ახალი ამბებისაზოგადოება

სახელმძღვანელო შეიძლება გრიფირებული იყოს, მაგრამ სკოლაში მაინც ვერ შევიდეს

28 მარტი, 2017 • 3099
სახელმძღვანელო შეიძლება გრიფირებული იყოს, მაგრამ სკოლაში მაინც ვერ შევიდეს

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით, შესაძლებელია, რომ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭოს, თუმცა სკოლებში ამ წიგნით სწავლება არ დაიწყონ, რადგან გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან სამინისტრო ტენდერის ფორმით შეიძენს იმ წიგნს, რომელზეც გამომცემლობა ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს, თუნდაც ამ წიგნს ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდეს მიღებული გრიფის მინიჭებისას. გამომცემლობების ნაწილი ამ მიდგომის წინააღმდეგია და არ გამორიცხავს, რომ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღონ.

როდესაც სახელმძღვანელოს გრიფი ენიჭება, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო სწავლებისთვის გამოსადეგია. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ იმ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გრიფი აქვს მინიჭებული, ტენდერის წესით შეიძენს. ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო გამომცემლობისგან ყიდულობს საავტორო უფლებას, ინტელექტუალურ საკუთრებას, შემდეგ რომ დაბეჭდოს და სკოლებში ამ სახელმძღვანელოებით დაიწყოს სწავლება:

“თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონი  პირდაპირ ავალებს ბიუჯეტის თანხით შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე ან მომსახურეობაზე, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, სახელმწიფო ორგანიზაციებს ტენდერის ჩატარებას. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ტენდერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ძალიან პრიმიტიულია საუბარი იმაზე, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესასყიდად ტენდერის ჩატარება შეუძლებელია. ინტელექტუალური საკუთრება არის ჩვეულებრივი ქონებრივი უფლება, მაღალი რანგის, მაგრამ მაინც ქონებრივი უფლება და მასთან დასაშვებია ისეთივე მანიპულაციები, როგირიც ნებისმიერ სხვა უფლებასთან მიმართებაში”, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია.

ასეთი წესის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ გამომცემლობამ ფული დახარჯოს წიგნის შექმნაზე, შექმნას რამდენიმე საგანში სხვადასხვა კლასისთვის სახელმძღვანელო, კომისიამ უმაღლესი ქულით მიანიჭოს გრიფი, მაგრამ ეს სახელმძღვანელო სკოლებში ვერ მოხვდეს, რადგან განათლების სამინისტრო იმ სახელმძღვანელოს შეიძენს, რომელსაც შესაძლებელია უფრო დაბალი ქულით, მაგრამ მაინც ექნება გრიფი მინიჭებული, თუმცა გამომცემელი უფრო იაფად მიყიდის უწყებას ამ ინტელექტუალურ საკუთრებას:

“პროდუქტის გამომტანი ბაზარზე არ არის გარანტირებული, რომ მისი პროდუქტი გაიყიდება და არ არის გარანტირებული, რომ სახელმწიფო რაიმე ფორმით ვალდებულებას აიღებს ამ პროდუქტის შეძენაზე. მითხარით ნებისმიერი სხვა სფერო, სადაც მომწოდებელი გარანტირებულია, რომ მის მიერ შექმნილი პროდუქცია სახელმწიფოს მიერ გარანტირებულად იქნება შეძენილი? ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე პროდუქტი, თუნდაც ინტელექტუალური, გარანტირებულად უნდა შევიძინოთ”,- ამბობს მინისტრის მოადგილე.

შეკითხვაზე, სხვა პროდუქციის მწარმოებლებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მათი პროდუქცია ალტერნატიულ მყიდველს მიჰყიდონ, ხოლო თუ განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს შეძენაზე უარს იტყვის, მათ გამომცემლობები ვეღარსად გაყიდიან, რადგან სახელმძღვანელოს ერთადერთი მომხმარებელი ჰყავს – მოსწავლე და სკოლა, განათლების მინისტრის მოადგილე გამომცემლობებს კერძო სკოლების კონტიგენტს სთავაზობს, რომელიც რეალურად, მთელი კონტიგენტის მხოლოდ 7 %-ია.

“არავინ არავის ზღუდავს, რომ კერძო სკოლებში წარადგინოს გრიფირებული წიგნი. რაც შეეხება საჯარო სკოლას, ჩვენ გვაქვს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ არ გავწიოთ ზედმეტი ხარჯები, ჩვენ შევარჩევთ გრიფირებულს, ანუ ხარისხიან წიგნებს შორის ყველაზე ოპტიმალურ ფასს”,- ამბობს მინისტრის მოადგილე.

შეკითხვაზე, საფრთხეს უქმნის თუ არა ამგვარი მიდგომა განათლების ხარისხს, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

“რასაც უნდა ყიდულობდეთ, ყოველთვის ძვირიანს ყიდულობთ? განათლების ხარისხი არ არის წიგნების 100%-იანი ხარისხი. განათლების ხარისხი შედგება წიგნებისგან და 90 ქულას ზევით ყველა წიგნი კარგია. შედგება ლაბორატორიებისგან და თვალსაჩინოებისგან”.

მისივე თქმით, თუ 1 ქულაზე ფასის 2%-ს დააკლებს გამომცემლობა სახელმძღვანელოს, მეტი ალბათობაა იმისა, რომ გრიფის მინიჭებისას შედარებით დაბალი ქულის მქონე სახელმძღვანელოები შევიდეს სკოლაში, ვიდრე ის სახელმძღვანელო, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულა აქვს, მაგრამ გამომცემლობა ძვირს აფასებს.

გამომცემლობა “არტანუჯის” დამფუძნებლის,  ბუბა კუდავას განცხადებით, განათლების სამინისტრო იმ სახელმძღვანელოს შესყიდვას კი არ აპირებს, რომელიც სკოლამ აირჩია, არამედ დაბალფასიანის. მისივე თქმით, სახელმწიფო ძალადობრივი გზით ცდილობს, გამომცემლებს ინტელექტუალური საკუთრება წაართვას:

“სახელმწიფომ გადაწყვიტა, მაქსიმალურად დაბალ ფასად იყიდოს შინაარსი და შემდეგ ბეჭდვაზე გამოაცხადოს ტენდერი. ეს მიუღებელია. ინტელექტუალური საკუთრება არ გულისხმობს მხოლოდ სახელმძღვანლოს შექმნას, არამედ განკარგვასაც მოიაზრებს. შექმნის და ბეჭდვის უფლება განუყოფელია.”

მეორე მოთხოვნა, რაზეც სამინისტრო გამომცემლობას არ ეთანხმება, სწორედ გამომცემლების მიერ საჯარო სკოლებისთვის წიგნების სავალდებულო დაბეჭდვის მოთხოვნაა. მინისტრის მოადგილის თქმით, გამომცემლობებს აქვთ სურვილი, აკონტროლონ პროცესი და არ დაუშვან კონკურენცია.

“დღეს წიგნების წარმოება და მათი ბეჭდვა ორი განსხვავებული სეგმენტია. ამის დასტურია  გამომცემლები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სტამბა და პირიქით, სტამბები, რომლებიც არ არიან გამომცემლობის ნაწილი. ამის დასტურია ელექტრონული წიგნებიც, რომლებიც საერთოდ არ იბეჭდება. ამ ფონზე აუცილებელი არ არის, რომ საუკეთესო წიგნის შემქმნელმა მისი ყველაზე კარგად დაბეჭდვაც შეძლოს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვხედავთ გამომცემელთა ნაწილის სურვილს, არ დაუშვას ბაზარზე კონკურენცია და ახალი მოთამაშეების გაჩენა, რომელთა გამოჩენის პროცესს სამინისტრო ინტენსიურად შეუწყობს ხელს, რადგან წიგნებს ავტორები ქმნიან და არა გამომცემლები. უკვე დაწყებულია ავტორთა ინტენსიური ტრენინგი, რომელიც წარმატებით ვითარდება. ასევე, პირველად შემოდის წიგნების პერიოდული გაუმჯობესების ვალდებულება”,- ამბობს მინისტრის მოადგილე. 

შეკითხვაზე – რა ზიანდება იმით, რომ თავად გამომცემლობებმა ბეჭდონ სახელმძღვანელოები და გაზრდის თუ არა ეს სამინისტროს ხარჯს, თემურ მურღულია ამბობს, რომ 30%-ით გაზრდის, თუმცა მინისტრის მოადგილეს, დღეის მდგომარეობით, არ შეუძლია დაასახელოს ის თანხა, რომელიც სამინისტროს სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის ექნება გამოყოფილი.

ბუბა კუდავას თქმით, თუ გამომცემლებს კაბალურ პირობებში ჩააყენებენ, შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ტენდერში. მისივე განცხადებით, გამომცემლებს ბეჭდვა იმიტომ არ სურთ, რომ ფასები თავად განსაზღვრონ და ზემოგება ნახონ. მისი განმარტებით, გამომცემლები ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ცდილობენ:

“ადამიანები მონობაზე თანხმდებიან, შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე თანხმდებიან, შავი სამუშაოს შესრულებაზე თანხმდებიან, როდესაც მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, როცა დაკაბალებული და დამონებული არიან. ასეთ მდგომარეობაში თუ ჩააყენებენ გამომცემლებს, ზოგიერთი მიიღებს დაკაბალების პირობებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი