ახალი ამბები

რას ჰყვებიან მოწმეები გვარამია-ხეთაგურის საქმეზე

21 დეკემბერი, 2012 • • 1822
რას ჰყვებიან მოწმეები გვარამია-ხეთაგურის საქმეზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ “თელასის” საქმის გასაჯაროებულ მასალებს შორისაა საგამოძიებო უწყების მიერ ცრუ კომპანიად შეფასებული “ელენდეფ სერვისი”–სთვის თელასისა და სხვა კომპანიების მიერ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომელთა შორისაა: 1. “თელასი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თემურ ჭინჭარაულის ჩვენება; 2. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, მარიკა ვალიშვილის ჩვენება; 3. “თელასი”–ს ყოფილი გენდირექტორის, აშოტ მანუკიანის ჩვენება; 3. “თელასი”–ს ცენტრალური შესყიდვების სამსახურის მდივნის, მარიამ კალაძის ჩვენება; 4. შპს “ფიუჩარ პროდაქტ კომპანი”–ს  ფინანსური მრჩევლის, ქეთევან ბადაშვილის ჩვენება; 5. ამავე კომპანიის იურისტის, თამარ ნოზაძის ჩვენება;  6. შპს “ფრაისვოთერკუპერსი”–ს საქართველოს ფილიალის დირექტორის, იური დოლიძის ჩვენება; 7. შპს “გუტიძე ჩანტლაძე დამენია სოლუშენს”–ის მთავარი მენეჯერის, ირაკლი სალარიძის ჩვენება.

 

“თელასი”-ს სამეთვალყურეო საბჭოში ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა თემურ ჭინჭარაულმა საგამოძიებო უწყებას განუცხადა, რომ „თელასი“–ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომამდე 8 დღით ადრე ამავე საბჭოს წევრმა ვადიმ მიტიუშინმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს გადაუგზავნა ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. კერძოდ, „თელასი“ კომპანია „ელენდეფ სერვისს“ უფორმებდა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 500 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ „ელენდეფ სერვისს“ უნდა გაეწია კონსულტაცია და მოეხდინა საგადასახადო რისკების ანალიზი.

 

მსგავსი ხელშეკრულებები „ელენდეფ სერვისთან“ გააფორმა კომპანია „ინტერ რაო“–ს სხვა შვილობილმა კომპანიებმა- „ხრამჰეს 1“–მა, „ხრამჰეს  2“–მა და „მტკვარი ენერგეტიკა“–მ.  გამოძიება აცხადებს, რომ „ელენდეფ სერვისი“ იყო ცრუ ბიზნესმიზნებისთვის შექმნილი კომპანია, რომელსაც ენერგოკომპანიებისგან უნდა მიეღო ქრთამის სახით მილიონზე მეტი, თავად კი მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას საგადასახადო დავალიანებაზე ნიკა გვარამიას საშუალებით მიაღებინებდა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს.

თელასი
თელასი

 

„საკითხის განხილვის პროცესში მე თვითონ დამაეჭვა შპს „ელენდეფ სერვისმა“, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, მათ ოფისისც კი არ ჰქონდათ და რეგისტრირებულები იყვნენ ბაგებში, ერთ–ერთი სახლის მისამართზე, თან როცა გავიკითხე, ამ ფირმას არავინ არ იცნობდა. ასევე, მომსახურების ღირებულებამ, რადგან ძალიან დიდი თანხა იყო“, – განუცხადა თემურ ჭინჭარაულმა საგამოძიებო სამსახურს.

 

მისივე თქმით, რადგან ის კომპანია „თელასში“ წარმოადგენდა სახელმწიფოს, დაუკავშირდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველ მოადგილეს, მარიკა ვალიშვილს. მოგვიანებით მას დაუკავშირდა ვალიშვილი და უთხრა, რომ მას მხარი უნდა დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის.

 

ალექსანდრე ხეთაგურის მოადგილემ, მარიკა ვალიშვილმა გამოძიებას განუცხადა: „მე დავურეკე მინისტრ ხეთაგურს, რომელმაც მითხრა, რომ საქმის კურსშია და ეს საკითხი შეთანხმებულია“.

 

მამუკა ჭინჭარაული დაკითხვისას ამბობს, რომ სამინისტროდან თანხმობის მიღების შემდეგ მან მხარი დაუჭირა „ელენდეფ სერვისთან“ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც შემდეგ საგამოძიებო უწყებამ კორუფციულ სქემად შეაფასა.

 

გამოძიების მტკიცებით, „თელასთან“ საგადასახადო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ, ალექსანდრე ხეთაგურმა განიზრახა ენერგოკომპანიისგან ქრთამის მიღება და ნიკა გვარამიასთან ერთად მოიფიქრა კორუფციული სქემა, რის შემდეგაც გვარამია დაუკავშირდა თავის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს და შეაქმნევინა შპს „ელენდეფ სერვისი“. გამოძიების ცნობით, „ინეტრ რაო“–ს შვილობილი კომპანიებისგან მიღებული ქრთამი – მილიონზე მეტი უნდა ჩარიცხულიყო „ელენდეფ სერვისის“ ანგარიშზე, ოფიციალურად კი ეს გაფორმდებოდა როგორც საკონსულტაციო მომსახურების საფასური.

 

გამოძიების გასაჯაროებულ მასალებში დევს კომპანია „ფიუჩარ პროდაქტ კომპანი“–ს ფინანსური მრჩევლის, ქეთევან ბადაშვილის ჩვენება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიაზეა რეგისტრირებული  ნიკა გვარამიას ტელეფონი. თავად ქეთევან ბადაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ ნიკა გვარამია ამ კომპანიის მთავარი იურისტი იყო, ერთ–ერთი მენეჯერი კი დავით კეზერაშვილია. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ფიუჩარ პროდაქტ კომპანი“– ს დირექტორია კონსტანტინე ლევიძე, ხოლო მას ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია.

 

ქეთევან ბადაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ნიკა გვარამიამ მას სთხოვა გაერკვია, როგორ შეიძლებოდა “ლიბერთი ბანკიდან” თანხის ხელზე გამოტანა და VIP მომსახურება.

 

ბადაშვილის თქმით, ამ კითხვიდან მეორე დღეს მას ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ არსებობდა „ელენდეფ სერვისი“, რომლის დირექტორს, გიორგი ნემსიწვერიძეს სურდა სხვადასხვა კომპანიიდან ჩარიცხული 1.5 მილიონი ლარის გატანა და ამისთვის სჭირდებოდა ბადაშვილის დახმარება.

 

როგორც ქეთევან ბადაშვილი ამტკიცებს, ის „ფიუჩარ პროდაქტ კომპანი“– ს იურისტთან, თამარ ნოზაძესთან ერთად გაყვა „ლიბერთი ბანკში“ „ელენდეფ სერვისი“–ს დირექტორს გიორგი ნემსიწვერიძეს, რომელმაც ბანკიდან 1.5 მილიონი ლარი გამოიტანა, რამდენიმე დღის შემდეგ კი 300 ათასი ლარი ისევ უკან შეიტანა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული 1.5 მილიონი ენერგოკომპანიებისგან მიღებული ქრთამი იყო.

 

გამოძიებას ჩვენება მისცა “თელასის” ყოფილმა  დირექტორმა აშოტ მანუკიანმა. მანუკიანის თქმით, 2012 წლის ივლისის ბოლოს ჩატარდა „თელასი“–ს სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა „ელენდეფ სერვისთან“ საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება.  ამავე გადაწყვეტილებაში განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საფასური და სხვა პირობები. “თელასს” “ელენდეფ სერვისისთვის” უნდა გადაეხადა 500 ათასი აშშ დოლარი დღგ–ს ჩათვლით.

 

გამომძიებლის კითხვაზე, ვინ  იყო „ელენდეფ სერვისთან“ ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი, მანუკიანი პასუხობს, რომ მას დაუკავშირდა ვადიმ მიტიუშინი, რომელმაც თქვა, რომ ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა “ელენდეფ სერვისთან” და ამ კომპანიასთან საკონტაქტო პირი იქნებოდა დევი კანდელაკი, რომელიც იმ დროს იყო „ინტერ რაო ეესი“–ს კომპანიების:  „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“–სა და „მტკვარი ენერგეტიკა“–ს დირექტორი.

 

როგორც „თელასი“–ს ყოფილი დირექტორი ამბობს, „თელასმა“ „ელენდეფ სერვის“–ს ავანსად გადაურიცხა 450 ათასი დოლარი, თუმცა ამ კომპანიას ჯერ ნაკისრი ვალდებულებები არ  შეუსრულებია, ხელშეკრულების ვადად კი 2013 წლის 24 თებერვალია დათქმული. როგორც მანუკიანი ამტკიცებს, სახელმწიფოსთან, კერძოდ, მინისტრ ხეთაგურთან მოლაპარაკებებს მუდამ ვადიმ მიტიუშინი აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი