აღსარება წერილობით – ბავშვების ინდოქტრინაცია სკოლაში

  • “მე ვიცი ღმერთზე ყველაფერი. ღმერთს ყველაფერი ჰქონდა ცაში. მერე ჩვენ რომ აქ გვეცხოვრა, ის ყველაფერი ქვემოთ ჩამოიტანა. ძროხას რო დაკლავს ადამიანი და ცომისგან პურს გააკეთებს და მერე შეჭამს, ეს არის სიცოცხლე”.
  • “ზიარების დროს ეკლესიაში გაჭმევენ, გასმევენ და გამოგიშვებენ.”
  • “ეკლესიაში გასმევენ ღმერთის ლუდს.”
  • “თან მღვდლები ამბობენ ლოცვებს სიმღერასავით.”
  • “ზიარების მერე ღმერთი ყველაფერს გვპატიობს.”
  • “ასე უნდა გადაიჯვარედინო ხელები და გაჭმევენ ღვინოში დამბალ პურს. რატომ უნდა მქონდეს ასე ხელები, არ ვიცი.”
  • “ხელები გადაჯვარედინებული იმიტომ უნდა გქონდეს, რომ რასაც გაჭმევენ, გულზე არ დაგეწუწოს.”

ამ სიტყვებით გამოხატეს სკოლა-პანსიონ “მთიების” დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები ზიარებისა და ეკლესიაში სტუმრობის შემდეგ. ეს ინფორმაცია სკოლა-პანსიონის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მთიების” ერთერთი მოსწავლის მშობელი, რომლის სახელსაც მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვამჟღავნებთ, გვიყვება, რომ სკოლის მოსწავლეების მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარულსა და საეკლესიო რიტუალებში ჩართულობას სისტემატიური ხასიათი აქვს.

მშობლის თქმით, მარხვის პერიოდში – ოთხშაბათსა და პარასკევს მოსწავლეები ეკლესიაში დაჰყავდათ ზიარებისთვის. ორჯერ კი ისეც მოხდა, რომ კლასში მასობრივად დააწერინეს ანონიმური აღსარებები ფურცლებზე იმ პირობით, რომ მღვდელი მათ აზიარებდა.

ბავშვები ეკლესიაში. 29.08.2017 credits: სანკტ-პეტერბურგის თეოლოგიური აკადემია

ბავშვები ეკლესიაში. 29.08.2017 credits: სანკტ-პეტერბურგის თეოლოგიური აკადემია

სკოლა დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს და მოსწავლეები იქ დაჰყავთ. მშობელი ამბობს, რომ მან თავის შვილს უთხრა, თუ არ უნდოდა, არ წასულიყო.

“მაგრამ ჩემს სურვილზე არაა. სხვადასხვა კულტურისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ოჯახებზე ვსაუბრობთ, რომლებზეც არ ვიცით ბავშვის აღზრდის როგორი კულტურა აქვთ. აქტივობას ბავშვი რომ გამოეთიშოს, ბულინგის მსხვერპლი ხდება: “შენ ღმერთის არ გწამს”, “შენ ჯოჯოხეთში მოხვდები” და “შენ ჯვარი არ გიკეთია”, – ამბობს მშობელი.

მშობელი ამბობს, რომ მას სახარების ან რწმენის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა არ უნდა, რომ მისი შვილი საეკლესიო რიტუალებში გაუცნობიერებლად იყოს ჩართული.

“მე არ მინდა, ჩემი შვილი ამას ბრმად აკეთებდეს. რწმენაში ცუდი არაფერია. ყველას ინდივიდუალური დამოკიდებულებები გვაქვს, მაგრამ ისეთი ფორმით მოწოდება, რომ თუ ეზიარები სამოთხეში მოხვდები და ცოდვებს მოინანიებ, ამახინჯებს ბავშვების ფსიქიკას”, – ამბობს მშობელი.

მშობლის აზრით, ის, რომ ბავშვს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ჩართულია ამ აქტივობებში არაა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ქმედება გაამართლო, რადგან მას ამ ეტაპზე შეიძლება არ ჰქონდეს ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნება.

სკოლა მთიები

სკოლა მთიები

მშობელმა მოგვითხრო ისიც, რომ საჯარო სკოლებშიც არაა დიდად განსხვავებული მდგომარეობა და იქაც მიმდინარეობს მოზარდების ინდოქტრინაცია. მაგალითად, 2014 წლის 17 მაისს, როდესაც მრევლი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდა, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაარიგეს მოწოდებები, რომ მოსწავლეები აქციაზე მისულიყვნენ და დამრიგებელმა ისიც უთხრა მათ, რომ თავად იქ იქნებოდა.

“მთიები” კერძო სკოლა-პანსიონია და საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, მას სხვაგვარი რეგულაციები ეხება. რა უნდა მოხდეს ამ შემთხევვაში? ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ სკოლებში არ მიმდინარეობდეს რელიგიური ინდოქტრინაცია?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ კანონის მიხედვით, კერძო სკოლებში განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეგულირება გულისხმობს მხოლოდ სკოლების აკრედიტაციის მინიჭებას, რაც ნიშნავს, რომ მათი სასკოლო პროგრამის და მათი ინფრასტრუქტურის შესწავლას და შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება, სხვა ბერკეტი სამინისტროს არ აქვს.

“ნეტგაზეთი” სკოლის ადმინისტრაციასთან ტელეფონით დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მოუცლელობის გამო – სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

“მთიების” ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვერც ადგილზე მისვლის შემდეგ შევხვდით და დაგვპირდნენ, რომ ტელეფონით თავად დაგვიკავშირდებიან. გვაინტერესებდა რა მიზნებს ემსახურება საეკლესიო რიტუალებში მოსწავლეების მონაწილეობა და რა საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს მათ და ხომ არ ჯობდა შედარებით ნეიტრალური ხასიათის აქტივობები დაეგეგმათ, რომელსაც შეხება არ ექნებოდა აღმსარებლობასთან? თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

თემიდა. ფოტო: თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური მიუკერძოებლობის დაცვა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ კუთხით სახელდება სკოლებში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების სკოლებში მიწვევა, რელიგიურ ნივთების სკოლებში განთავსება, გაყიდვა და საპატრიარქოს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა
“კანონი კრძალავს სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას და მიუთითებს, რომ სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის  შემწყნარებლობისა  და  ურთიერთპატივისცემის  დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან  შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი    რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო  პირებს სკოლებში იწვევენ, მოსწავლეებს ლოცავენ, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი  რელიგიის უპირატესობას  უსვამენ  ხაზს, აკნინებენ  უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს,  არის  ინდოქტრინაციის  შემთხვევები.

რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებული ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო  მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური  სიმბოლოების არააკადემიური  მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად,  საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა,  როგორც  წესი,  არ  არის  დაცული…ამ  მიმართულებით  არც  სახელმწიფოს  პოლიტიკაა    თანმიმდევრული,  სტრატეგიულად  და  ტაქტიკურად  კარგად  გააზრებული.  ერთეული  შემთხვევების  გარდა,  არ  ჩანს  კანონის  აღსრულების   მიმართულებით   კონკრეტული   ნაბიჯების   გადადგმისა   და   დარღვევებზე რეაგირების  პოლიტიკური  ნება”, – წერია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.

რელიგიური ნეიტრალიტეტის დაუცველობაზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის 2014 წელს ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ არამარტო სკოლის მასწავლებლების, არამედ ისტორიის სახელმძღვანელოც მიკერძოებულია და ქართველობისა და ქრისტიანობის გაიგივება ხდება. ორგანიზაციის მიერ 2014-2016 წლებში მოგროვებული შემთხვევები მიუთითებს, რომ არაერთ სკოლაში ფიქსირდება დომინანტური რელიგიური ჯგუფის კონკრეტული სახით ჩართულობა სასკოლო პროცესში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com