camera-1125872_1280

როგორ შევარჩიოთ ციფრული ფოტოაპარატი – პოპულარული მოდელები საქართველოში და მსოფლიოში

სმარტფონების სამყაროში მძიმე და დიდი ფოტოკამერების ტარება, ერთი მხრივ, არაკომფორტულია და თუ მისი სწორად გამოყენება არ იცი, კამერის ათობით ღილაკიც დამაბნევლად გამოიყურება. თუმცა მაღალი ხარისხის, მაქსიმალურად რეალისტური გამოსახულებისა და გადაღებული ფოტოების დამუშავების მრავალი შესაძლებლობის გამო პროფესიონალები და მოყვარული ფოტოგრაფები ციფრული ფოტოაპარატების შესაძენად ათასობით დოლარსაც იხდიან.

რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე კამერას ვიყიდით?

Humans of Tbilisi-ის ავტორმა, ფოტოგრაფმა დემეტრე დათიაშვილმა თავისი პირველი ციფრული კამერა Sony H-50 2010 წელს იყიდა და მასში 700 ლარი გადაიხადა.

“ამ კამერით დავდიოდი და ვიღებდი ყველაფერს, რაც კი მხვდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად საინტერესო იყო კადრი. პატარა იყო და მოხერხებული, ამიტომ ყველგან დამქონდა. კომპაქტურობა სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი,” – ამბობს დემეტრე.

“სონისთან” ერთად, დროთა განმავლობაში ფოტოგრაფიით სერიოზულად დაინტერესდა და გადაწყვიტა, კამერა გაეუმჯობესებინა. შემდეგი მოდელი, რომელიც 900 ლარად იყიდა, Canon 400D იყო, 18-55 მმ. ლინზით. კამერა ყოველი ფოტოს გადაღების შემდეგ “შეცდომაზე” მიუთითებდა, ეკრანზე “Error” ჩნდებოდა და ითიშებოდა. ამის მიუხედავად თვლის, რომ სწორედ ამ პატარა, ტექნიკურად არც ისე დახვეწილი ფოტოაპარატებით გადაიღო ყველაზე კარგი კადრები და ისწავლა ფოტოგრაფია.

შემდეგ იყო ნახმარი Nikon D7000, რომელმაც Humans of Tbilisi-ს მისცა დასაბამი, ახლა კი უკვე სრულჩარჩოიანი Nikon D800-ით მუშაობს. დემეტრე ასევე აღნიშნავს, რომ მობილური ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად, პროფესიონალური კამერებით სიარული მოყვარულებისთვის სულ უფრო არაკომფორტული ხდება.

“ჩემთვის, როგორც ქუჩის ფოტოგრაფისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხარისხს. საერთოდ არ არის კომფორტული მძიმე, დიდი კამერით სიარული. ახლა დაახლოებით 6-კილოგრამიანი ჩანთით დავდივარ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც Nikon D800-ით მუშაობა მოსახერხებელია, არის ის, რომ მცირე განათების პირობებში შემიძლია გადაღება და აქვს განვითარებული შესაძლებლობები. კომერციას სჭირდება მაღალი ხარისხი. სხვა მხრივ, მიმაჩნია, რომ მთავარი მონდომება და სურვილია. თუ ზუსტად იცი, რატომ ყიდულობ და რა გაინტერესებს; თუ იცი, რომ ფოტოგრაფია მოგწონს, როგორც ხელოვნება, მაშინ შესაძლებელია დასაწყისში ნებისმიერი კამერით იმუშაო,” – ამბობს დემეტრე.

დათიაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ სად შეიძენთ კამერას. უმჯობესია, მიმართოთ ისეთ მაღაზიას, სადაც გარანტიის მიღება იქნება შესაძლებელი, ან გამოიწეროთ ონლაინ მაღაზიაში სანდო გადამყიდველისაგან.

(c) დემეტრე დათიაშვილი

(c) დემეტრე დათიაშვილი

კარგი კამერის შეძენა შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავადაც შესაძლებელია, თუ თავიდანვე სწორად განსაზღვრავთ, რატომ ყიდულობთ და რა დატვირთვით გეგმავთ მის გამოყენებას. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ ციფრული ფოტოკამერა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტად უნდა იცოდეთ ფოტოაპარატის დანიშნულება, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას: შესაძლოა, გსურთ ფოტოგრაფიის შესწავლა, დღესასწაულების ან უბრალოდ თქვენივე ყოველდღიურობის გადაღება, მოგზაურობის აღბეჭდვა – ყველა მათგანის კომპაქტურად ერთ კამერაში გაერთიანება არ იქნება რთული, თუ შემდეგ კამერას შესაბამის ლინზებს/ობიექტივებს დაამატებთ.

მიზნის გათვალისწინებით შესაძლებელია სწორად განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი, რომ ზუსტად დაგეგმოთ, დაახლოებით რამდენის გადახდა გიღირთ. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ DSLR (digital single-lens reflex/ციფრული ერთლინზიანი) კამერა იაფი სიამოვნება არ არის და საწყის ფასად 400-500$ უნდა განსაზღვროთ (ე.წ. პროფესიონალური კამერები 3000$-ზე მეტიც კი შეიძლება ღირდეს). ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ კამერის “ბოდის”, ანუ კორპუსის ფასს მოიცავდეს და არა ობიექტივის, მეხსიერების ბარათის, დამატებითი ბატარეის ან ჩანთის. ეს აქსესუარები ფოტოაპარატის განუყოფელი ნაწილია და მასში თანხის გადახდა მაინც მოგიწევთ.

რა უნდა ჰქონდეს კამერას?

ლინზები/ობიექტივები – კამერას, რომელსაც იყიდით, თან აუცილებლად მოჰყვება ერთი სტანდატრული ობიექტივი (Canon-ისა და Nikon-ის სტანდარტი 18-55 მმ.-იანი ლინზაა), თუმცა იმის მიხედვით, რის გადაღებას აპირებთ, შესაბამისი ლინზა დაგჭირდებათ (ზუმ-ლინზა, მიკრო-ლინზა და ა.შ). მათი ფასი კი კლასის მიხედვით იზრდება.

ბატარეა – ყველა მოდელს მოჰყვება ერთი ბატარეა, რომელიც განსაკუთრებით დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ, თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, ან ისეთ ადგილას ხვდებით, სადაც დენის წყარო ხელმისაწვდომი არ იქნება, დამატებითი ბატარეა დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს გადაღებისას ბატარეა უფრო მალე დაიცლება.

მეხსიერების SD ბარათი – ზოგიერთ მოდელს თან მოჰყვება მცირე ზომის ბარათები, თუმცა უმეტესად მისი დამატებით ყიდვა მოგიწევთ. უმჯობესია, მინიმუმ 16-გიგაბაიტიანი მოცულობით თუ შეიძენთ. განსაკუთრებით, თუ ვიდეოების გადაღებასაც გეგმავთ, კიდევ უფრო დიდი მოცულობა დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ ბარათის კლასიც.

კამერის ჩანთა – ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი ნივთია და კამერას სხვა ჩანთაშიც მოათავსებთ, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რამდენიმად ძვირიანი ნივთია თქვენი ციფრული კამერა და რამდენად სათუთია მისი ლინზები, რომლებიც შესაძლოა ადვილად გატყდეს ან დაიკაწროს, უმჯობესია, თუ შეიძენთ სპეციალურ ჩანთას. ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა ყიდვის დროს საჩუქრადაც გადმოგცეთ.

თუ თქვენ უკვე ფლობთ ციფრულ კამერას, ახალი კამერის შერჩევისას უნდა იფიქროთ, როგორ გამოიყენებთ ძველ ტექნიკას. თუ ის ერთი და იმავე მწარმოებელი კომპანიისაა, შესაძლებელია თქვენი ძველი ფოტოაპარატის ლინზები ახალ მოდელზეც მუშაობდეს.

ციფრული კამერების არჩევისას ასევე ნაკლებად რელევანტურია კითხვა მეგაპიქსელების შესახებ – “რამდენი მეგაპიქსელი აქვს? შორს იღებს?” – DLSR კამერები ყველა შემთხვევაში მაღალი ხარისხითა და გაფართოება/რეზოლუციით იღებენ. კამერის შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია ლინზებზე და იმაზე, თუ რამდენია მისი ზედაპირული გაფართოება. იმის მიხედვით, თუ რა ზომის ზედაპირის გადაღება შეუძლია – კამერა შესაძლოა იყოს “სრულჩარჩოიანი” (Full frame) ან “მცირეჩარჩოიანი” (Crop frame). კამერები სრული ჩარჩოთი ყოველთვის გაცილებით ძვირი ღირს და მასში თანხის გადახდა უმეტესად მხოლოდ პროფესიონალებს უღირთ.

ფასისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გთავაზობთ ციფრული ფოტოაპარატების რამდენიმე მოდელს, რომელიც ადვილი გამოსაყენებელი იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე, მოყვარული ფოტოგრაფებისათვის ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში – მათ შორის მოგზაურობისას, სპორტულ ღონისძიებებზე, დღესასწაულებზე და ა.შ.

81A8ybUvaRL._SL1500_ძირითადი მახასიათებლები: APS-C CMOS გაფართოება| 24.2 მეგაპიქსელი| ეკრანი: 3-ინჩიანი სენსორული/მგრძნობიარე ეკრანი| 5 კადრი/წამში| ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია: 1080p| განკუთვნილია მოყვარული ფოტოგრაფებისათვის| ფასი ამაზონზე: 549$

მკვეთრი ავტოფოკუსით, Wi-Fi-ით, NFC სისტემითა და სენსორული ეკრანით აღჭურვილი კამერა, რომელიც გაყიდვაში აპრილიდან გამოვიდა, ტექნიკის მოყვარულთა დადებით შეფასებას იმსახურებს. კამერა იღებს მაღალი ხარისხის გამოსახულებით მცირე განათების პირობებშიც. ერგება რამენიმე სახის ლინზა.

nikon D7200ძირითადი მახასიათებლები: APS-C CMOS გაფართოება| 24.2 მეგაპიქსელი| ავტოფოკუსი: 51-point AF| ეკრანი: 3.2 ინჩი| 6 კადრი/წამში| ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია: 1080p| განკუთვნილია საშუალო დონის ფოტოგრაფიისთვის| ფასი ამაზონზე: 808$

მომხმარებელთა შეფასებით, ნიკონის ეს მოდელი პროფესიონალურ კამერებს არ ჩამოუვარდება და მისი სენსორი მკვეთრ, თითქმის “ფულფრეიმთან” მიახლოებული ხარისხის ფოტოებს იღებს. აქვს დახვეწილი ავტოფოკუსი და 24-პიქსელიანი APS-C ფორმატის სენსორი.

nikon d3400ძირითადი მახასიათებლები: APS-C CMOS გაფართოება| 24.2MP მეგაპიქსელი| 3-ინჩიანი ეკრანი| 5 კადრი/წამში| ვიდეოს მაქსიმალური გაფართოება: 1080p | განკუთვნილია დამწყები ფოტოგრაფებისთვის| ფასი ამაზონზე: 496$

D3400-ის მოდელს აქვს SnapBridge ბლუთუზ კავშირი, რომელიც გადაღებული ფოტოების გაზიარებას უფრო მარტივს ხდის. აქვს საკმაოდ გამძლე ბატარეა, მკვეთრი ავტოფოკუსი და სხვა მსგავს მოდელებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასიც.

pentax-k-70ძირითადი მახასიათებლები: APS-C CMOS გაფართოება| 24.2 მეგაპიქსელი | 3-ინჩიანი ეკრანი| 6 კადრი/წამში| ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია: 1080p| განკუთვნილია მოყვარული ფოტოგრაფებისთვის| ფასი ამაზონზე: 646$.

Pentax-ის მოდელი K-70 წყალგამძლეა, არ იკარებს მტვერს და მწარმოებლების თქმით, ეს არის კამერა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მოგცემთ მუშაობის საშუალებას (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლინზებს არ ეხება). ფოტოაპარატს ასევე აქვს უნარი, შეამციროს რყევა გადაღებისას, ანუ თუ გადაღებისას ხელი გიკანკალებთ, სტაბილიზატორი კადრს მაქსიმალურად სტატიკურ მდგომარეობაში შეინარჩუნებს.

sony_ilce3000k_b_alpha_a3000_dslr_camera_1001000 ძირითადი მახასიათებლები: APS-C CMOS გაფართოება| 20.1MP მეგაპიქსელები| 2.4-ინჩიანი ეკრანი| 6 კადრი/წამში| ვიდეოს მაქსიმალური რეზოლუცია: 1080p | განკუთვნილია დამწყები ფოტოგრაფებისთვის| ფასი სონის ონლაინ მაღაზიაში: 600$

იმის მიუხედავად, რომ კამერას მცირე განათების პირობებში გადაღება საუკეთესო დონეზე არ შეუძლია, მაღალი ფოტო და ვიდეო ხარისხით გამოირჩევა. DLSR კამერების შექმნის პროცესში, სონის ერთ-ერთ წარმატებულ მცდელობად ითვლება.

საქართველოში ფოტოკამერების შეძენა თითქმის ყველა ტექნიკის ქსელშია შესაძლებელი. თუმცა უფრო ფართო არჩევანი აქვთ “ალტა-ოქეის” და “ზუმერის” ქსელებში. “ალტა-ოქეი” ქენონის პროდუქციის ლიცენზირებული შემომტანია. მათ ქსელში ამჟამად ყველაზე პოპულარული სწორედ ქენონის მოდელებია: Canon EOS 700D და Canon EOS 100D. ყველაზე მეტი რაოდენობით დღემდე Canon EOS 1200D გაიყიდა. კამერების შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ მაღაზიაში BE.GE. მათი მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მოდელი აქაც Canon EOS 1200D-ია. ამ მოდელის ფასი სხვადასხვა ქსელში დაახლოებით 1000 ლარია. ქართულ ბაზარზე ოფიციალური პარტნიორი არ ჰყავს კომპანია ნიკონს, თუმცა მათ პროდუქციას ტექნიკის მაღაზიებში შეხვდებით.

თუ გადაწყვეტთ, რომ უკვე ნახმარი კამერა შეიძინოთ, უნდა შეამოწმოთ მისი ე.წ. “გარბენი”, ანუ უკვე რამდენი კადრია გადაღებული. ამისათვის არსებობს ვებ-გვერდი, სადაც თითქმის ყველა მოდელის კამერის შემოწმებაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი