ხელბორკილები

კლუბში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით დაცვის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინდოელი ტურისტების ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კლუბ “დოლზში” დაცვის თანამშრომელი იყო. მან ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის, 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს.

ბრალდებული კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად უცხოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგად, გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ტურისტის განცხადებით, სტრიპტიზ-კლუბ “დოლზში” ორი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ 3638 ლარი გადაახდევინეს. მისივე თქმით, ამის გარდა, 200 ლარი და 500 არაბული დირჰამი [332 ლარი] წაართვეს:

ლუდის შეკვეთიდან მალევე მიმტანმა შამპანური მოგვიტანა, რაზეც ვუთხარით, რომ ჩვენ არ შეგვიკვეთია. ამ დროს მეორე თანამშრომელი ტელეფონით ვიდეოს გვიღებდა. მაშინვე ანგარიში მოვითხოვეთ. ქვითარზე არსებული თანხა რომ გავაპროტესტეთ, თორმეტმა ადამიანმა შეგვიყვანა განცალკევებულ ოთახში და ჯიბეებიდან პირადი ნივთები ძალით ამოგვალაგებინა. ამას მოჰყვა მუქარა, ძალადობა და თანხის წართმევა. ”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი