შოთა პაკელიანის მხარდამჭერი აქცია

ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებასთან შოთა პაკელიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

დღეს, 2 აპრილს ისანი-სამგორის მე-7 რაიონულ განყოფილებასთან შოთა პაკელიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრების აქცია მიმდინარეობს. აქციას “თეთრხი ხმაურიც მოძრაობაც” შეუერთდა.

პოლიციის შენობასთან სიტყვით გამოსვლისას შოთა პაკელიანის ოჯახის წევრებმა პოლიციელების დასჯა მოითხოვეს. მათი თქმით, შოთა კაპელიანი პოლიციელებმა ცემეს და აწამეს.

“ჩემმა ძმამ დაკავებამდე გადაყლაპა ნივთიერება. დაკავებისას მას არაფერი ჰქონდა. მოიყვანეს განყოფილებაში, გააშიშვლეს და აკეთებინეს ბუქნები. ძალიან მაგრად “დაამუშავეს”, ისე სცემეს, რომ ოთხი დღე კომაში იყო,” -ამბობს ნინო კაპელიანი.

“მოვითხოვთ სამსახური დაატოვებინონ დამნაშავე პოლიციელებს.  ასევე მოვითხოვთ იმას, რომ ამ ძალადობრივი მეთოდეიბს გამოყენება პოლიციის განნყოფილებებში შოთა კაპელიანის შემთხვევით დასრულდეს,” – ამბობს გიგა ბრეგვაძე, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი.

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ მან სხეულზე დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და მას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

ოჯახის ინფორმაციით, შოთა პაკელიანი  4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე, 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია. 

სს-ს ინფორმაციით, პაკელიანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 23 მარტს დააკავეს. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. თეთრი ხმაურის მოძრაობის ცნობით, განყოფილების შენობაში გადაყვანის შემდეგ, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება “ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ:

“ადგილზე მისულმა პაკელიანის მშობლებმა და მეგობრებმა, ძალადობისა და ღირსებაშემლახავი მოპყრობის კადრები მობილური ტელეფონებით აღბეჭდეს. მასალის დიდი ნაწილი პოლიციელებმა სწრაფადვე წაუშალეს, თუმცა გადარჩენილ ნაწილში ისმის დაკავებულის ყვირილი. მათი თქმით, რაც მოგვიანებით ბრალდებულის ჩვენებითაც დასტურდება, გარდაცვალების საფრთხის ქვეშ მყოფი შოთა პაკელიანი სასწრაფო დახმარების გამოძახებასა და კუჭის ამორეცხვის პროცედურების ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშომლები შოთას მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაყლაპვის ფაქტს თავად შეესწრნენ, მათ შოთას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული შესაძლებლობა არ მისცეს. პაკელიანის მძიმე ინტოქსიკაცია კი რამდენიმესაათიანი წამებისა და იძულების ფონზე ვითარდებოდა.”

შსს-ში კი აცხადებენ, რომ პაკელიანმა დაზიანებები გაქცევის მცდელობისას მიიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.” – აცხადებენ შსს-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.