ახალი ამბებისამართალი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის ოჯახი პოლიციას ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებს [ვიდეო]

31 მარტი, 2017 • 3610
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის ოჯახი პოლიციას ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებს [ვიდეო]

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ მან სხეულზე დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და მას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

პაკელიანის ოჯახის ინფორმაციით, ის 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე, 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია. მომხდართან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-ს ინფორმაციით, პაკელიანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 23 მარტს დააკავეს. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. მოძრაობის ცნობით, განყოფილების შენობაში გადაყვანის შემდეგ, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება “ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ:

“ადგილზე მისულმა პაკელიანის მშობლებმა და მეგობრებმა, ძალადობისა და ღირსებაშემლახავი მოპყრობის კადრები მობილური ტელეფონებით აღბეჭდეს. მასალის დიდი ნაწილი პოლიციელებმა სწრაფადვე წაუშალეს, თუმცა გადარჩენილ ნაწილში ისმის დაკავებულის ყვირილი. მათი თქმით, რაც მოგვიანებით ბრალდებულის ჩვენებითაც დასტურდება, გარდაცვალების საფრთხის ქვეშ მყოფი შოთა პაკელიანი სასწრაფო დახმარების გამოძახებასა და კუჭის ამორეცხვის პროცედურების ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშომლები შოთას მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაყლაპვის ფაქტს თავად შეესწრნენ, მათ შოთას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული შესაძლებლობა არ მისცეს. პაკელიანის მძიმე ინტოქსიკაცია კი რამდენიმესაათიანი წამებისა და იძულების ფონზე ვითარდებოდა.”

მათი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა შოთა პაკელიანი მხოლოდ გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

“ექიმების ცნობით, ათიოდე წუთის დაგვიანების შემთხვევაში შოთა პაკელიანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. 4-დღიანი კომატოზური მდგომარეობის განმავლობაში მას ორჯერ შეუჩერდა გულის მოქმედება,” – აცხადებენ მოძრაობაში.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ პაკელიანმა დაზიანებები გაქცევის მცდელობისას მიიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.” – აცხადებენ შსს-ში.

შოთა პაკელიანს, მოსამართლემ ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევისთვის წაუყენა, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. მას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდდა. ბრალდებული აღიარებს მოხმარების ფაქტს, მაგრამ აცხადებს, რომ მას დამატებით ნივთიერება თან არ ჰქონია.

“როდესაც მას ვერ უპოვეს ვერაფერი, დაიწყეს შეთხზვა, რომ თითოქსდა ჯიბეშიც აღმოუჩინეს. არც ვიდეო-მასალა არსებობს, არც არაფერი. აბსოლუტურად მშრალი, ვიღაც პოლიციელის ჩვენებით… რა თქმა უნდა, მე ასე არ გავჩერდები და ჩავყვები ბოლომდე,” – აცხადეს მისი მამა, თამაზ პაკელიანი.

თეთრი ხმაურის მოძრაობაში აცხადებენ, რომ საქმეში იკვეთება არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობა და დარღვევა.

შსს-ს განცხადებით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა. მათი ინფორმაციით, პაკელიანი ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი