ახალი ამბები

“ისწავლე მეტი თამაშით” – განათლების მინისტრის ახალი პროექტი სკოლებისთვის

29 მარტი, 2017 • 14579
“ისწავლე მეტი თამაშით” – განათლების მინისტრის ახალი პროექტი სკოლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, ახალი პროექტი “ისწავლე მეტი თამაშით” ამოქმედდება. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ გამართა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია, სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები შეიტანოს და დანერგოს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.

პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. პროექტის მიხედვით, სამაგიდო თამაში უნდა იყოს:

  • აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო.
  • ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე.
  • მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
  • იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე.
  • იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სასურველია, რომ თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. სამინისტრო დაინტერესებულ პირებს მიმართავს, რომ 2017 წლის 10 აპრილამდე უწყების ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge მიაწოდონ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი