ახალი ამბები

სასკოლო ცხოვრებაში მშობლები მეტად ჩაერთვებიან

18 დეკემბერი, 2012 • • 4473
სასკოლო ცხოვრებაში მშობლები მეტად  ჩაერთვებიან

აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ისაუბრა. 

 

“ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და ეს მშობლების აქტიურობისა და ჩართულობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ჩართულობა ბევრი მიმართულობით შეიძლება განხორციელდეს,  დღეისათვის მშობლები სკოლის მართვაში არიან ჩართულნი. ვიცით, რომ სამეურვეო საბჭოებში მონაწილეობენ, სკოლის მართვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს უფრო მეტი სასწავლო პროცესში მოსწავლის სპეციფიკურ სირთულეებთან დაკავშირებით, ჩართულობა უფრო მეტად შინაარსზე ორიენტირებული პროცესი უნდა გახდეს, ვიდრე ფორმაზე, რომ ისინი ერთვებიან სკოლის მართვაში, ბიუჯეტის დამტკიცებაში და ასე შემდეგ”–განაცხადა გოგლიჩძემ.

 

პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების  დეპარტამენტს  სასწავლო გეგმის  ექსპერტები 17–21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმი, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. ასევე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის და შეიქმნა ელექტრონული ფოსტა mshobeli@mes.gov.ge, რომელზეც ყველა მშობელს კითხვების და რეკომენდაციები გაგზავნის შესაძლებლობა ექნებათ.

 

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის ნათია ჯოხაძის განცხადებით, 2013 წელს ორი პუბლიკაცია გამოვა. პირველი გზამკვლევი იქნება იმ მშობლებისათვის, ვისი შვილებიც დაწყებით კლასებში არიან, ხოლო მეორე გზამკვლევი შეეხება იმ რეკომენდაციებს, თუ რა საგანმანათლებლო ტიპის რესურსი უნდა მიეწოდოს მოსწავლეს ასაკის მიხედვით.

 

“2013 წელს  გამოვა გზამკვლევი მშობლებისთვის,  ვისი შვილიც დაწყებით კლასებში სწავლობს,  იქნება როგორც ასაკობრივი თავიებურებების აღწერა, ასევე ბავშის ფსიქო–სოციალური, ემოციური მდგომარეობის აღწერა, მაგალითები მშობლებისთვის, თუ როგორ  უნდა მოიქცეს  ამა თუ იმ სიტუაციაში, ასევე მეორე პუბლიკაციაში იქნება რეკომენდაციები საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ ხშირად გაგვიგია, რომ  ლიტერატურა უნდა შეესაბამებოდეს ასაკს.  ეს იქნება ნუსხა იმ რესურსებისა, რა შეიძლება ბავშვს შეთავაზო ასაკის მიხედვით”– განაცხადა ნათია ჯოხაძემ. 

 

პროექტი სამინიტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი