ახალი ამბებისაზოგადოება

3 პრინციპი, რომელსაც თბილისის მიწათსარგებლობის ახალი კონცეფცია ეფუძნება

29 მარტი, 2017 • 2994
3 პრინციპი, რომელსაც თბილისის მიწათსარგებლობის ახალი კონცეფცია ეფუძნება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დასრულებული ვერსია თბილისის მერიას, სავარაუდოდ, 15 აპრილს გადაეცემა. კომპაქტური, მწვანე და უკეთ დაკავშირებული ქალაქი – “კონცეფცია 2030”-ის ავტორებმა ძირითადად სამი მიმართულება გამოკვეთეს, რომელზეც ქალაქის განვითარების საბოლოო გეგმა შეიქმნება.

კონცეფციის შესახებ გეგმის საპროექტო ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

“ეს არის ქალაქის მიწათსარგებლობის კონცეფცია, რომელზეც შემდეგ აშენდება კონკრეტული გეგმა. მიმდინარეობს საბოლოო ვერსიის დამუშავება. დასრულებული ვერსია გადაეგზავნება თბილისის მერიას, ასევე, გაიმართება საჯარო განხილვებიც. საბოლოო სახით დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს თბილისის საკრებულომ, რათა მან უკვე ნორმატიული ძალა შეიძინოს,” – ამბობს სალუქვაძე.

პირველი ნაწილი: კომპაქტური ქალაქი

სალუქვაძის თქმით, ამ ნაწილში ყველაზე მთავარი შეთავაზება, რაც ქალაქის მთავრობის მიმართ სამუშაო ჯგუფს აქვს, პოლიცენტრულობის იდეაა, რაც ნიშნავს, რომ დეცენტრალიზაციის მიზნით, ყველა მჭიდროდ დასახლებულ დიდ უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის უბნისათვის საჭირო ყველა დაწესებულება. შედეგად, ქალაქი საცობებისაგანაც განიტვირთება.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც განაშენიანებული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ გასვლა არ სჭირდება. არის საკმაოდ ბევრი რესურსი იმისათვის, რომ ოპტიმალურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ქალაქის შიგნით არსებული ტერიტორიები. ვგულისხმობ არა საზღვრის შიგნით, არამედ განაშენიანებული ნაწილის შიგნით. ქალაქის პოლიცენტრულობა ძალიან საინტერესო არის და ასევე სრული სიახლე. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ გვაქვს ერთი ცეტრი. ყველა საჭიროებისთვის სწორედ ამ ქალაქის ცენტრს ვტვირთავთ – მათ შორის სატრანსპორტო მოძრაობით. აქედან გამომდინარე, ქალაქს ბევრი პრობლემა უჩნდება, მათ შორის, ეკოლოგიური, ხშირი საცობები, რომლითაც ყველა შეწუხებული ვართ. სწორედ პოლიცენტრულობა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ და ვამბობთ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ამგვარი ცენტრების ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს განიტვირთოს ქალაქის ცენტრი,” – ამბობს სალუქვაძე

მეორე ნაწილი: მწვანე ქალაქი

სალუქვაძის თქმით, გამწვანების საკითხები ქალაქში მხოლოდ მწვანე საფარის გაზრდას არ ნიშნავს. ამ ნაწილში ცალკეა გამოყოფილი მდინარის სანაპიროების ათვისებისა და უკვე არსებული რეკრეაციული ზონების შენარჩუნების საკითხები. ასევე, კონცეფციის თანახმად, უნდა შეიქმნას მწვანე ინფრასტრუქტურა და გამწვანებული ზონები ერთმანეთს დაუკავშირდეს. მისი თქმით, გამწვანების წილი ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში დაახლოებით 5%-ია. ერთ სულ მოსახლეზე ახლა გამწვანების 3-4 კვ. მეტრი მოდის, რაც 10-11 კვ. მეტრამდე უნდა გაიზარდოს:

“ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს ქალაქში – მდინარე თავისთვის მიედინება და ქალაქი თავისთვის ცხოვრობს. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ რეკრეაციული, გამწვანებული ტერიტორიების მეშვეობით ჩვენ შევძლოთ და ქალაქის მდინარესთან ახლოს მივიდეთ. ბუნებრივია, აქ გადასაწყვეტი იქნება თავად მტკვრის ეკოლოგიური პრობლემები. მერია ახლა წმენდს მტკვრის ნაპირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მტკვრის კალაპოტის გაწმენდა. პირველ რიგში ის ტერიტორიები, რომლებიც ბუნებრივი კალაპოტშია და ბევრი არ გვაქვს, მაგალითად, დიღმის ჭალები, ის უნდა დავიცვათ მაქსიმალურად და რეკრეაციული, საპარკო ფუნქციები შევინარჩუნოთ და არ დავუთმოთ ეს ტერიტორიები მთლიანად განაშენიანებას. მაშინ მივიღებთ იმავეს, მდინარე თავისთვის იქნება, ქალაქი- თავისთვის და ძალიან ფასეულ ტერიტორიას დავკარგავთ. ამავდროულად, უკვე არსებული რეკრეაციული ზონები უნდა მიუახლოვდეს მდინარეს.

მაგალითად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავზარდოთ მწვანე ზონები და მტკვრამდე ჩამოვუშვათ ან გავაჩინოთ ახალი ტერიტორიები. ყოველ შემთხვევაში, სანაპიროს ათვისების მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. უნდა შევქმნათ მწვანე ინფრასტრუქტურა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ კუნძულებად გვაქვს გამწვანება. კავშირები უნდა დავამყაროთ გამწვანებულ ნაწილებთან. ერთ სულ მოსახლეზე ახლა 3-4 კვ. მეტრი მოდის გამწვანების, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 10-11 კვ. მეტრამდე გავზარდოთ. რაც არ არის ფანტასტიკური მაჩვენებელი, მაგრამ ის არის, რის საშუალებასაც გვაძლევს ქალაქი. საკმაოდ რთული მდგომარეობაა და სანთლით ვეძებთ ტერიტორიებს, რომლებიც შეიძლება გამწვანების ფუნქციით დავტვირთოთ.”

მესამე ნაწილი: უკეთ შეკავშირებული ქალაქი

კონცეფციის თანახმად, უნდა გადაიხედოს ქალაქის მთავარი დამაკავშირებელი წერტილები და გამოინახოს ახალი საშუალებები მტკვრის სანაპიროების ერთმანეთთან უკეთ დასაკავშირებლად, რამაც თავის მხრივ სატრანსპორტო მოძრაობა უნდა გააუმჯობესოს:

“რაც გულისხმობს სატრანსპორტო სახის გადაწყვეტებს, რომელსაც ქალაქს ვთავაზობთ. პირველ რიგში, ეს იქნება იმ განივ კავშირებზე აქცენტის გაკეთება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ არეალში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არათანაბრადაა განვითარებული. ამიტომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასავითარებლად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია წვდომადობის გაზრდა, რაც განივი კავშირის გარეშე წარმოუდგენელია.”

რაც შეეხება შეზღუდვებს მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობების ნებართვების შესახებ სალუქვაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიას მათ ადრევე მიმართეს რეკომენდაციით და მიესალმებიან K2 კოეფიციენტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ეს შეზღუდვა შენარჩუნდეს და მუდმივმოქმედი იყოს. ჩვენ შევისწავლეთ უკვე გაცემული ნებართვები და დაახლოეებით 9 მლნ. კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართზეა გაცემული ნებართვა წლების მანძილზე. უმეტესი ნაწილი შესაძლოა არც აშენებულა. რა თქმა უნდა, გენგემას არ შეუძლია ამ ნებართვების შეჩერება, ჩვენ დაქირავებული ვართ იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ ქალაქის განვითარება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს. მშენებლობებს უნდა ველოდოთ. მაგრამ კიდევ ახალ ტერიტორიებზე მშენელობების გაჩაღება მაშინ, როდესაც მოთხოვნა ნაკლებია, კიდევ უფრო მეტ პრობლემას გააჩენს,” – ამბობს მამუკა სალუქვაძე.

კონცეფციის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს 30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში შეეძლება. შესაძლებელი იქნება წერილობით შენიშვნების დატოვებაც. გამოფენა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მისი გამოტანა სხვა საგამოფენო სივრცეებშიც იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი