ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

28 მარტი, 2017 • 3181
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს, პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც გამთენიისას, 07:00 საათზე ათენში სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება. 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი