ახალი ამბები

რუსული პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, საქართველოში ოდნოკლასნიკმა ფეისბუკს გაუსწრო

30 მარტი, 2017 • 18002
რუსული პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, საქართველოში ოდნოკლასნიკმა ფეისბუკს გაუსწრო

ვებგვერდების პოპულარული მთვლელის Alexa.com-ის მიხედვით, ოდნოკლასიკის საიტმა (ok.ru) ფეისბუკს (facebook.com) გადაუსწრო. TOP 10-ში კიდევ ორი რუსული ვებგვერდია – ასევე, სოციალური ქსელი ვკონტაქტე და Mail.ru.

[red_box]ოდნოკლასნიკის აღზევება[/red_box]

საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტების ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  1. Youtube.com
  2. Google.ge
  3. Porn555.com
  4. Google.com
  5. Ok.ru
  6. Facebook.com
  7. Myvideo.ge
  8. Vk.com
  9. Google.ru
  10. Mail.ru

აღსანიშნავია, რომ Google-ის აპლიკაციების სისტემაში (Play store) ფეისბუკის აპლიკაცია ჩამოტვირთვების თვალსაზრისით ოდნოკლასნიკებს მნიშვნელოვნად უსწრებს, თუმცა უშუალოდ ვებგვერდზე შესვლასთან დაკავშირებით 2012 წელთან შედარებით საქართველოში იტერნეტის მომხმარებელთა ქცევის სურათი რადიკალურადაა შეცვლილი. 5 წლის წინ facebook.com ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი იყო და Ok.ru-საც უსწრებდა.

Alexa.com-ის მიხედვით, ამჟამად Ok.ru მთელ მსოფლიოში პოპულარობით #44 ადგილზეა. მისი მომხმარებლების უმეტესობა მამაკაცები არიან, ოდნოკლასნიკის მომხარებელთა დიდ ნაწილს ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც სკოლა დამთავრებული აქვთ და ქსელში როგორც წესი სახლიდან შედიან.

[red_box]სოც.ქსელები რუსეთიდან და პროპაგანდა[/red_box]

უკრაინის მოვლენების შემდეგ კრემლის პროპაგანდას რომ დასავლეთში ძალიან სერიოზულად აღიქვამენ, ახალი ამბავი არ არის. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო, სადაც კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც არის საუბარი. რეზოლუციაში ნახსენებია ინტერნეტ-ტროლების როლი, რომლებიც სხვდასხვა სოციალურ ქსელში კრემლის სასარგებლო და დასავლეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ოდნოკლასნიკი მისი სტრუქტურიდან გამომდინარე სხვა სოციალური ქსელებისაგან (ფეისბუკი,ტვიტერი, ვკონტაქტე) განსხვავებულია, თუმცა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით პოლიტიკური თემატიკისაგან არც ისაა დაცლილი.

ქსელში საკმაოდ ადვილად, Google-ის ანგარიშის მიბმით დავრეგისტრირდი და ერთ-ერთი პირველი,  რაც ჩემს გვერდზე დამხვდა, იყო 4 ტრენდირებული ვიდეო, რომელთაგან ერთ-ერთი პუტინის იმ ბრძანების შესახებ მატყობინებდა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაბადებულებს რუსეთი თავის პასპორტს ადვილად გადასცემს.

Screen Shot 2017-03-29 at 1.30.36 PM

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პასპორტის მიღების თემა წლების წინ საქართველოშიც ძალიან გააქტიურდა და ამის გამო თბილისში, შვეიცარიის საელჩოში (რუსეთის სექციასთან) მოქალაქეთა რიგებიც დადგა.

იმ შემთხვევაში თუ ოდნოკლასნიკზე ზემოხსენებულ ვიდეოს გახსნი, ქსელი ამ თემაზე ატვირთულ არაერთ შემდგომ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

Screen Shot 2017-03-29 at 1.30.54 PM

კრემლის პროპაგანდის იდენტიფიცირებასა და კვლევას საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, თუმცა როგორც ირკვევა, რუსული სოციალური ქსელების სისტემატიური მონიტორინგი ნაკლებად ხდება და სივრცე ერთგვარად “მიტოვებულია”, როგორც IDFI-ის მკვლევარი გიორგი ლომთაძე ამბობს.

მეტიც, ოდნოკლასნიკზე ორგანიზებულად თავის ინფორმაციას არც ქართული მეინსტრიმული და ონლაინ მედიასაშუალებები ავრცელებენ, მათ შორის არც ნეტგაზეთი.

“მიზეზი არის შემდეგი: მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია, ანუ ქართულენოვანი ინტერნეტმომხმარებელი, საკმარისად არის წარმოდგენილი ფეისბუკზე და ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს ფეისბუკი, ტვიტერი და ინსტაგრამი. რაც შეეხება რუსულ სოციალურ ქსელებს, პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის, პირველ რიგში, იმის გამო, რომ არ ვენდობით უსაფრთხოების კუთხით – არ ვიცით, რამდენად დაცული შეიძლება იყოს ჩვენი და ჩვენი მომხარებლების პერსონალური მონაცემები, ასევე, ზოგადად რუსული ინტერნეტ-მედია, მათ შორის ინტერნეტ სივრცეც, მკაცრად კონტროლდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან . შესაბამისად, ასეთ არათავისუფალ გარემოში აღმოცენებული სერვისით სარგებლობა ჩვენთვის მიუღებელია. ეს არის უმთავრესი მიზეზი”, – ამბობს On.ge-ის რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი.

გიორგი ლომთაძე და კიდევ ერთი მკვლევარი დალი ქურდაძე MDF-დან (რომელიც ახორციელებს პროექტს “მითების დეტექტორი”) ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უშუალოდ რუსეთში არიან ბაზირებული, კრემლის პროპაგანდისთვის საკმაოდ მნიშნელოვანი ინსტრუმენტებია. დალი ქურდაძე ამის საილუსტრაციოდ იხსენებს “ტროლების ქარხნის” სკანდალს რუსეთში, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა და “ყოფილმა ინტერნეტ-ტროლმა” ლუდმილა სავჩუკმა გამოააშკარავა.

სავჩუკის განცხადებით, ის პეტერბურგში მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელსაც სახელად ინტერნეტის კვლევის სააგენტო ერქვა, სინმედვილეში კი “ტროლების ქარხანაში”, სადაც დასაქმებული რამდენიმე ასეული ადმაიანის მოვალეობა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში კრემლის პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელება იყო ყალბი ანგარიშების მეშვეობით.

“მე პირადად ნანახი მაქვს, რომ ორგანიზაცია მუშაობდა ფეისბუკზე, ტვიტერზე, Livejournal.com-ზე, ასევე ოდნოკლასნიკსა და ვკონტაქტზე”, – განაცხადა შპიგელთან ინტერვიუში სავჩუკმა. იგი ამტკიცებს, რომ სანკტ-პეტერბურგში შექმნილი ორგანიზაცია ქსელის მხოლოდ ნაწილი იყო და მსგავსი “ქარხნები” სხვა ქალაქებშიც არსებობდა. მისივე თქმით, კრემლის “ვებ-ტროლები” მუშაობენ ლოკალურ ინტერნეტ-ფორუმებზე, ასევე უშუალოდ თვითონ მართავენ არაერთ საინფორმაციო ხასიათის პორტალს.

გიორგი ლომთაძე (IDFI) აცხადებს, რომ მისი აზრით, რუსული პროპაგანდის იდენტიფიცირებით დაინტერესებულმა ადამიანებმა თავისი წარმომადგენლობა რუსულ სოციალურ ქსელებშიც უნდა გაზარდონ. მისი თქმით, ამ სივრცის იგნორირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული სოციალური ქსელები საქართველოში პოპულარობას კვლავ იბრუნებს, არ შეიძლება.

ლომთაძე ფიქრობს, რომ რუსული სოციალური ქსელების სივრცე და იქ განხორციელებული პროპაგანდა, განსხვავდება იმისაგან, რასაც ფეისბუკზე ვხედავთ, როდესაც ქართულეონვანი “ინტერნეტ-ტროლი” ცდილობს კრემლის სასარგებლო პროპაგანდის განხორციელებას, რაც ქართულ რეალობაში ძირითადად დასავლეთის მონსტრად წარმოსახვას გულისხმობს. ანალიტიკოსის განმარტებით, ოდნოკლასნიკი და ვკონტაქტე მომხმარებელს პირდაპირ აქცევს რუსულ საინფორმაციო სივრცეში, რის წინააღმდეგ ბრძოლაც ბევრად უფრო რთულია. მართლაც, ოდნოკლასნიკზე ყველაზე პოპულარული სივრცე, სადაც ინფორმაციის გავრცელება ხდება, რია ნოვოსტის მიერ შექმნილი ვერიფიცირებული ჯგუფია.

ჩნდება დილემა: რა ჯობია, კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, რაც აჩენს იმის შანსს, რომ ამ სივრცეს ერთგვარი პოპულარიზაცია გაუკეთეო შენს აუდიტორიაში თუ იგნორი? მნიშნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, მოახერხებ თუ არა კრემლის პროპაგანდაზე ადეკვატურ რეაგირებას? 2014 წელს ქსელის არაერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოდნოკლასნიკში ვლადიმერ პუტინის შესახებ დაწერილი კრიტიკული კომენტარები თუ პოსტები იშლებოდა. ამის საპასუხოდ ოდნოკლასნიკმა განაცხადა, რომ ქსელი არაფერ შუაში იყო და პუტინის მიმართ კრიტკული პოსტები იმის გამო წაიშალა, რომ ეს ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მოითხოვა საიტის ადმინისტრაციისაგან.

დალი ქურდაძე კი ამბობს, რომ მისი აზრით, მონიტორინგის შედეგად უნდა იდენტიფიცირდეს ნარატივი, სპეციფიკა და სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება კრემლის პროპაგანდა და ამის შემდეგ დაიწყოს რეაგირების მექანიზმებზე მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი