ახალი ამბები

დომეინს Rustavi2.com დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აკონტროლებენ

2 აპრილი, 2017 • 3599
დომეინს Rustavi2.com დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აკონტროლებენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დომეინს rustavi2.com დღეიდან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აკონტროლებენ. ვებსაიტზე შესვლისას მომხმარებლებს სისტემა ტელეკომპანიის  დამფუძნებლების ვებსაიტზე rustavi2.info  ამისამართებს.

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, დეფუძნების დროიდან დღემდე სწორედ ისინი იხდიდენ დომენის ფულს:

“ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ, რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ-რესურსით სარგებლობა.
არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.
დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე,” – აღნიშნულია ტელევიზიის დამფუძნებლების გავრცელებულ განცხადებაში.

“რუსთვი 2”-ში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებ-გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge:

“შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-ის 2 ვებ-გვერდი. დღეს საღამოს, გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2 – ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge,”-აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი