ახალი ამბები

გვარამია და ხეთაგური დააკავეს

19 დეკემბერი, 2012 • • 2749
გვარამია და ხეთაგური დააკავეს

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა. 

 

დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.

 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 , მტკვარი ენერგეტიკისა და კომპანია თელასის მფლობელი კომპანია ინტერ რაოს წარმომადგენელმა მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და, შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიებისთვის ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.

 

ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და ჩვენებებით დადგინდა, რომ  „ხრამჰესი 1,“ „ხრამჰესი 2“,  შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ და    კომპანია „თელასის“  მფლობელი კომპანია „ინტერრაოს“ წარმომადგენელმა ვ. მიტიუშინმა, მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან ა. ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და, შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება. ა. ხეთაგურისა და „ინტერ რაოს“ მხარის მიერ ამ დანაშაულებრივი მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო ორივე მხარისათვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც  ზემოხსენებული მიზნისთვის ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ ქრთამის სახით  1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და, შესაბამისად, არ მომხდარიყო  ათობით მილიონი ლარის დარიცხვა.  ა.ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას და აღნიშნული  ერთი მილიონი აშშ დოლარისთვის „კანონიერი“ სახის მიცემის მიზნით კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მისთვის  ნდობით აღჭურვილ პირთან ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ხეთაგურს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ალექსანდრე ხეთაგურთან შეთანხმებით დევი კანდელაკი   დაუკავშირდა ნიკა გვარამიას და შეხვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში, ე.წ. „პიქსელის“ შენობაში, სადაც გვარამიამ კანდელაკს აუხსნა 1 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის შესანიღბავად შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმა.  ამის შემდეგ ნ.გვარამია დაუკავშირდა მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს „ელენდეფ სერვისი“, რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა.  შპს „ელენდეფ სერვისი“ ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წუთზე დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის  ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო,  „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“ თანხები გადაირიცხა. კერძოდ, კომპანია თელასიდან – 500 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 1“ – დან -50 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 2“ – დან – 50. 000 აშშ დოლარი, „მტკვარი ენერგეტიკიდან“- 400 000 აშშ დოლარი,  რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი.

 

 

ამის შემდეგ, ა. ხეთაგურის დავალებითა და გვარამიას ორგანიზებით, ასევე იმავე ნ. გვარამიას უშუალო მონაწილეობით, დ. კანდელაკთან შეთანხმებით, იმ ვითარებში, როდესაც არ არსებობდა  არავითარი საჭიროება და აუცილებლობა ასეთი სამუშაოების ჩატარებაზე, გაფორმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ,  ხელშეკრულებები საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შპს „ელენდეფ სერვისისა“ და „ხრამჰესი 1“ , „ხრამჰესი 2“, შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, „თელასს“ შორის, რაც დათარიღდა 2012 წლის 22 აგვისტოთი, რითაც შეიქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა-აღების შენიღბული ფორმა. ეს თანხები ჩაირიცხა  შპს „ელენდეფ სერვისის“ ანგარიშზე.

 

2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ გვარამიას დავალებით, „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. რითაც ფაქტობრივად დასრულდა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება.

 

 2012 წლის ოქტომბერში „თელასის“ საფინასო სამსახურმა გამოავლინა „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწვეტილების დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები. კერძოდ,  არ არსებობდა  თელასის ცენტრალური შესყიდვების ორგანოს გადაწყვეტილება შპს „ელენდეფ სერვისისგან“ საკონსულტაციო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. ამან შექმნა საშიშროება, რომ ცნობილი გახდებოდა შპს „ელენდეფ სერვისის“ ფიქტიურობა  და თანხების ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობისთვის გადარიცხვის სიყალბე. ამ მიზნით მოხდა ძველი რიცხვით დოკუმენტების გაყალბება.

 

ნ.გვარამიამ განიზრახა ქრთამის სახით მიღებული ზემოაღნიშნული თანხისათვის უფრო სარწმუნო კანონიერი სახის მიცემა, რისთვისაც დახმარება სთხოვა შპს „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“-ის დამფუძნებლებს და პირად მეგობრებს იზაბელა გუტიძეს და კახა დამენიას.

 

მათთან ერთად შეიმუშავა ქრთამის სახით აღებული თანხის სარწმუნო სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის გზები და 2012 წლის 27 აგვისტოს თარიღით, შპს „ ელენდეფ სერვისსა“ და შპს „ გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“ შორის შედგენილ იქნა ყალბი ოფიციალურო დოკუმენტები – ფიქტიური ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებები სს „ ხრამჰესი 1“, სს „ხრამჰესი 2“, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა“და  სს „თელას“-ში საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე. იმავე წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ნ. გვარამიას, კ. დამენიას და ი. გუტიძისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით კ. დამენიას პირად სეიფში მოთავსებულ იქნა თითქოს დ აშპს „ელენდეფ სერვისის“ სალაროს ნაშთის თანხა 1 184 950 ლარი, რაც გამოძიების მიერ ამოღებულია.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33 8  მუხლის მეორე  და მე-3 ნაწილებით, 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 193 მუხლით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი