ახალი ამბები

პროკურატურის შუამდგომლობას დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო დღეს განიხილავს

28 მარტი, 2017 • 1502
პროკურატურის შუამდგომლობას დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო დღეს განიხილავს

პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 28 მარტს, 17:00 საათზე განიხილავს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 24 მარტს მიმართა. სასამართლო თუ დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას წინსასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, 72 საათში სასამართლო მოიწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა გიორგი მამალაძის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვება. დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ დროს დაცვის მხარე დააფიქსირებს პოზიციას გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 23 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა სინოდის წევრების მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის შესახებ. ამის მიზეზად სასამართლომ დაასახელა შუამდგომლობაში არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნების უგულებელყოფა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი