ახალი ამბები

სასამართლოში აცხადებენ, რომ მერაბიშვილისა და გვარამიას მოსმენის ნებართვა არ გაუციათ

20 დეკემბერი, 2012 • 1087
სასამართლოში აცხადებენ, რომ მერაბიშვილისა და გვარამიას მოსმენის ნებართვა არ გაუციათ
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ გუშინ პირველად გამოქვეყნდა ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ფარულ მოსმენებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სასამართლოს ნებართვით ახორციელებდა.
 
 
საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე გუშინ, გვიან ღამით აიტვირთა ფარული სატელეფონო საუბრების ოთხი ჩანაწერი. პირველ ჩანაწერში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესაუბრება შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელს გიორგი ნემსიწვერიძეს, მეორე ჩანაწერში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ესაუბრება „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“-ის დამფუძნებელს კახა დამენიას, მესამე ჩანაწერში ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესაუბრება კომპანია “თელასის” გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს, ხოლო მეოთხე ჩანაწერში ვანო მერაბიშვილი – ნიკა გვარამიას.
 
 
საგამოძიებო სამსახურმა გუშინვე გამოაქვეყნა ვებგვერდზე სასამართლო ნებართვები, რომელიც ნებას რთავდა საგამოძიებო უწყებას, მოესმინა კახა დამენიასა და გიორგი ნემსიწვერიძის საუბრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრამდე. 
 
 
რატომ არის ხელმიუწვდომელი სხვა პირთა მოსმენის შესახებ ნებართვები, რომელთა სატელეფონო საუბრები საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა? – ამ კითხვაზე საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” დღეს დილით ასე უპასუხეს:
 
 
“საგამოძიებო უწყებას ყველაზე აქვს სასამართლო ნებართვა, უბრალოდ, ტექნიკურად ვერ მოესწრო ამის გამოქვეყნება. აბსოლუტურად ყველაზეა ნებართვა. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. არ არსებობს, რომ კანონი დავარღვიოთ”.
 
 
სატელეფონო საუბრების მოსმენის კანონიერებას დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ამტკიცებდა: “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა მოსმენა ხორციელდებოდა სასამართლოს ნებართვით და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთი უკანონო მოსმენა არ იქნება. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გამოქვეყნდა და მხოლოდ ამ მხრივ იქნება, გასაგებია, რომ ასეთი საჭიროება გამოძიებისათვის ხშირად არსებობს”.
 
მერაბიშვილის, გვარამიას, ხეთაგურისა და კანდელაკის სატელეფონო მოსმენებისთვის სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი