ახალი ამბები

პრემიერის მიმართვის შემდეგ შსს ქუთაისში მომხდარ ფაქტს ხულიგნობის მუხლით იძიებს

20 დეკემბერი, 2012 • 4683
პრემიერის მიმართვის შემდეგ შსს ქუთაისში მომხდარ ფაქტს ხულიგნობის მუხლით იძიებს

“სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას  მიეწოდება სრული  ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი გაავრცელებდა განცხადებას ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა შსს-სგან დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა მოხდა ქუთაისში, 19 დეკემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსა და ქვეყნის პირველი პირის ესკორტს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ამ განცხადების შემდეგ “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს, რომელმაც განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, დაიწყო თუ არა ქუთაისში მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება. მისი თქმით, პოლიცია ადგილზე წესრიგს იცავდა და პოლიციის კორდონის დახმარებით მოხდა დეპუტატების და პრეზიდენტის შენობაში შესვლაც და გამოსვლაც:

 

“პოლიცია, როგორც ევალებოდა, კანონის ფარგლებში მოქმედებდა და იცავდა უსაფრთხოებას”.

 

დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, რომლითაც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები.

 

დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი