ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის საქმეს სასამართლო ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში იხილავს

28 მარტი, 2017 • 2015
დეკანოზ მამალაძის საქმეს სასამართლო ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში იხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადვოკატების შუამდგომლობას, რომ შეიცვალოს მამალაძის აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გირაოთი. კერძოდ, დაცვის მხარე 20-ათასლარიან გირაოს მოითხოვს.

პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აუცილებელია, დეკანოზი მამალაძე კვლავაც პატიმრობაში დარჩეს, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას. ბრალდების მხარემ მოითხოვა პროცესის დახურვა, რასაც ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე და თავად ბრალდებული, რომელიც დღევანდელ პროცესს ესწრება.

მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუმადგომლობა, რომ საქმე საიდუმლო მასალებს შეიცავს და ამის გამო პროცესი ნაწილობრივ დახურა. ამ დროისთვის (18:45 სთ.) სხდომა კვლავაც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი