ახალი ამბებიკომენტარი

“ფსიქოსოციალური საჭიროების ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია ქვეყანაში”

31 მარტი, 2017 • 4325
“ფსიქოსოციალური საჭიროების ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია ქვეყანაში”

როგორ ზრუნავს სახელმწიფო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების პრობლემები მოსაგვარებლად? რატომ გამწვავდა ეს პრობლემა მთავრობის მიერ 2017 წლიდან განხორცილებეული ცვლილებებით? – ნეტგაზეთს EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ესაუბრა.

ლინა ღვინაიანიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს იმ პრობლემებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მათ მიერვე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა. მეორე მხრივ კი, თავად ფსიქისოციალური საჭიროების მქონე ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა, თავიანთი პრობლემების საკითხი მყარად დააყენოს სახელმწიფოს პოლიტიკის დღის წესრიგში.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ. კერძოდ, მწვავე შემთხვევების დაფინანსება თვიური 840 ლარიდან შემცირდა 690 ლარამდე, ხოლო ქრონიკული შემთხვევების დაფინანსება გაიზარდა დღიური 15 ლარიდან 19 ლარამდე.

2017 წლის იანვარში ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ თბილისის ორ მრავალპროფილურ კლინიკაში, რომლებიც მწვავე შემთხვევებს ემსახურებოდნენ – ღუდუშაურსა და მეხუთე საავადმყოფოში მოზრდილთა განყოფილებები დაიხურა.

ფსიქიატრთა საზოგადოება და თემაზე მომუშავე აქტივისტები სახელმწიფოს ამ ნაბიჯით შეშფოთებული არიან და მას დეინსტიტუციონალიზაციის, ანუ დიდი, მონოპროფილური ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან ინკლუზიური, თემაზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლის საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებენ.

ლინა ღვინიანიძის თქმით, როდესაც სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას იღებდა, არ უსაუბრია არც სათემო ორგანიზაციებთან, არც ბენეფიციარებთან, არც ფსიქიატრებთან და არც პროვაიდერ კლინიკებთან, რათა გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა ისინი შეცვლილი მეთოდოლოგიით იგივე სერვისის მიწოდებას.

“ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოსთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ ადამიანების აზრს, ვინც უნდა იყვნენ წესით ამ სერვისის მიმღებები, ერთი მხრვ, და ვისაც უნდა ჰკითხოს აზრი მათი კომპეტენციის და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს სუბიექტები არიან, ვინც უნდა მიიღოს და უნდა გადაწყვიტოს, საბოლოო ჯამში, შეძლებს თუ არა ამ სერვისის განხორცილებას.

ის, რომ დღეს სახელმწიფომ მიიღო გადანაწილების გადაწყვეტილება იმ სერვისებს შორის, რომელსაც არ ჰყოფნის თანხა, არცერთს, ბუნებრივია, ძალიან რთულია რაიმე ტიპის შეფასება გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არცერთ სერვისს, რომელიც ფუნქციონირებს, არ ჰყოფნის თანხა და დამატება ყველა სერვისისთვის არის შეიძლება სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი. თუმცა, სახელმწიფოს არგუმენტი, რომ დამატებითი რესურსების გამოყოფა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით არის შეუძლებელი, მუღებელია თემისთვის, რომლებიც, წლებია, ამბობენ, რომ შეუძლებელია არსებული დაფინანსების ფარგლებში რაიმე ნორმალური სერვისის მიწოდება ბენეფიციარებისთვის. ის, რომ სახელმწიფოს სერვისები უნდა მიიმართოს ძირითადად  სათემო სერვისების გაძლიერებისთვის და ინსტიტუციებიდან ამ ადამაინების გამოყვანისკენ, არის უპირობო ალტერნატივა, რომელიც ქვეყანამ უნდა აირჩიოს, მაგრამ დღეს, სანამ ეს ადამიანები რჩებიან შიგნით, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობები,”- ამბობს ლინა ღვინიანიძე.

როგორც ღვინიანიძე ამბობს, სახელმწიფოს შესაძლოა წინასწარ მართლაც ვერ გაეთვალა ამ გადაწყვეტილების შედეგები, მაგრამ როდესაც მათ უკვე ეს შედეგები დაინახეს, მრავალპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვის სახით, სახელმწიფო მაინც არ იყო ღია მოლაპარაკებებისთვის და ცდილობდა, არ ეღიარებინა პრობლემები.

“დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ძალიან ძნელად აღიარებს იმას, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად მოიტანა  მძიმე შედეგები. ერთი არის სერვისის მისაწვდომობა, რაც შემცირდა, შეიზღუდა და მეორე, ხარისხიანი სერვისის მიღების პრობლემა დადგა – ეს არის შედეგები კონკრეტული ბენეფიციარებისთვის,”- ამბობს ის.

გარდა პაციენტებისთვის მოტანილი შედეგებისა, ღვინიანიძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მძიმე იყო მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის:

“მრავალპროფილურ განყოფილებებში არსებული ფსიქიატრიული განყოფილებები იყო ის გზა, ის ძალიან მცირე ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო პერიოდში გადადგა სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო ჰუმანურ, ინკლუზიურ და უფრო ინტეგრირებულ სივრცეში დაბრუნების კუთხით. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განვითარების მიმართულებით იყო ეს ნაბიჯები გადადგმული. ამ ცვლილების შედეგები ყველაზე მძიმე იყო იმიტომ, რომ დაიხურა ის ყველაზე კარგი სერვისები, რომლებიც უნდა ყოფილიყო ქვეყნის განვითარების მიმართულება და უფრო  მეტიც, სახელმწიფოს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები ამგვარი ტიპის, თემზე დაფუძნებული სერვისების გაძლიერების და მათი გამრავლების. ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო შედეგი, რამაც, პაციენტები დააბრუნა იმ დიდი ზომის დაწესებულებში, ინსტიტუციებში, რომელიც არის ცუდი პრაქტიკა და რომლის დახურვის და შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს პოლიტიკა,”- ამბობს ღვინიანიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რატომ არ ხდება სახელმწიფოს პოლიტიკაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი პირიორიტეტული და რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ამას:

“როგორც წესი, ძალიან რთულია ამ ჯგუფისთვის საკუთარი საკითხების პრიორიტეტიზაცია და დაყენება ძალიან მყარად სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიკა, რაც აქვს, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა ჯგუფს და ამ ჯგუფში კიდევ უფრო განსაკუთრებულად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს, არის ის, რომ, მათი შესაძლებლობები, იმ ბარიერებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი მუდმივად აწყდებოდნენ, არის განსაკუთრებულად დაბალი და როგორც წესი, ძალიან რთულია, თავად ამ ჯგუფებმა ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე.

დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არათუ პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ აყენებენ საკითხებს, ისინი არიან სახელმწიფოს ზემოქმედების ობიექტები, ისინი, ხშირად, არიან ინსტიტუციონალიზებულები, თავისუფლებაშეზღუდულები და იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებულები ძალიან მძიმე პირობებში. ბუნებრივია, ამგვარი გამოწვევების წინაშე მდგარი ჯგუფისთვის წარმოუდგენელიც კია, რომ დღეს ისინი იყვნენ წამყვანები ამ საკითხების ადვოკატირებისა საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, მაშინ, როდესაც ამდენად მაღალია სტიგმა საზოგადოებისგან, საკუთარი ოჯახებისგან და ასე შემდეგ.

ამდენად, სახელმწიფოს ძალიან მარტივად შეუძლია და ფაქტია, რომ ამას აკეთებს, ეს საკითხები გახადოს მეორე და მეათეხარისხოვანი და ის საკითხები წამოწიოს პოლიტიკურ დღის წესრიში, რაზეც არის მაღალი საზოგადოებრივი დაწოლა თავად ჯგუფებისგან, სათემო ორგანიზაციებისგან და ასე შემდეგ,”- განაცხადა მან.

ღვინიანიძის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემები არ დგას არც სახელმწიფოს, და ხშირად – არც საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღის წესრიგში.

“რეალურად ამ ჯგუფის უფლებებისთვის ბრძოლა არის დამოკიდებული ძალიან ცოტა სათემო ორგანიზაციაზე, იმ ფსიქიატრებზე, რომლებიც თანამედროვე ფსიქიატრიის იდეებს იზიარებენ და ეს თემი, თავის მხრივ, არის ძალიან ჩუმად. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სახელმწიფო არ ხედავს ამ ადამიანებს, არასდროს ეს ადამიანები მას სუბიექტებად არ დაუნახავს, ისინი ყოველთვის იყვნენ ობიექტები, რომელთაც, უნდა მიაწოდო სერვისი, ან არ უნდა მიაწოდო სერვისი. ფსიქსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები დღეს რეალურად არიან ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფი ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად ძალიან მძიმე ადამაინის უფლებათა შელახვის მდგომარეობაში ცხოვრობს. მიუხედავად სიმწვავისა, ეს საკითხები არ არის საზოგადოებრივი დღის წესრიგის საგანიც კი. ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, ეს თემა შეიძლება მათთვისაც არ არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული თემა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ამ საკითხს, რომ გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ქვეყანაში მიუხედავად იმისა, სიმწვავის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ასეთი საკითხია. ეს გარემოებები მუშაობს ამ საკითხების პოლიტიზების წინააღმდეგ და სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რაიმე გადაწყვეტილებები ამ საკითხების მოსაგვარებლად,”- ამბობს ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი