ახალი ამბები

უსახლკაროებისთვის გაშლილ კარავში ორი ადამიანი იმყოფება [VIDEO]

20 დეკემბერი, 2012 • • 1206
უსახლკაროებისთვის გაშლილ კარავში ორი ადამიანი იმყოფება [VIDEO]

ერთ მათგანს სახლი მოტყუებით გაუყიდეს, ხოლო მეორე მეუღლის სახლში ცხოვრობდა, საიდანაც დაახლოებით ხუთი თვის წინ გამოაგდეს. ორივე მათგანი მთელ დღეს მეტროში ატარებდა, ხოლო მეტროს დაკეტვის შემდეგ ღამეს გარეთ ათევდნენ. გუშინ ისინი მოსახლეობის და საპატრულო პოლიციის დახმარებით კარავში გადმოიყვანეს. მათთან ერთად იყო მესამე უსახლკარო მამაკაციც, რომელიც კარვიდან დილით კვლავ წავიდა.

 

ადგილზე იმყოფება მერიის რამდენიმე თანამშრომელი. მათი თქმით, მერიამ კარვის დასადგმელად უსახლკაროებისთვის მიწა გამოყო, თუმცა სხვა სახის დახმარება ჯერ არ გაუღია. 

 

გაფრთხილებულია საპატრულო პოლიცია და თუკი სადმე ნახავენ უსახლკარო ადამიანებს, მათ “ალექსანდრეს ბაღში” დადგმული კარვის შეასახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თუმცა, როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, უსახლკაროთა დიდი ნაწილი კარავში წამოსვლაზე უარს ამბობს, რადგან მათ გარკვეული ტერიტორიები აქვთ დაკავებული ღამის გასათევად და ეშინიათ, რომ ამ ადგილებს დაკარგავენ.

 

კარავში მყოფ უსახლკაროებს ამ დროისათვის არ აქვთ საწოლი და თბილი პლედები. ღამე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი ეტლში იჯდა, ხოლო დანარჩენებს ხის სკამზე ეძინათ, რომელიც კარავში შეიტანეს, რადგან მიწა სველია და კარავში დაწოლა შეუძლებელია.

 

უსახლკაროებს ამ დროისთვის აღარ აქვთ შეშა, კარავი არ თბება. მათ ტანსაცმელი მოსახლეობამ მიუტანა. როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად მათ საბანი ან პლედი, შეშა და საკვები ესაჭიროებათ.

 

დახმარების მსურველებს შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს – ნათია ხაინდრავას (ტელ.: 599 43 70 80) ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, “ნეტგაზეთის” რედაქციაში (ტელ.: 294 26 42). უსახლკაროებისთვის ნებისმიერი დახმარების მიტანა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე “ნეტგაზეთის” რედაქციაში  მისამართზე: თბილისი, პასტერის ქ. #7, ბინა #18.

მასალების გადაბეჭდვის წესი