ახალი ამბები

რა ბედი ელის პრეზიდენტის ინსტიტუტს?

29 მარტი, 2017 • 2027
რა ბედი ელის პრეზიდენტის ინსტიტუტს?

“პრეზიდენტი პირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული თუ არაპირდაპირით? უნდა გაიზარდოს თუ შემცირდეს მისი უფლებამოსილებები? საპარლამენტო თუ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა?” – ამ საკითხების შესახებ დღეს, 29 მარტს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” ისაუბრეს.

კონფერენციაში  საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, ასევე  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება არ არის და ეს ნათლად ჩანს:

“არ იცვლება პრეზიდენტის სტატუსი და არც  მისი უფლებამოსილებები იკვეცება. პრეზიდენტი არის და იქნება სახელმწიფოს მეთაური, იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და იქნება ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში”.

თუმცა, ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უზენაეს სასამართლოში  მოსამართლეების წარდგენის უფლება, ხოლო უშიშროების საბჭო მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს უნდა იკრიბებოდეს:

“ორი უფლებამოსილება იცვლება და ორივე ცვლილებას იურიდიული მოსაზრება უდევს საფუძვლად. უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც პრეზიდენტს იმ საკითხებზე ეთათბირება, რომლებიც მთავრობის კომპეტენციაში შედის. ეს სრული ნონსენსია. ამის გარდა, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლეების წარდგენის უფლება გადავიდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იმ ორგანოში, რომელიც მოსამართლეთა თვითორგანიზებაზეა დაფუძნებული.”

“თავისუფალი დემოკრატების” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების  წარდგენის უფლების ჩამორთმევა გაუგებარი ინიციატივაა. პარტიის თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის აზრით, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მმართველ გუნდს დიდი გავლენა აქვს, ხოლო პრეზიდენტი დამოუკიდებელი არბიტრია.  შალვა შავგულიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს სანაცვლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა შესთავაზა:

“მთავარი პროკურორის ნომინირების უფლებაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, ვინაიდან პროკურატურა პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს საჭიროებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით პროკურატურის დეპოლიტიზაცია ჩვენი ვალდებულებაა,” – ამბობს შავგულიძე.

უფლებამოსილების შემცირებას არ ეთანხმება “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი. მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებები კი არ უნდა შემცირდეს,  კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

“სულ მცირე, პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება უნდა ჰქონდეს. მისი ამომრჩევლის ინტერესის გათვალისწინება საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შეტანით უნდა შეეძლოს,” – აღნიშნავს ახვლედიანი.

არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმის ხაზგასასმელად, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება გიორგი მარგველაშვილის ფიგურით არ არის ნაკარნახევი, “ქართული ოცნება” 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კერძოდ, ამჟამად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს განიხილავს. ამ მოდელის მიხედვით, პრეზიდენტს ირჩევს 300-პირიანი კოლეგია, რომელშიც 150 დეპუტატია, ხოლო 150- ადგილობრივი საკრებულოების წევრები.

არაპირდაპირი არჩევის წესს არ ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობა. გიორგი ტუღუშის თქმით,  მოსახლეობის უმრავლესობის მიერ პირდაპირ არჩეულ პირს ყოველთვის უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმით, არაპირდაპირ არჩეულ პირს.

პირდაპირი არჩევის მომხრეა გიორგი ახვლედიანიც. მისი აზრით, საზოგადოება არჩევით ანიჭებს ლეგიტიმაციას პრეზიდენტს:

“არჩევითობის გაუქმება პრეზიდენტის ლეგიტიმაციას გააუქმებს. მხოლოდ ასე არჩეული პრეზიდენტი შეიძლება იყოს რეალური არბიტრი და ხელისუფლების დამბალანსებელი. პარლამენტი დანიშნავს თუ კოლეგია, არანაირი მნიშვნელობა აქვს. პარლამენტსა და საკრებულოებში ყოველთვის ხელისუფლებას აქვს უმრავლესობა. პრეზიდენტის მიუკერძოებლობის და მაღალი ლეგიტიმაციის გარანტად ეს ფორმა არ გამოდგება.”

ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ პირდაპირი არჩევის დროს პრეზიდენტის დამოკიდებულება კონკრეტულ პარტიებზე კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე კოლეგიის მიერ არჩევის დროს.

“პარტიები პრეზიდენტობის კანდიდატს დაჰყვებიან სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და  ხარჯავენ ათეულობით მილიონ ლარს. ასეთ პირობებში ბევრად მაღალია არჩეული პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ხარისხი იმ პარტიის თუ პარტიების მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ის აირჩიეს. ეს მაშინ, როცა პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, ზეპარტიული სუბიექტი.”

კობახიძე ასევე ავითარებს აზრს, რომ არსებული უფლებამოსილებების ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატებს კამპანიის წარმოება გაუჭირდებათ.  მისი თქმით, მოსახლეობა კანდიდატებს ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრება, ეს კომპეტენციები კი პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არ შედის. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რა ტიპის პერსონა იქნება პრეზიდენტი:

“ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიებში პრეზიდენტები აკადემიური ტიპის პერსონები არიან. ანუ, ნაკლებად ქარიზმატულები არიან. ჩვენ ესეც უნდა განვსაზღვროთ, უფრო მეტად ქარიზმატული პრეზიდენტი გვინდა, თუ უფრო მეტად აკადემიური. როცა საუბარია პირდაპირი არჩევის წესზე, აკადემიური ტიპის კანდიდატის წარდგენა ნაკლებად მომგებიანია, არადა, სისტემისთვის აკადემიური ტიპაჟი ბევრად უფრო მომგებიანია,” – აღნიშნავს კობახიძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ფართო კონსენსუსის საფუველზე უნდა შეირჩეს და ამ სისტემას მოსახლეობის ნდობა უნდა ჰქონდეს.

“ჩნდება კითხვები, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა. ფართო კონსენსუსის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე, პირდაპირი არჩევის წესი შენარჩუნდეს. პირდაპირ არჩევნებს ვემხრობით, მაგრამ თუ ეს წესი შეიცვლება, მივესალმებით იმ ინიციატივას, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს.”

ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრირების საფრთხე

გიორგი ახვლედიანის ინტერპრეტაციით, საქართველოს მოსახლეობამ,  პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად არ მიიღო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება, რის შემდეგაც, მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სტრატეგია შეცვალა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამოშიგვნა დაიწყო:

“ასეთი რამ დაიწყეს: მოდით, დავიწყოთ პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამოშიგვნა, არაფერი დავუტოვოთ და საზოგადოება თვითონ იტყვის, რად გვინდა ასეთი უუფლებო პრეზიდენტი. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების წინააღმდეგი ვართ.”

შალვა შავგულიძის სიტყვებით, საქართველო ნელ-ნელა რუსეთის ფედერაციას ემსგავსება. მისი თქმით, სწორედ რუსეთია ინსტიტუციურად ისე მოწყობილი, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკონტროლებს:

“იქ არის მმართველი ძალის ასეთი გავლენა, როგორც სასამართლო ხელისუფლებაზე, ისე პროკურატურაზე. იქ ასეთივე გავლენაა მედიაზე, რომლის მიღწევას, სამწუხაროდ, ქართული ოცნება ცდილობს. ეს არ არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზა. ეს ევროპისკენ მიმავალი გზა არ არის,” – ამბობს შავგულიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით კი, დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი ქმნის ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს:

“კოსნტიტუციაში უხეში ფორმით არის დარღვეული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ეს ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. ჩვენ ვინარჩუნებთ საპარლამენტო სისტემას და მიზნად ვისახავთ მის  დახვეწას. ჩვენ უნდა მივიღოთ ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და პრეზიდენტი ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებით.”

________________________________________________________________________

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი