ვერა ქობალია: რთული ორსულობა მაქვს და იმედია, დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელდება

“ერთადერთი მინუსია, რომ ორსულად ვარ, მეხუთე თვეში ვარ, ცოტა რთული ორსულობა მაქვს და იმედია, დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელდება”, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

ვერა ქობალიას განცხადებით, მას დღეს შსს–სგან ტელეფონზე მიუვიდა შეტყობინება, რომლითაც დაკითხვაზე იბარებდნენ, თუმცა არ იცის, რას უკავშირდება აღნიშნული ღონისძიება.

 

“ვვარაუდობ, ეს დაკავშირებულია რამდენიმე უძრავი ქონების საკითხთან. მე ნებისმიერ ვარიანტში მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის სამინისტროსთან, ან ჩემთან”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია დაკითხვაზე დაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ. შსს-ს ცნობით, ქობალია” ბანკ ქართუსთან”    დაკავშირებულ საქმეზეა დაბარებული.

 

ქობალია მოწმის სტატუსით დაიკითხება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge