ახალი ამბები

რა შემთხვევაში აღარ დაგაპატიმრებენ, თუ მარიხუანას დათესავთ

28 მარტი, 2017 • 6585
რა შემთხვევაში აღარ დაგაპატიმრებენ, თუ მარიხუანას დათესავთ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე (სსსკ–ის 265–ე მუხლი), მოყვანაზე ან კულტივირებაზე პატიმრობა უქმდება. ცვლილების მიხედვით, მარიხუანის დათესვა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160–დან 220 საათამდე ვადით.

კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედება, თუ ჩადენილია დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400–დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის 265–ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 6 წლამდე.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 265-ე მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის შენიშვნა: “ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.”

ბექა წიქარიშვილი, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის ბრძოლაში წლებია აქტიურად არის ჩართული, ვარაუდობს, რომ იუსიტიის სამინისტრომ კანონპროექტში აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმიტომ შეიტანა, რომ ძალიან მალე ისედაც გამოვიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “თეთრი ხმაურის მოძრაობის” სარჩელზე დათესავა-მოყვანასთან დაკავშირებით. როგორც წიქარიშვილი ამბობს, მთელი პროცესი მათ სასარგებლოდ მიდიოდა სასამართლოში, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ჭკუა იხმარა და საკონსტიტუციო სასამართოს დაასწრო ცვლილება.

“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლი (კანაფის დათესვა და მოყვანა), რომელიც ამჟამად მოქალაქეების დაპატიმრებას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის 10 მარტს გაასაჩივრა. მოსარჩელე ლაშა გაგიშვილია, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამათლოში არიან ვახუშტი მენაბდე და  ზვიად მარკოიძე. მათ საკონსტიტუციოს სასამართლოში სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შიეტანეს, კერძოდ, მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობამობისთვის.

სადავოდ მივიჩნიეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის. კერძოდ, 265-ე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის, მე-2 ნაწილის მიმართ – (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება).”

შეგახსენებთ, რომ საქმეზე “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მიმდინარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც იგივე გავრცელდება მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის შემთხვევაშიც, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ, როგორც წიქარიშვილი ამბობს, ერთი წლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაასწრო ამ გადაწყვიტილების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი