ახალი ამბები

“თავდემები”: გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება უსამართლობაა

29 მარტი, 2017 • 1681
“თავდემები”: გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება უსამართლობაა

“თავისუფალი დემოკრატების”  განცხადებით, გადაუნაწილებელი მანდატების არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება უსამართლო სისტემაა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ფორმულა, რომელიც გულისხმობს მანდატების პირველადი გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ყველა გაუნაწილებელი მანდატის გადაცემას არჩევნებში გამარჯვებული პარტიისათვის, არის უსამართლო, რადგანაც შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლის შემთხვევაშიც კი, ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს.

,,თავისუფალი დემოკრატების“  საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემზარ კაკულიას  მაგალითად  მოჰყავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მისი თქმით,  “ქართული ოცნება” მანდატების განაწილების  ამ ფორმულის  მეშვეობით (48%-ნი მხარდაჭერით)  მიიღებდა 103 მანდატს,  რაც პარტიის აზრით, ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადეკვატურ ასახვას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად.

“თავისუფალ დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ  მანდატები უნდა განაწილდეს დ“ონდტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს  მანდატების პროპორციული წესით  განაწილებას და არ ტოვებს არც ერთ გაუნაწილებელ მანდატს. ამ წესით მანდატების განაწილების ფორმულა  შევთავაზეთ საარჩევნო სისტემის  რეფორმაზე   ინტერპარტიულ ფორმატში მომუშავე პარტიებს, რაც ასახულია მმართველი პარტიისადმი დღევანდელ მიმართვაში”, – განაცხადა ემზარ კაკულიამ.

დ’ონტის ფორმულის გამოყენებისას თითოელი პარტიული სიის მიერ მოპოვებული ხმები იყოფა ნატურალურ რიცხვთა მწკრივზე (1, 2, 3, 4 და ა.შ.). მეთოდი შემოღებულ იქნა ბელგიელი პროფესორის, ვიქტორ დ’ონდტის მიერ 1882 წელს.

სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისია, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სისტემის შეცვლაზეც მუშაობს. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს, კომისიის დამოუკიდებელი წევრი ვახუშტი მენაბდე კი ამბობს, რომ ეს იდეალური მოდელი არ არის.   დღეს მოქმედი წესის მიხედვით, ასეთი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი