ახალი ამბები

თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება

18 დეკემბერი, 2012 • 1025
თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე. 

 

რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფება არისი ბოჭოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დეტალები არ იციან. 

 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბოჭოიძე რიყის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით არის დაბარებული. 
 
 
თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გუშინ, 17 დეკემბერსაც გაავრცელა.
 
 
სამინისტროს განმარტებით, გრძელდება გამოძიება რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით.
 
 
“ამ საკითხზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე. ამის შესახებ მას უკვე ეცნობა. საგამოძიებო სამსახურში იგი ხვალ, 18 დეკემბერს, 16 საათზე უნდა გამოცხადდეს. ამავე საკითხზე საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ასევე დაბარებულია საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ყოფილი წევრი დავით საყვარელიძე. შესაბამისი უწყება უკვე ჩაბარდა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას. დ. საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 18 დეკემბერს 12 საათზე უნდა გამოცხადდეს,”- განაცხადეს სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი