ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, პოლიციას ინსტრუქცია ჰქონდა ქუთაისში, რომ არ დაეცვა პრეზიდენტი

20 დეკემბერი, 2012 • • 1055
სააკაშვილის თქმით, პოლიციას ინსტრუქცია ჰქონდა ქუთაისში, რომ არ დაეცვა პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, რუსთავის საკრებულოს წევრებს შეხვდა, სადაც მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

 

“დაცვა ჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. ოთხჯერ მეტი დაცვა სჭირდება, ხუთჯერ მეტი, კარგია, ქონება და ავლადიდება აქვს დასაცავი. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. არც ქონება მაქვს დასაცავი. სიამოვნებით ვივლი მარტო და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებ, მაინც ყველაზე კარგ კამპანიებს ჩავატარებთ და მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი, კონსტიტუციური ცხოვრება გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება დაცული”, – განაცხადა სააკაშვილმა. 

 

მან ასევე თქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დეპუტატების გადაბირება “ნაციონალური მოძრაობიდან” არა კონკრეტულ პარტიას, არამედ ინსტიტუციებს ანგრევს.

 

“როგორც ვერავინ ვერ გაანადგურებს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ მიერ აშენებულ შენობებს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და ბულდოზერები ჰქონდეთ მომართული, არ ეყოფა პრემიერ–მინისტრს შემდეგი 50 წელი, რომ ჩვენ მიერ ბოლო რვა წელიწადში აშენებული მიწასთან გაასწოროს, ასევე ვერ დაანგრევს იმას, რაც ჩვენ შევქმენით – ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია. მე ძალიან გული მტკიოდა გუშინ ქუთაისში, რაზეც ფეისბუქზე ბევ წერილს ვიღებ, არ იყვნენ ესენი ქუთაისელებიო. მე ყველაზე კარგად ვიცი, ვინც იყვნენ ეს საოცრებები, რაც იქ იყვნენ შეკრებილი, ეს 30–40 თუ 50 კაცი, მაგრამ პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ, რადგან დილიდან ინსტრუქცია მიიღეს, არ გაეკაროთ, მიეცით საშუალება, რომ რაღაც სუბიექტებმა, ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებმა რაღაც გაუკეთონ პრეზიდენტს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრემიერ–მინისტრმა 19 დეკემბერს გაავრცელა განცხადება ქუთაისში პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრობისას მომხდარ დაპირისპირების  შესახებ, დაგმო ძალადობა და სამართალდამცავებს მოუწოდა დროულად გამოიძიონ  ყველა კანონდარღვევა.

 

ინციდენტი  19 დეკემბერს  მოხდა ქუთისში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი