31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. წაიკითხეთ ტრანსგენდერი ქალისა და კაცის ისტორია და გაეცანით იმ პრობლემებს, რომლებზეც, ტრანსგენდერი პირები ღიად საუბრობენ საქართველოში.

ბარტი ტრანსგენდერი კაცია. ახლა 44 წლისაა, როგორც ამბობს, ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა ოჯახში იწყება და დისკრიმინაციას ცხოვრების მანძილზეც მრავალჯერ აწყდებიან, თუმცა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ჯოჯოხეთია, ამიტომ ტრანსგენდერ ადამიანებს ამ დაბრკოლებების გადალახვა და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ:

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

“ნებისმიერ ჰეტეროსექსუალს რომ ჰკითხო, როდის აირჩია თავისი ორიენტაცია – ვერავინ გიპასუხებთ. მან იცის, რომ ასეთია. არჩევანის წინაშე არავინ გაყენებს, ეს შენგან მოდის, ასეთად იბადები. მე რაც არ უნდა ვეწვალო, ვერ შევცვლი ამას. შეიძლება რაღაც დროს მქონდა ასეთი სიტუაცია, რომ მშობლების გამო მყავდა პარტნიორი მამაკაცი, მაგრამ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, სხვის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთია. ძალადობა ოჯახიდან იწყება. მშობელს მოსწონს და იცის, რომ არსებობს კაცი და ქალი – გეუბნება, შენი სქესის შესაბამისად მოიქეციო და ფსიქოლოგიურად ძალადობს შენზე. ამასთანავე, სკოლაში ხარ ბულინგის მსხვერპლი, უნივერსიტეტში მიდიხარ, იქაც ბულინგის მსხვერპლი ხარ. ამთავრებ, სამსახურის დაწყებას ცდილობ და სოციალური პრობლემები გაქვს. არავის ვურჩევ ასეთ ცხოვრებას. არ მგონია ნორმალურმა ადამიანმა აირჩიოს ასეთი ცხოვრება. უბრალოდ, რადგან ადამიანი ასე ცხოვრობს, უნდა მიხვდე, რომ ის კი არ ირჩევს ამას – ეს მისი არსებობისთვისაა გარდაუვალი. თორემ, არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს, წყნარ გარემოში ცხოვრებას აირჩევდა, ” – ამბობს ბარტი.

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ბარტის აზრით, ქალ და კაც ტრანსგენდერებს იდენტური პრობლემები აქვთ, თუმცა ქალების შემთხვევაში მათი სიმწვავე უფრო თვალსაჩინოა. ბარტი ფიქრობს, რომ საქართველოში მასკულინური გარემოა, რაც კაცს პრივილეგირებულს ხდის. როცა ქალი ამბობს საკუთარ როლზე უარს, ეს საზოგადოებისთვის თითქოს ნაკლებად მიუღებელია. თუმცა, ბარტის აზრით, თუ კაცი ამბობს საკუთარ პრივილეგიებზე უარს – ეს აგრესიას იწვევს:

საქართველო მეტწილად მასკულინური ქვეყანაა. მამაკაცს აქვს ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ სამყაროს მბრძანებელია, რაც, ჩემი აზრით, არასწორი აღზრდის შედეგია. ფიქრობენ, რომ ქალი მისი ნივთია. ანალოგიურად, წარმოუდგენელია და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როცა ნებისმიერი გეი ან ტრანსგენდერი ქალი ამ უფლებებს ნებით თმობს და გადადის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე სქესის მხარეს – უხეშად რომ ვთქვათ. ეს თითქოს მათთვის მისაღებია, ქალს რომ უნდოდეს კაცი გახდეს.

ამასთანავე, გეებზეცაა აგრესია – რატომ ექვემდებარება ვინმეს სექსუალური თვალსაზრისით და ტრანსგენდერ ქალებზე იმიტომ არის, რომ ჩემი აზრით, კაცისთვის სირცხვილად მიიჩნევა კაბის ჩაცმა. იმას არავინ უყურებს, რომ ეს ადამიანი ასეთად იბადება. იმას არავინ უყურებს, რომ მან საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს,” – ამბობს ბარტი.

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ყველა სოციალური ჯგუფისთვის დასაქმების პრობლემაა აქტუალური, ტრანსგენდერების შემთხვევაშიც სწორედ ეს საკითხია ერთ-ერთი საკვანძო. როგორც ამბობს, ხშირად, იმის გამო, რომ სოციუმისთვის მისი გენდერი საბუთებში მითითებულისგან განსხვავდება, ტრანსგენდერი ადამიანები კვალიფიკაციის მიუხედავად, უსამსახუროდ სწორედ ამ მიზეზით რჩებიან:

ტრანსგენდერი კაცების შემთხვევაშიც დიდი პრობლემები არსებობს. თუნდაც, დასაქმების თვალსაზრისით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე მაგალითად შემიძლია წავიდე და თუნდაც მშენებლობაზე ვიმუშაო, იქ, სადაც საბუთს არავინ არ მთხოვს, შედარებით ნაკლებად. თუმცა, როგორ წარმოგიდგენიათ მე რომ დამსაქმებელთან მივიდე და ჩემი საბუთები ნახონ… “უი, უი, ქალია”…” – ამბობს ბარტი. 

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ბარტი, 44 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელა 24 წლისაა, ის ტრანსგენდერი ქალია. 17 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება მოუხდა, რადგან ოჯახმა მისი იდენტობა ვერ მიიღო. მას შემდეგ მშობლებთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. როგორც ამბობს, ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ძალიან რთული იყო, მაგრამ დაბრკოლებების გადალახვა შეძლო, უმაღლესი განათლებაც მიიღო, მაგრამ ამჟამადაც უმუშევარია.

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელას ოჯახის წევრებიდან კონტაქტი მხოლოდ ძმებთან აქვთ. ისინი მშობლების მსგავსად არ ფიქრობენ, თუმცა მათ აზრს ანგარიშს უწევენ:

მიუხედავად იმისა, რომ მე ოჯახიდან ფინანსური სიდუხჭირის გამო არ წამოვსულვარ, უბრალოდ როცა ვიგრძენი რომ მე აღარ შემეძლო ასე ჩაკეტილად და დაფარულად ცხოვრება, მივხვდი, რომ უნდა ავდგე და წავიდე. ეს მოხდა დაახლოებით 17 წლის ასაკში. სრულიად თავიდან დავიწყე ცხოვრება. გავწყვიტე ოჯახთან კონტაქტი. მე მათ ვუთხარი – ასეთი ვარ და თუ გინდათ მიმიღეთ, თუ არადა, მაშინ მე ვიქნები მარტო. დაბრკოლებები თავიდან ძალიან ბევრი შემხვდა, ახლაც ბევრია. თუნდაც ოჯახის მონატრება. ურთიერთობა მხოლოდ ძმებთან შევინარჩუნე მათთან მაქვს კონტაქტი – მათ არ აქვთ იგივე მოსაზრება, რაც ჩემს მშობლებს. დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი წლები საშინელება იყო, თუმცა, როგორღაც გავართვი თავი” – ამბობს გაბრიელა.

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც გვიყვება, დისკრიმინაციის არაერთი შემთხვევა მის მიმართაც განხორციელებულა. თუმცა, ფიქრობს, რომ ბოლო წლებში ცნობიერება ცოტა გაიზარდა და ტრანსგენდერებიც უფრო ხილვადი გახდნენ:

აგრესიას ბევრი რამე უწყობს ხელს. მე ვფიქრობ, ბოლო პერიოდში შედარებით ხილვადობა გაიზარდა, თუმცა დისკრიმინაციის ფაქტებს მაინც აქვს ადგილი. არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან, სამართალდამცავი უწყებების მხრიდანაც. თუნდაც, ბანკში რომ შეხვალ, იქაც ხდება ეს დისკრიმინაციის ფაქტები, მაგრამ რეაგირება არაა, თუ ძალიან არ იბრძოლე.  ტრანსები არ ვართ საქართველოში ძალიან ბევრი, რომლებიც დღეც და ღამეც ასე გამოვიყურებით. უმეტესად, თავს იკავებენ აგრესიისა და ოჯახის გამო. ზოგჯერ, ოჯახმა არ იცის, რომ არის ტრანსგენდერი. მე მაგალითად არ მაქვს ოჯახთან არანაირი კონტაქტი, არანაირი ურთიერთობა. მე მითხრა ჩვეულებრივად დედაჩემმა და ჩემმა ოჯახმა, რომ თუ შენ თავს გადაიპარსავ და როგორც გეი ისე ჩამოხვალ და იცხოვრებ არაა პრობლემაო, მაგრამ მე უარი ვუთხარი. გეების მიმართაცაა აგრესია, თუმცა თუ შესამჩნევია. ჩვენ უბრალოდ უფრო ხილვადები ვართ და უფრო გვამჩნევს ხალხი. დისკრიმინაციის შემთხვევა მეც არაერთი მქონია. ერთ-ერთი იყო, როდესაც ტაქსის მძღოლი გავაჩერეთ მე და ჩემმა ადვოკატმა, მანქანაში არ ჩაგვსვა. დაახლოებით 4 თვის უკან საცხობში ვიყავი, მეგობრისთვის ხაჭაპურის ყიდვა მინდოდა და არ მომყიდეს” – ამბობს გაბრიელა.

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

იმისათვის, რომ ცხოვრება სრულფასოვნად შეძლონ, გაბრიელა ფიქრობს, რომ ტრანსგენდერ ქალებს დასაქმება უნდა შეეძლოთ. რაც მისი აზრით, ტრანსფობიის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება:

არ გღებულობენ სამსახურში იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ხარ. იმის გამო რომ ქალის სამოსი გაცვია და პირადობაში სხვა სქესი გაქვს მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება გაქვს. მთავარი მათთვის ისაა, რომ ტრანსგენდერი ხარ და სადაც შეიძლება დაგასაქმონ მომხმარებლების მხრიდან აგრესიას ჰქონდეს ადგილი. მეც მაქვს თეატრალური დამთავრებული, ახლა მინდა იურიდიულზე ჩავაბარო, მაგრამ შეიძლება უმაღლესი განათლება არ გქონდეს და სიტყვაზე, ბანკში მუშაობაზეც არ გქონდეს ამბიცია, თუმცა ელემენტარულად, მომსახურების სფეროში მიმტანად ან მსგავს პოზიციაზე უნდა ჰქონდეს ტრანსგენდერს იმის საშუალება, რომ იმუშაოს და არ მოუხდეს სექს მუშაკად მუშაობა, ქუჩაში დგომა და ათასი ძალადობის გადატანა. ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ვფიქრობ ხალხიც ჩვეულებრივ შეეგუება ამას” – ამბობს გაბრიელა.

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელა 24 წლის 30.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკვლელობათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა 2017 წელსაც მოხდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

2014 წლის 10 ნოემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი. საბი ბერიანის მკვლელობის შემდეგ, 2016 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა.  ტრანსგენდერ ქალს, ზიზი შეყილაძეს 2016 წლის 16 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, იგი კომაში იმყოფებოდა და 23 ნოემბერს გარდაიცვალა.


თეგები: |