საზოგადოებრივი მაუწყებელი © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

3.780 მილიონი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 9 ახალი გადაცემისთვის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს, 3 აპრილს, 9 ახალ გადაცემაზე, რომელიც ეთერში სექტემბრიდან უნდა გავიდეს, კონკურსი გამოაცხადა.

როგორც ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ახალი სეზონისთვის შესარჩევი კონკურსი პოლიტიკურ და საგამოძიებო პროგრამებზე არ გამოცხადდება. სამეურვეო საბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭირა მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ  2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, სექტემბრიდან კი ახალ სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.

უკვე ცნობილია იმ 12-კაციანი კომისიის ვინაობა, ვინც გადაცემებს შეარჩევს:

კომისიის წევრთა სია

კომისიას უხელმძღვანელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი – თამარ ბართაია, სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი – დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი – სოფო ბაბლუანი.

აგრეთვე, თეო მაზმიშვილი- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი.

რუსუდან მანჯგალაძე – სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი

კოტე ჯანდიერი – დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი

თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ბუხრაშვილი – ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი

რუსუდან ახვლედიანი- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი

თამარ კაციტაძე – ონლაინ მედიახელმძღვანელი

 

გამოქვეყნებულ სიაში ყველა პროგრამა 12 თვის ხანგრძლოვობით არის გაწერილი, საერთო ბიუჯეტი კი 3.780 მილიონი ლარია:

სოციალური ტოქ-შოუ. ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. კვირაში ერთხელ გავა ეთერში. დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობად 441 000 ლარი არის მითითებული.

კულტურის სიახლეების მიმოხილვა. ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა კვირაში ერთხელ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 504 000 ლარი.

კულტურულ-შემეცნებითი თემატიკის გადაცემა. ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა კვირაში ერთხელ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 315 000 ლარი.

შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემა. ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა კვირაში ერთხლ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა – 441 000 ლარი.

შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემა (სოფლის მეურნეობა) . ქრონომეტრაჟი – 30 წუთი. ეთერში გავა კვირაში ერთხელ.  დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 252 000 ლარი.

შემეცნებით-საგანმანათლებლო (ჯანსაღი ცხოვრება). ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა ყოველდღე.  დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 667 800 ლარი.

შემეცნებით-გასართობი (კულინარული შოუ). ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა კვირაში ერთხელ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 340 200 ლარი.

საბავშვო-შემეცნებითი გადაცემა. ქრონომეტრაჟი – 30 წუთი, ეთრში გავა კვირაში ორჯერ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 315 000 ლარი.

საბავშვო-ახალგაზრდული-შემეცნებითი გადაცემა. ქრონომეტრაჟი – ერთსაათიანი ზოლი. ეთერში გავა კვირაში ორჯერ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა – 504 000 ლარი.

როგორც მაუწყებლის ბორდის წევრმა, ქეთი მსხილაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, უცნობია, რა ელის სხვა გადაცემებს, მათ შორის, პოლიტიკურ პროგრამებს – “ვექტორს”, “ინტერVIEW”-ს და ა.შ.

“ამ კონკურსში რა გადაცემებიც გაიმარჯვებს, ისინი იქნება სექტემბრიდან, სხვა ჯერ-ჯერობით არაფერი არ ვიცი. ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვაწოდეს, და მე ვიცი, არის ის, რომ ამ გადაცემებზე გამოცხადდა კონკურსი და რომელიც გაიმარჯვებს, ის იქნება სექტემბრიდან… ზეპირი გადმოცემით ვიცი, რომ ამერიკის ხმის გადაცემა დარჩება იმიტომ, რომ იქ კაპიკი არ ეხარჯება ტელევიზიას, უხეშად რომ ვთქვათ. სხვა, რაც შეეხება “წითელ ზონას”, რაც შეეხება სალომე ასათიანის “ინტერVIEW”-ს, ეს არ ვიცი, დარჩება თუ არა. ყოველი შემთხვევისთვის, ზოგადი ინფორმაცია არის ის, რომ ამ კონკურსში გამარჯვებული გადაცემები, პლუს ამას საინფორმაციო ბლოკის გადაცემები, გავა ოქტომბრიდან, ანუ ახალი  სეზონიდან, ეთერში,”- განაცხადა ქეთი მსხილაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

საზოგადოებროვ მაუწყებელზე ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მაუწყებლის ბორდმა 2017 წლის 6 იანვარს გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ახალი მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, მაუწყებელზე მოამბის გარდა ყველა გადაცემა უნდა დახურულიყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი