ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არჩევნები სომხეთში და კანდიდატი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს ადარებენ

1 აპრილი, 2017 • 6359
არჩევნები სომხეთში და კანდიდატი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს ადარებენ

ბიზნესმენისა და ქველმოქმედის გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური ბლოკი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ლიდერ პოზიციაზეა.

2017 წლის 2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები და ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რამდენადაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. მთლიანობაში არჩევნებში 9 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს.

Gallup International Association-ის სომხეთის წარმომადგენლობამ არჩევნებამდე სომხეთის რესპუბლიკაში გამოკითხვა ჩაატარა კითხვით, “თუ ამავე კვირას ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები  პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომელ პარტიას ან პარტიულ ბლოკს დაუჭერდით მხარს”. კვლევაში მონაწილეობა 1145-მა ადამიანმა მიიღო.

Gallup International Association-ის მონაცემებით, დღეს სომხეთში ორი წამყვანი ლიდერი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა – მმართველი “რესპუბლიკური პარტია” [22.8%] და ბლოკი “წარუკიანი” [26.4%], რომელსაც სათავეში მდიდარი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, გაგიკ წარუკიანი უდგას. 

თუმცა, ყველა გამოკითხვა რომ გვერდზე გადავდოთ, უკვე სრულიად ნათელია, რომ წარუკიანის ბლოკი რესპუბლიკური პარტიის სერიოზული კონკურენტია და პრეტენზია აქვს, პარლამენტში წამყვანი პოლიტიკური ბლოკი გახდეს. იმავეს ფიქრობს ბევრი პოლიტოლოგი სომხეთში.

“არსებულ სიტუაციაში ჩანს, რომ ბლოკი “წარუკიანი” წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდება. როდესაც ჩვენ პოლიტიკურ სივრცეს ვსწავლობთ, ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისი არსით ძალიან სუსტია, იდეოლოგიურად სუსტი. დღეს სომხეთში ფინანსური და კრიმინალური ბრძოლაა. რიგდება საყოველთაო საარჩევნო ქრთამი, პარალელურად იზრდება კრიმინალური შემთხვევები. როგორც იცით, რეგულარურად რეგისტრირდება ისეთი დანაშაული, როდესაც ერთი პარტიის კანდიდატი ან მხარდამჭერი იარღით ჭრის მეორეს, ემუქრება, ასევე, იარაღის გამოყენებით და ა.შ. –  ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების ექსპერტი არმენ ბადალიანი.

ბადალიანი მიიჩნევს, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო სომხეთში, სადაც ბევრს პურის ფული, სახლის რემონტის ფულის არ აქვს ან უბრალოდ სხვა სამომხმარებლო მოთხოვნილებები აქვს, წარუკიანის კანდიდატურა უფრო აინტერესებს.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, ის, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია ხალხს ინვესტიციებს და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთის ეკონომიკის განვითარებას პირდება, მოქალაქეები საკუთარ თავზე მოსალოდნელ სიკეთეებს ვერ ხედავენ, შესაბამისად,  ასეთ დროს, ცნობილი ქველმოქმედი წარუკიანი გადამრჩენელის რანგში გვევლინება და ხალხს პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას პირდება.

მაგალითად, ალინა გიუმრიდან გვიყვება, რომ “წარუკიანის” ფონდი მის ოჯახს და მის გარშემომყოფებს უკვე დაეხმარა:

“წარუკიანთან მისვლა რთულია, როდესაც ის შეხვედრებზე მიდის, ბევრი ცდილობს მასთან მისვლას, რაღაცის თხოვნას. გიუმრი სომხეთში ყველაზე ღატაკი ქალაქია. აქ ყველას ჭირდება დახმარება და წარუკიანის იმედი აქვს. ხელისუფლებისგან კი მხოლოდ დაპირებები გვესმის, არ შეიძლება ასე ცხოვრება”, – ამბობს ალინა.

წარუკიანის მხარდამჭერ მიტინგებსა და შეკრებებზე რეალურად ბევრი ხალხი მოდის. გიუმრში ერთ-ერთი შეხვედრის დროს უბედური შემთხვევაც მოხდა, როდესაც მამაკაცი ხალხის მასის გარღვევას და ქველმოქმედამდე მისვლას ცდილობდა. საბოლოოდ, მაინც ვერ მივიდა, რადგან მღელვარებისგან გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

გიუმრის გარდა წარუკიანის მხარდამჭერთა დიდ არმიას სომხეთის ყველა რეგიონში ვხვდებით.

“წარუკიანს იმდენი ფული და კავშირები აქვს, სომხეთისთვის რეალურად ბევრის გაკეთება შეუძლია. ჩემი აზრით, სწორედ ის გადაგვარჩენს სიღარიბისგან”, – ამბობს ერევანში მცხოვრები სუსანა ჰოვანნისიანი.

წინასაარჩევნოდ, 28 მარტს წარუკიანმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მისი ევროპელი პარტნიორები მზად არიან სომხეთში 15 აშშ მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ.

სომხური გაზეთის “ჟამანაკის” ინფორმაციით, ამ ფულის ინვესტირება წარუკიანს, მისი პარტნიორები, დუბაისა და ყატარის შეიხები შეპირდნენ. გაგიკ წარუკიანს ამ ქვეყნებში მათთან ერთობლივი მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს.

მმართველი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო დაპირება კი 5 მილიონიანი ინვესტიციაა.

61 წლის გაგიკ წარუკიანი 2003 წლიდან სომხეთის პარლამენტის დეპუტატი და პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარეა. ამავე დროს, სომხეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

იქამდე, გაგიკ წარუკიანი, 1989 წლიდან საწარმოო ბიზნესში საქმიანობდა. 1995 წელს დააფუძნა კომპანია “მულტი გრუპი” – მრავალმიმართულებიანი კონცერნი, რომელიც დღეს 30-ზე მეტი კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა, ლუდის ქარხანა “კოტაიკი”, ერევნის ქიმიურ-ფარმაცევტული ფირმა, ავეჯის მაღაზიათა ქსელი “მეკ”, ღვინისა და არაყის კომბინატი “არარატი”, ცემენტის ქარხანა “არარატი”, სააქციო საზოგადოება “ავიასერვისი”, ქვის საწარმოო კომპანია “მულტი სთოუნი”, კომპანია “მულტი რესტ ჰაუსი”, “მულტი სითი ჰაუსი”, “გლობალ მოტორსი” და ა.შ.

წარუკიანს ბიზნესი აქვს ბელარუსში, უკრაინასა და ლატვიაშიც. 2009 წელს ბულგარული მინერალური წყლის კომპანია “გორნა ბანია” [“Горна Баня”] იყიდა. აქვს სამი მინერალური წყლის კომპანია სოფიაში. ასევე, აქვს სასტუმრო “რიგა” რიგაში.

წარუკიანი სომხეთის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული. ამ მიზნით, მან 2003 წელს საქველმოქმედო ფონდი “გაგიკ წარუკიანი” დააარსა, თუმცა, ქველმოქმედი ქამდეც იყო. ამიტომაცაა დღეს ბევრი დარწმუნებული, რომ სწორედ წარუკიანი დაეხმარებათ.

“უნდა ითქვას, რომ წარუკიანი ამ მეთოდით მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც სომხეთში საკონსტუტუციო რეფორმა განიხილებოდა მწვავედ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე მწვავე პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდა, მოლოდინი გაჩნდა, რომ ხალხი სწორედ გაგი წარუკიანს აირჩევდა პრეზიდენტად. ამ მიმართულებით, თავად წარუკიანიც აქტიურ ნაბიჯებს დგამდა – მიტინგებს აწყობდა და ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

თუმცა, იმავე წლის [2015] თებერვალში, პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სიტყვით გამოვიდა თავისი, მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” წინაშე და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოთამაშე წარუკიანი სომხეთისთვის პრობლემა გახდა.

“პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობთ, დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი განვითარებისთვის მუხრუჭი ხდება. ეს ტრაგედიაა, და ამავე დროს სასაცილოა, რომ გაგიკ წარუკიანს დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს. რა თქმა უნდა, მის გარშემო შეკრებილ განათლებულ ხალხს გულის სიღრმეში ესმის, რომ მსგავსი პოლიტიკური ელიტის ნაწილად ყოფნა, რეალური საშიშროებაა”, – განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა და წარუკიანს “დოდი გაგო” უწოდა. წარუკიანს აქვს ზედმეტსახელი “დოდი”, რომელიც, როგორც ამბობენ, მან იმით დაიმსახურა, რომ განსაკუთრებით ჭკვიანი არ ყოფილა, თუმცა, თავად წარუკიანი ამბობს, რომ ეს ზედმეტსახელი დიდი [დოდ] ულუფებით ჭამის გამო შეარქვეს.

ორივე მხრიდან პოლიტიკური შეურაცხყოფის შემდეგ, 2015 წელს გაგიკ წარუკიანი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სარგსიანი და ის, მეგობრული ურთიერთობის აფიშირებით არაერთხელ გამოჩენილან კამერებთან. ეს აჩვენებდა იმას, რომ მათ შორის არსებული პრობლემები გადაჭრილი იყო.

გაგი წარუკიანი და სერჟ სარგსიანი; ფოტო: hetq.am

გაგიკ წარუკიანი და სერჟ სარგსიანი; ფოტო: hetq.am

პოლიტიკის ანალიტიკოსები სომხეთში მიიჩნევენ, რომ სარგსიანმა თავად სთხოვა წარუკიანს დაბრუნება, და ამით, სომხეთის მოქალაქეებს საშუალება არ მისცა ბრმად შეეყვარათ პრემიერ მინისტრი, კარენ კარაპეტიანი, რომელსაც ერთპიროვნულ ლიდერად გახდომა შეუძლია.

გაგიკ წარუკიანს, სომხეთში ბოლო დროს ხშირად ადარებენ საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ხელისუფლების შეცვლას მიაღწია და შემდეგ ისევ რუხ კარდინალად იქცა. ბევრი მიიჩნევს, რომ წარუკიანის მოყვანით, მმართველი ძალა რეალურ ოპოზიციას მოიშორებს თავიდან.

წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩაბმული კიდევ ერთი პოლიტიკური ბლოკი, რომლის ლიდერები მთიანი ყარაბათის ექს თავდაცვის მინისტრი სამევლ ბაბაიანი და  ყოფილი თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი და კიდევ ორი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი არიან, ბოლო დროს, ასევე პოპულარულია ამომრჩევლებში.

“ოფიციალურად მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ სეირან ოგანიანს დააპატიმრებენ. მისი სახელი ასევე დაკავშირებულია შეირაღებულ დაჯგუფება “სასნა ცრერთან”,  რომელიც 2016 წლის ზაფხულში ერევანში პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. ბლოკის რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზარდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტის შემდეგ, როდესაც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ეროვნულმა უსაფრთხოებამ სარაკეტო კომპლექსის შემოტანის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. აღნიშნულ საქმეზე სამველ ბაბაინიც დააკავეს. ოპოზიცია, რომელიც რეალურ სახელმწიფოებრივი ღირებულებებისთვის იბრძვის, ოგანიანის ბლოკს აირჩევს და მესამე ძალად მოვლენ პარლამენტში, – ამბობს პოლიტოლოგი ლევონ შირიანიანი.

არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. წინასაარჩევნო ბრძოლა მწვავე იყო – ამ დრომდე ათამდე  ადამიანია დაჭრილი პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე. ამ ხნის განმავლობაში აქტუალური იყო წინასაარჩევნო ქრთმების თემაც –  საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ინფორმირებულ მოქალქეთა კავშირმა” 114 ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც სკოლების ხელმძღვანელები ყვებიან, თუ როგორ ამუშავებდნენ მმართველი რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ და აშინებდნენ, რომ ხმა სწორედ მათთვის მიეცათ.

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი