ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: პატრიარქი ახალაიების ოჯახის გულწრფელ სიახლოვეს გრძნობდა

30 მარტი, 2017 • 11427
მიტროპოლიტი პეტრე: პატრიარქი ახალაიების ოჯახის გულწრფელ სიახლოვეს გრძნობდა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, ახალაიების ოჯახს ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ საქართველოში რეფორმების გასატარებლად. ამის შესახებ მან ეკა ხოფერის თოქ-შოუში განაცხადა.

2011 წელს  პარლამენტმა რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა, რასაც მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. მიტროპოლიტის განცხადებით, მაშინ პატრიარქის გარემოცვამ და შორენა თეთრუაშვილმა ხელოვნურად შექმნეს სკანდალი, რომ ეს კანონი დამანგრეველი იქნებოდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში მასთან როლანდ ახალაია მივიდა:

“ჩემთან ჩამოვიდა როლანდ ახალაია. ვერ გავარკვიე, რა ხდება, ფაქტია, დაძაბულობააო. ტაძრის წინ ვიდექით, თვალცრემლიანმა პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქმე გართულდეს და პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მოხდეს. მე და ორივე ჩემი შვილი პატრიარქის მხარეს ვდგავართ. ეს გადაეცით მის უწმინდესობასო. ამას რა დამავიწყებს?” – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იხსენებს, რომ როცა  ბაჩო ახალაია ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინსიტრად,  პატრიარქისგან კურთხევის აღება სურდა.

“საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვიყავით. პატრიარქი ამ ოჯახის მიმართ გამორჩეული იყო, მათ გულწრფელ სიახლოვეს გრძნობდა, იმდენად უყვარდა, რომ როცა ბაჩო შემოვიდა, ფეხზე წამოდგა და თქვა –  შინაგან საქმეთა მინისტრს მივესალმოთო და ტაში დაუკრა, მთელი დარბაზი აჰყვა. 2-3 თვეში ეს ადამიანი ხვდება ციხეში. ადამიანი, რომელიც თავისით ჩამოვიდა და თვითონ მივიდა პროკურატურაში, ესეც დასაფასებელია.”

მისივე აზრით, ახალაიების  ოჯახს ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ საქართველოში რეფორმების გასატარებლად.

“პრობლემა ყველგან არის, გადაცდომა, წითელი ხაზის გადაკვეთა, რომელიც საპატრიარქოში არსებობს. ”

მიტროპოლიტის თქმით, ისეთ ადამიანებსაც იღებდა და ეხმარებოდა,  რომლებსაც ბაჩო და დათა ახალაიებთან პრეტენზიები ჰქონდათ:

“მე არ მოვრიდებივარ ჩემი კომუნიკაციის ან რესურსების გამოყენებას ასეთი ადამიანების სასარგებლოდ. იყო ეს საპროცესო გარიგება თუ ნებისმიერი სხვა თხოვნა. ასეთ რამეს არასოდეს მოვრიდებივარ, თუ მოვრიდებივარ და პირადი ურთიერთობები დამიზოგავს, ყოველთვის მინანია. იყო შემთხვევები, როცა მოდიოდნენ, თითქოს ადამიანი აბსულოტურად უდანაშაულოა და აღმოჩნდებოდა, რომ ეს ასე არ არის.  ფინანსურადაც დავხმარებივარ, ეკლესიის რესურსიც გამომიყენებია და დავხმარებივარ საპროცესო შეთანხმების თანხის შეგროვებაში. ეს ოჯახი უფრო მეტი მსხვერპლი აღმოჩნდა ინფორმაციულადაც და შიდა დაპირისპირების კუთხითაც.  ამიტომ მიმაჩნდა, რომ მეტი დახმარება სჭირდებოდა ამ ოჯახს. “

მასალების გადაბეჭდვის წესი