ახალი ამბები

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში კარვით

3 აპრილი, 2017 • 5505
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში კარვით

ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სასტუმროს ჯავშანი, რომლის ჩვენებაც შესაძლოა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ან აეროპორტში მოგთხოვონ მესაზღვრეებმა, თუმცა ეს აღარ დაგჭირდებათ, თუ მგზავრობას კარვით აპირებთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ კარვით მოგზაურობის მოყვარულებმა რადმენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. მისი თქმით, მართალია, მათ სასტუმროს ჯავშანი (და, შესაბამისად, სასტუმროს თანხაც) აღარ დასჭირდებათ, მაგრამ ძალაში რჩება სხვა მოთხოვნები: ყოველდღიური თანხა საცხოვრებლად, ჯანმრთლეობის დაზღვევა, უკან დასაბურნებელი ბილეთი და ა.შ.

“პირველი, უნდა თან უნდა მიგვქონდეს კარავი ან დაჯავშნილი მაინც უნდა გვქონდეს ევროპაში, რადგან ზოგ ქვეყნაში შესაძლოა იქირავო, იგირავო ან იქვე იყიდო”, – ამბობს ნეტგაზეთთან ინგა კიკვაძე და დასძენს, რომ მოგზაურს სჭირდება იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ მას ნამდვილად ექნება კარავი ევროპაში: იქნება ეს საქართველოდან წაღებული, თუ იქ ნაქირავები ან ნაყიდი.

“გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მარშრუტი, სად მივდივართ, როგორ მივდივართ და, რაც მთავარია, სად გვაქვს  კარვის გაშლის უფლება და რამდენი ხნით. მესაზღვრე შეგვეკითხება იმას, თუ სად მივდივართ, სად უნდა გავჩერდეთ, უნდა იცოდეთ, სად გაქვთ კარვის გაშლის უფლება”.

მესაზღვრის კითხვაზე გაცემული არასწორი პასუხი შეიძლება თუ არა გახდეს იმის საფუძველი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყანაში შეშვებაზე უარი გვითხრან?

“რა თქმა უნდა, თუ გამოაცხადებ, რომ ეიფელის კოშკთან უნდა ვიცხოვრო ერთი კვირა კარვითო, ცხადია, მიხვდებიან, რომ ეს ასე არ არის და თან შიდა კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით რეგულირდება ის, თუ სად გვაქვს კარვით გაჩერების უფლება და სად – არა. აპრიორი თუ მივდივარ იმისთვის, რომ ეს კანონი დავარღვიო, რა თქმა უნდა, არ შეგიშვებს”, – ამბობს ნეტგაზეთთან ინგა კიკვაძე.

ევროპაში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით წესებსა და პასუხებს მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი