელიც ბანკისგან 10 მილიონი დოლარის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ მოითხოვდა.

 

შეგახსენებთ, რომ “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხვაზე დაიბარეს სამი ყოფილი მინისტრი: იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

 

“ქართუ ბანკის” შეგნებულად გაკოტრების საქმეზე დაწყებული გამოძიების საკითხს გუშინ, 20 დეკემბერს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:

 

“თურმე, ყველაფერი არის პიროვნული, თურმე, უნდა გამოვიძიოთ ერთი სუბიექტის მობილურების დაზიანება, ერთი სუბიექტის კამერების დაზიანება, ერთი სუბიექტის ბანკის გაკოტრების მცდელობა, რომელსაც, თურმე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტი. თურმე, მე ვხელმძღვანელობდი ბანკის გაკოტრების მცდელობას, ხალხო! ბოდიშს ვიხდი და ერთი სიტყვა მეთქვა და ის ბანკი აღარ იქნებოდა. რას ნიშნავს მცდელობა? თურმე, ყველანი ვმუშაობდით, რომ ეს ბანკი გაგვეკოტრებინა, მაგრამ ვერ გავაკოტრეთ რა, კოორდინაციაში ჩაგვივარდა.”

 

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებით და სხვა  მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც  მიმართული იყო “ბანკი ქართუს” გაკოტრებისა და ფინანსური ზიანის მისაყენებლად, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი