ახალი ამბები

პრემიერი: ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს

28 მარტი, 2017 • 1929
პრემიერი: ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სტუდენტებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უვიზოდ შენგენის ზონაში პირველად ათენში გაემგზავრა, სადაც კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

“საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად – იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,”- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო – ევროპიდან ევროპამდე“.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია, რომლის ეკონომიკასა და კულტურაზე ქართველი მოქალაქეების უკვე მეორე თაობა თავის კვალს ტოვებს.

“ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია.

ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიის დამთავრების შემდეგ საქართველოც ჩინეთის გზაგამტარი გახდება. ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა შეაფასა და ის ახალი მიმართულებები დაასახელა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულია: ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა; ტურიზმი და სასტუმრო სექტორი; სოფლის მეურნეობა, კვება და გასტრონომია; მშენებლობა და ენერგეტიკა.

 

საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იპოვის საკუთარ ადგილს ევროპულ ოჯახში და “ამ გზაზე ქართველების მოძრაობა დღეს ათენიდან იწყება”.

სამეცნიერო კონფერენციას – „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მელეტიოს-ათანასიოს  დიმოპულოსი,  თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის  ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავითლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე.

სამეცნიერო კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 28.03.2017

სამეცნიერო კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური. 28.03.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი