ახალი ამბებისამართალი

სასამართლოს განმარტება დემპინგსა და “თბილისის თამბაქოს” საქმეზე

31 მარტი, 2017 • 2481
სასამართლოს განმარტება დემპინგსა და “თბილისის თამბაქოს” საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო  განმარტებას აკეთებს სს ”თბილისის თამბაქოსა” და  მოპასუხეების –  შპს ფილიპ მორის საქართველო,  სს ფილიპ მორის ეს. ეი-ს საქმეზე.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაირღვა „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნები,  “რაც განპირობებულია არა ერთი რომელიმე ცალკე აღებული მტკიცებულებით, არამედ არსებულ ყველა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად”.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში უკავია დომინირებული მდგომარეობა.

“რაც შეეხება დემპინგის კანონმდებლობის არ არსებობას, სასამართლო განმარტავს, რომ დემპინგი წარმოადგენს საერთაშორისო ტერმინს, რომელიც თარგმნისას გულისხმობს კონკურენტების განდევნის მიზნით, საქონლის, მომსახურების გაყიდვა/შეთავაზებას ხელოვნურად შემცირებული ფასებით.

„კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“  მე-6-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ კრძალავს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების დადგენას, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს დემპინგური ანუ არასამართლიანი, ხელოვნურად შემცირებული ფასების მცნებას და ამგვარი ქმედების განხორციელებისათვის აწესებს სათანადო პასუხისმგებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ‘’თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი“ არ შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც მისი ნორმების გამოყენება აკრძალულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული დავის გადაწყვეტისას”, – აცხადებს სასამართლო.

სასამართლოს განმარტებით, ზიანის მოცულობის განსაზღვრისას, მათ შორის იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არამარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

“სასამართლო მოუწოდებს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ უსაფუძვლო და გადამეტებული კრიტიკისაგან, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში და დიდი ალბათობით გასაჩივრდება ორივე ინსტანციაში. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ემსახურება ერთ-ერთი მხარის სასურველი განწყობის შექმნას, ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებზე ზეწოლის მიზნით”, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საქმე სასამართლოში 2016 წლის 29 თებერვალს შევიდა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2017 წლის 10 თებერვალს. სასამართლოს ცნობით, მოცემულ საქმეზე გაიმართა 6 მოსამზადებელი (27.05.2016, 01.06.2016, 17.06.2016, 24.06.2016, 28.10.2016, 03.11.2016) და 3 მთავარი სხდომა (02.12.2016, 09.12.2016, 10.02.2017).

“შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ დღეში (ერთ სხდომაზე) მიიღო”, – აცხადებს სასამართლო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ფილიპ მორის საქართველოსა და სს ფილიპ მორის ეს. ეი-ს დააკისრა 95 მილიონი ლარის გადახდა სს “თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ. მოპასუხე მხარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში იკვეთება კორუფციული ნიშნები.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი