ახალი ამბები

GNCC: “სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!” – არ არის დაუშვებელი პროდუქცია

29 მარტი, 2017 • 1525
GNCC: “სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!” – არ არის დაუშვებელი პროდუქცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება. კომისიის გადაწყვეტილებით, „New Studio“-ს მიერ დამზადებული ვიდეორგოლი „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!- ბოლო გოზინაყი“ არ არის დაუშვებელი პროდუქცია.

ინტერნეტით გავრცელებული ვიდეორგოლში ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება

საჩივრის ავტორთა აზრით, ვიდეორგოლი შეიცავდა სასტიკი ძალადობის სცენებს და წარმოადგენდა ბავშვის ფსიქიკისთვის დამაზიანებელ პროდუქციას. ვიდეო განთავსებული იყო www.marketer.ge და www.vtube.ge გვერდებზე. www.marketer.ge-ზე იყო სპეციალური ნიშანდება, რომ ვიდეო შეიცავს არასრულწლოვანთათვის არასასურველ კონტენტს, თუმცა ასეთი გაფრთხილება www.vtube.ge-ზე განთავსებულ იგივე ვიდეორგოლს არ ჰქონდა თან დართული. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ითხოვდა ვიდეორგოლზე, როგორც არასრულწლოვანთათვის დაუშვებელ პროდუქციაზე, შესაბამისი ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის, შპს „კავკასუს ონლაინის“, როგორც .GE დომენის გამცემის მეშვეობით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა. პროცესში ჩართული იყო, როგორც „New Studio“-ს, ასევე, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები. კომისიამ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ავტორის გამოხატვის თავისუფლებაა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, არ წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას. ასევე, ინტერნეტ-სივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს”,- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეორგოლის გავრცელებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება და სარეკლამო რგოლის დამამზადებელ სტუდიას რეკლამის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი