ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს

31 მარტი, 2017 • 5163
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომისიას უხელმძღვანელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი – თამარ ბართაია, სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი – დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი – სოფო ბაბლუანი.

აგრეთვე, თეო მაზმიშვილი- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი.

რუსუდან მანჯგალაძე – სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი

კოტე ჯანდიერი – დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი

თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ბუხრაშვილი – ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი

რუსუდან ახვლედიანი- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი

თამარ კაციტაძე – ონლაინ მედია ხელმძღვანელი

კომისიამ პირველი შეხვედრა დღეს გამართა. როგორც საზოგადოებრივს მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის ხელმძღვანელმა თინათინ ბერძენიშვილი განაცხადა, კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდება.

“წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე მიმართულება, შევარჩევთ ცხრა გადაცემას ამ მიმართულებებში. კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეები წარმოადგენენ გადაცემათა ანოტაციას და ყველა საჭირო მასალას, რომელიც აიტვირთება ვებ-გვერდზე 1tv.ge. მეორე ეტაპზე იქნება პრეზენტაცია, გასაუბრება, ხოლო მესამე ეტაპი ითვალისწინებს გადაცემის პილოტის წარმოდგენას. დღეს გვაქვს ჟიურის პირველი შეკრება. კომისია დაკომპლექტებულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიონალი კადრებით, ასევე მოწვეული ექსპერტებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონკურსი ძალიან კომპლექსური იქნება”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ე.წ. პილოტების ჩაბარებისთვის 20 დღიანი ვადაა დაწესებული, ხოლო საუკეთესო გადაცემების დაახლოებით ივნისის თვისთვის შეირჩევა, ეთერში კი სექტემბრიდან გავა.

“ვფიქრობთ, რომ ივნისისთვის შევარჩევთ უკვე საუკეთესო გადაცემებს, რომელსაც მაყურებელი სექტემბრიდან იხილავს ეთერში. დღეს ვისაუბრეთ მიმართულებებზე, შეფასების კრიტერიუმებზე, ყველა იმ წესსა და რეგულაციებზე, რომელიც ჟიურიმ ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში უნდა გაიაროს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი