ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აფხაზებსა და ოსებს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ

28 მარტი, 2017 • 2567
მინისტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აფხაზებსა და ოსებს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ

“მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  მცხოვრებ მოსახლეობას,  რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მათი ბედი და ჩვენი სურვილია, ის დიდი სიკეთე, რომლითაც უკვე  დღეიდან ისარგებლებენ  საქართველოს მოქალაქეები, მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი”, – მიმართავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზებსა და ოსებს.

“როდესაც  მათ არ შეუძლიათ,  რამდენიმე  მეტრითაც კი გადაადგილდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის, საკუთარ კარმიდამოში, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას,  საქართველოს მოქალაქის პასპორტით ისარგებლონ და უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირში. ეს მათთვისაც არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა, რომელიც დღეს  ოკუპაციის პირობებში  წართმეული აქვთ.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ტრაგიკული და პარადოქსულია, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ დიდ მიღწევაზე, რაც უვიზო მიმოსვლას, ვიზალიბერალიზაციას  და ათასობით კილომეტრზე  საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკავშირდება მაშინ, როდესაც ჩვენს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის  რეგიონებში, მოსახლეობა ფაქტობრივად მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფება   და იზოლირებულია როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ისე მსოფლიოსგან”, – წერია მინისტრის განცახდებაში.

ქართული მხარე, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აფხაზებისა და ოსებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესაძლებლობაზე აქამდეც საუბრობდა.

ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით ადრევე გამოეხმაურა. აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება, ქართული მხარის შეთავაზებას აფასებს, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობას, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოსური მხარეც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.


 

დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი