ახალი ამბები

აპრილის ბოლოდან თბილისში ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

3 აპრილი, 2017 • 3181
აპრილის ბოლოდან თბილისში ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

დედაქალაქში ნაგვის დაყრა ფულადი ჯარიმით დაისჯება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. დღეიდან ქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები იმოძრავებენ და ორი კვირის განმავლობაში მოქალაქეებს ცვლილების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ორი კვირის შემდეგ კი კანონდამრღვევებს ფულად ჯარიმას დააკისრებენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, განისაზღვრა ფულადი ჯარიმების ოდენობაც, კერძოდ:

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
    ფიზიკური პირი -400 ლარით.
    იურიდიული პირი -1000 ლარით. 

    "თბილსერვის" ჯგუფის მონიტორინგის სამსახური აპრილის ბოლოდან დედაქალაქში ნაგვის დაყრა ფულადი ჯარიმით დაისჯება ფოტო: თბილსერვის ჯგუფი

    “თბილსერვის” ჯგუფის მონიტორინგის სამსახური აპრილის ბოლოდან დედაქალაქში ნაგვის დაყრა ფულადი ჯარიმით დაისჯება ფოტო: თბილსერვის ჯგუფი

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში წყვილში ივლიან – სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, სამხრე კამერებით.

“თბილსერვის ჯგუფი”, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნება, შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აპრილის ბოლოდან დააჯარიმებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი