თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოდიან © Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკს უსურიის ვეფხვს, 7 კენგურუსა და 6 ფაფრიან ცხვარს ჩუქნიან

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატება, მათ შორის ერთი უსურიის ვეფხვია, რომელსაც სახელს ბავშვები შეურჩევენ; წყალდიდობის შემდეგ ის იქნება პირველი ვეფხვი, რომელიც თბილისის ზოოპარკში დაიდებს ბინას.

ცხოველები, რომლებსაც თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკები საჩუქრად გადმოსცემენ:

1 უსურიის ვეფხვი – რიგის ზოოპარკი;

7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) – ლონდონის ზოოპარკი;

6 ფაფრიანი ცხვარი – ბენჰემის ზოოპარკი.

როგორც თბილისის ზოოპარკიდან გვაცნობეს, ცხოველები 3 აპრილს, ორშაბათს, გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოფრინდებიან. მათი ინფორმაციით, ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯებს „თიბისი სტატუსი“ ფარავს, რომლის ინიციატივითაც ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ.

თბილისის ზოოპარკის განცხადებით, ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია – საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება. რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინას დაიდებს უსურიის ვეფხვი – პირველი ვეფხვი წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება – უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის, ასე რომ, გაზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ვეგებებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და „თიბისი სტატუსს“ მხარდაჭერისთვის,“ – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოდიან © Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოდიან © Tbilisi Zoo

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები – დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები იქნებიან. ვოლიერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შენდება. მიმდინარე წელს ზოოპარკის ბიუჯეტში გათვალისწინებული 345 ათასი ლარით დამატებით კიდევ რამდენიმე ვოლიერი აშენდება.

როგორც თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელი აცხადებს, ამჟამად მზადდება ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა. შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის წარუდგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. მისი თქმით, ახალი ზოოპარკის მშენებლობის ვადები თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული: “ზოოპარკის დასრულებისთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აუცილებელი ფინანსების მოსაზიდად გრძელდება მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან.”

ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება; ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. ვიზიტორები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრების მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.