ახალი ამბები

რას გააკეთებს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში?

21 დეკემბერი, 2012 • 3010
რას გააკეთებს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში?

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, პარლამენტის სიითი უმრავლესობა საკმარისია იმისათვის, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანონ:

 

“როდესაც უკან ბრუნდება პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით რომელიმე კანონპროექტი, ჩვეულებრივ კანონს ჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, რომელიც აძლევს ხმას უკვე ამ შენიშვნებს, ან თუ შენიშნებს არ იზიარებს პარლამენტი, ისევ იმავე რედაქციას უყრის კენჭს, თუ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მას ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა.”

 

ორგანული კანონისა და კანონზე დადებული ვეტოს დაძლევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი. ამრიგად “ქართულ ოცნებას” 89 დეპუტატის ხმა ჭირდება, თუმცა მათ შემადგენლობაში დღეისათვის 83 წევრია.

 

“არის ერთი 6- კაციანი ფრაქცია, რომელიც არ მიეკუთვნება არც უმრავლესობას, არც უმცირესობას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინიც მხარს დაუჭერენ ამას, ეს უკვე არის 89. ახლა უმცირესობა კიდე ერთმა წევრმა დატოვა, რა პოზიციას დაიკავებს, მე არ ვიცი, შესაძლებელია მანაც დაუჭიროს მხარი ამას,” – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეფასება აბსოლუტურად უსამართლო და არასწორია:

“იზრდება ეგრეთ წოდებული რიგითი მოსამართლეების გავლენა და გავლენა, ზოგადად, მერე მოსამართლეთა კორპუსის შექმნაზე, კიდევ მთელი რიგი საკითხებია, რომლებმაც დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გააძლიეროს. ამიტომ ვთქვი მე, რომ აბსოლუტურად უსამართლო და არასწორი იყო ის შეფასება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა.”

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონისთვის ვეტოს დადებას ითვალისწინებს:

 

“თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი