ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე რ2-ის წილების თემაზე დაწყებულ პროცესში ხელისუფლების ხელს ხედავენ [აუდიო]

3 აპრილი, 2017 • 2630
დვალი და აქიმიძე რ2-ის წილების თემაზე დაწყებულ პროცესში ხელისუფლების ხელს ხედავენ [აუდიო]

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელბი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ Rustavi2.com-ის ინტერნეტ-დომენის მომსახურება წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირი დაუჯდათ, თუმცა კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ.

[blue_box]Rustavi.com-ის დომენი[/blue_box]

როგორც დავით დვალმა დღეს PIA-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, rustavi2.com-ის ჰოსტინგის გადასახადსაც თვითონ იხდიდნენ.

დვალის და აქიმიძის განცხადებით, ისინი რ2-ის თანამშრომლებს უფლებას აძლევენ, ისარგებლონ ინტერნეტ-დომენზე მიბმული სერვისებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტითა და ფაილების მიმოცვლის სისტემით (ეფ-ტე-პე), რადგან მათი მიზანი არ არის იმ კომპანიის საქმიანობის შეფერხება, რომელიც მათ ეკუთვნით.

“გუშინ გვრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს დომენი ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა. მე ვაცხადებ, რომ დომენი rustavi2.com პირადად მე დავარეგისტრირე, მე ვარ მისი მფლობელი, რეგისტრატორი და ტექნიკური მომსახურე ერთდროულად. ამ წლების განმავლობაში სხვას არავის ეკუთვნოდა ეს დომენი. როცა საჭიროდ ჩავთვალეთ მისი ამოქმედება და გამოყენება, მაშინ ჩავრთეთ”, – განაცხადა დავით დვალმა.

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ ისინი rustavi2.com-ზე აქტიურად გამოაქვეყნებენ სხვადასხვა სახის მასალასა და ინფორმაციას და ეცდებიან, რომ საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რ2-ის საქმესთან დაკავშირებით.

[red_box]რატომ ახლა?[/red_box]

რატომ აღადგინეს წვდომა რუსთავი 2-ის საიტზე ახლა და არა უფრო ადრე? – დავით დვალის კომენტარი ასეთია:

“რატომ გავაკეთეთ ახლა? ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია არ მიდის სასურველი მიმართულებით. ერთია, რომ სამართლებრივი პროცესი  ჩიხში შესულივითაა.. სტრასბურგს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. სტრასბურგი დროში ჩიხია და ჩიხია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ როგორც მხარე”, – განაცხადა დვალმა და განაცხადა, რომ არსებობს მეორე მიზეზიც:

“ის რაღაც არაჯანსაღი მცდელობები, რომლებიც კულუარულ გარიგებებს ეხება. ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავაანონსეთ, რომ ამ ტელევიზიის გარშემო რაღაც ისე არ ხდება. “ყველაფერი ქარვასლას დაემსგავსაო” – ასე შევაფასეთ. ამ ყველაფერზე ცალკე გავაკეთებთ არა მარტო პრესკონფერენციას, არამედ საიტსაც აქტიურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იყოს, თუ რა ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მე მინდა ყველას მოვუწოდო, განსკუთრებით არასამთავრობოებს, დააკვირდნენ, რა ხდება რ2-ის გარშემო… ცოტა ხანში ისე არ აღმოჩნდეს, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის (რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა) ნაცვლად სრულიად ბინძური კულუარული გარიგება მივიღოთ ახალი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამის ნიშნები სახეზეა:  ის, რაც რუსთავი 2-ის შიგნით მიმდინარეობს. მე ვთხოვ საზოგადოებას, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, მიაქციონ ყურადღება. იმავე სარეკლამო ბაზარზე საეჭვო გადანაწილებები მოხდა 2 თვის წინ, რაც პირველი სიგნალი უნდა ყოიფლიყო იმისა, რომ რაღაც ისე არ მიდის და კულუარულ თამაშებს აქვს ადგილი. ჩვენ ამას ძალიან დიდ ადგილს დავუთმობთ. ამ რესურსის ამუშავება მხოლოდ დასაწყისია. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. სხვა მიმართულებებითაც სერიოზულად ვაპირებთ გააქტიურებას. ისე არ გამოვა, რომ ხელისუფლებისაგან, რომელიც ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, საბოლოო ჯამში, კულუარული გარიგება და საქმის ჩაფარცხვა მივიღოთ”, – განაცხადა დვალმა.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს კულუარულ გაირგებაში, დვალი ამბობს:

“ეს ყველაფერი უკვე ღიად და საქვეყნოდ ხდება. ჩემი მოსაზრებები არაა საჭირო, რომ დავინახოთ, ღია ეთერში როგორ გადაიცემოდა მცდელობა  დე ფაქტო მფლობელების და გარკვეული ჯგუფის, რომელიც ღიად სარგებლობს ენმ-ის გამოყოფილი ფრთის მხარდაჭერით…  იმათ შორის შეხლა-შემოხლა და ჭიდაობა, თუ ვის, რა და როგორ ექნება. ამ თამაშში მე არა მხოლოდ ამ ორ მონაწილეს, არამედ ხელისუფლების ხელს ვხედავ, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ სტრასბურგი თავიდან აიცილოს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სტრასბურგიდან არც ერთი გამოსავალი არ აწყობს: საქმის წაგება რომ არ უნდა, გასაგებია, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც [მოგების] გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ აწყობს ქიბარ ხალვაშის ასეთი მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვება, როცა მისი თავისუფლების ხარისხი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი და მის გამარჯვებას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, ჩვენი შანსებიც იზრდება, რომ ის პირობა [ხალვაშსა და დამფუძნებელბს შორის] შესრულდეს და სწორედ ამიტომ გვგონია, რომ [რ2-ში] ეს პროცესები ხლისუფლების გარეშე არ ხდება. ჩვენ ამ თემას მივუბრუნდებით და გაცილებით უფრო აქტიურად გავაშუქებთ”, – თქვა დვალმა და დეტალების დაკონკრეტებისაგან, მისი აზრით, კონკრეტულად სად ფიგურირებს ხელისუფლების ხელი რ2-ზე მიმდინარე პროცესებში, თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი