ახალი ამბები

სანიკიძე: გუშინდელი დღე იყო ციური მანანა ‘ნაც. მოძრაობისთვის’

20 დეკემბერი, 2012 • 1561
სანიკიძე: გუშინდელი დღე იყო ციური მანანა ‘ნაც. მოძრაობისთვის’

“რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” გამოიყენებს ამას და ბუნებრივიც არის ეს იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის დღეს “ნაციონალური მოძრაობა”… ამიტომ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება არის “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხელსაყრელი”.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის ქუთაისში ჩამოსვლა პროვოკაციული ხასიათის იყო:

 

“საქმეს ართულებს ის, რომ ის გამძვინვარება, რაც მოსახლეობაშია სააკაშვილის მიმართ, არ არის ჩვენი ხალხის ბრალი, ესაა სააკაშვილის ბრალი. სააკაშვილმა თავისი უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული პოლიტიკით გამძვინვარებული ხალხი მიიღო. რა თქმა უნდა, მისი ჩამოსვლა გუშინ იყო პროვოკაციული ხასიათის ქუთაისში. თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ გუშინ მივიღეთ ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სამთავრობო დაცვის სისტემა დაემორჩილოს მთავრობას და სააკაშვილს უნდოდა გამოჩენილიყო, რომ, აი, როგორ მჭირდება მე დაცვა. აი, მე მართთმევენ დაცვას. სააკაშვილი ახლა თამაშობს მარტვილის როლს, წამებულის როლს. როგორ ჩაგრავენ ამ დემოკრატიის მამას. სააკაშვილი დაბადებით პროვოკატორია.”

 

გუბაზ სანიკიძემ ასევე დასავლეთის რეაქციაზე ისაუბრა და მოსახლეობას გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდა:

 

“ძალიან არ იქნება სასიამოვნო, თუ დასავლეთში ჩვენი ხელისუფლების შესახებ შეიქმნება ისეთი სტერეოტიპი, რომ ჩვენ დემოკრატიას ვებრძვით, პოლიტიკურ ოპონენტებს ვჩაგრავთ, ვზღუდავთ, მით უმეტეს, რომ ამაზე მთელი “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს ძალიან სერიოზულად დასავლეთში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ჰაერი ისე ჭირდება ქართულ სახელმწიფოს დასავლეთის მხარდაჭერა და ასევე, ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას დასავლეთში დემოკრატიული ხელისუფლების სახელი, ეს არის აუცილებელი, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და მე მინდა ყველა გაგებით მოეკიდოს ამას.”

 

გუბაზ სანიკიძემ ასევე ისაუბრა ინციდენტში მისი შტაბის წევრების მონაწილეობის საკითხზე:

 

“გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოს გუშინდელ ფაქტში მონაწილეობას ქუთაისის შტაბის უფროსი იღებდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ არავითარი შტაბი აღარ არსებობს. ყოფილი შტაბის უფროსი ზაზა მეთაფლიშვილი კი უკვე კარგა ხანია ქუთაისში არ იმყოფება. ჩემი ინფორმაციით, გუშინდელი ფაქტი სტიქიური მოვლენა იყო. იქ ჩვენი მომხრეებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ არა ჩვენი დავალებით. ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ არა ასეთი ფორმით. მე პირადად მკაცრად ვგმობ იმას, რაც გუშინ მოხდა.”

 

სანიკიძემ დაადასტურა, რომ შემთთხვევის ადგილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იმყოფებოდნენ:

 

“რამდენადაც ვიცი, კახი დვალიშვილი და ფიქრია სანიკიძე იქ იყვნენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კახი დვალიშვილმა გიორგი თევდორაძე გამოიყვანა იმ სიტუაციიდან და მიეხმარა მას, რომ ტრანსპორტში ჩამჯდარიყო და გაცლოდა იქაურობას. მე ეს თვითონ გიორგი თევდორაძისგან ვიცი. ასე რომ, კახი დვალიშვილის იქ ყოფნამ და სხვებისაც, ალბათ, როგორც ჩანს, გარკვეულწილად განმუხტა სიტუაცია. “

 

მისივე თქმით, სასიამოვნო სათქმელი არ არის, მაგრამ აუცილებელია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც დაისაჯონ, თუკი გამოძიება ინციდენტში მათ ბრალეულობას დაადგენსს:

 

“ვისაც აქვს კანონი დარღვეული, მე მომხრე ვარ, ეს არ არის ჩემთვის სასიამოვნო გასააზრებელი და სათქმელიც, მაგრამ აუცილებელი არის, რომ კანონის წინაშე ჩემიანი და შენიანი არ უნდა იყოს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, იმან პასუხი უნდა აგოს. საკმაოდ ბევრი კადრები არის გადაღებული, საკმაოდ ბევრი მასალა არსებობს, არაფერი დამალული არ არის. ამიტომ ჩემი თხოვნაც არის და მიმართვაც არის. გუშინ  პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან პრინციპული განცხადება გააკეთა, პრემიერ მინისტრმაც ძალიან პრინციპული განცხადება გააკეთა და მე ვუერთდები ამ პოზიციას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. როგორც მოქალაქეს, არ აქვს უფლება შეურაცხყოს დეპუტატი, ასევე დეპუტატს არ აქვს უფლება, მოქალაქე შეურაცხყოს, ამიტომ გამოძიება ცალმხრივი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს სრული მოცულობით ჩატარებული გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ საკითხში გაერკვევიან. მე ისევ ვადასტურებ, მე მზადა ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან”.

 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე უმცირესობის განცხადებასაც გამოეხმაურა პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით:

 

“მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, პოლიციელები იქ ჩაერიენ საკმაოდ ენერგიულად, მაგრამ თუ რაიმე ეჭვი არსებობს, ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს გამოძიება. გაკეთდა ეს ზარი, არ გაკეთდა ეს ზარი, ამ ზარის შემდეგ მოვიდა პოლიცია, არ მოვიდა პოლიცია – ეს არის გამოძიების საქმე. იმიტომ, რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა ძალიან სერიოზულად განმუხტეს იქ ვითარება”.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 დეკემბერს,  ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.

 

მოგვიანებით ინციდენტის მონაწილე  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ  პოლიციის აქტიურობას შემთხვევის განეიტრალება შეეძლო:

 

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. როდესაც პრეზიდენტის დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გააკეთა ზარი იმერეთის სამხარეო პოლიციის მიმართულებით, რომ ისინი ჩართულიყვნენ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, მიიღეს პასუხი, რომ პოლიცია პრეზიდენტის დაცვის ღონისძიებებში არ ერთვება. ჩემთვის ეს იყო მაშოკირებელი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი