ახალი ამბები

საქართველოდან ევროპაში უვიზოდ ჩასულ პირველ მგზავრებს აეროპორტში კონსულები დახვდნენ

28 მარტი, 2017 • 28420
საქართველოდან ევროპაში უვიზოდ ჩასულ პირველ მგზავრებს აეროპორტში კონსულები დახვდნენ

28 მარტს ევროკავშირის სივრცეში საქართველოდან პირველი უვიზო მგზავრები მიიღეს ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და  ლარნაკაში.

“ოთხივე ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, მინისტრის პირადი ინიციატივით, ადგილზე დახვდნენ  პირველ ქართველ მგზავრებს”, – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უნგრეთში კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

„ბუდაპეშტში ქუთაისიდან პირველი რეისი 06:35 წუთზე შესრულდა. პირადად დავხვდი ქართველ მგზავრებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც შესაძლებლობა მქონდა, თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის. თითოეულ მათგანს მივულოცე  ეს ისტორიული დღე, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ხანია ელოდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ,“ – განაცხადა ბექა მაკარიძემ.

უნგრეთში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ბექა მაკარიძე დახვდა პირველ უვიზოდ ჩასულ მგზავრებს. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო. 28.03.2017

უნგრეთში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ბექა მაკარიძე დახვდა პირველ უვიზოდ ჩასულ მგზავრებს. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო. 28.03.2017

პოლონეთში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია.

„პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მესაზღვრეები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ ქართველი მგზავრების მიმართ. საღამოს  მგზავრთა მეორე ნაკადს ველოდებით, რომლებიც ქუთაისიდან გამოფრინდებიან პირდაპირი რეისით”, – განაცხადა ქეთევან ესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი