ახალი ამბებისაზოგადოება

8 ევროპული ქალაქი, სადაც უვიზოდ და იაფად იმოგზაურებთ

27 მარტი, 2017 • 86558
8 ევროპული ქალაქი, სადაც უვიზოდ და იაფად იმოგზაურებთ

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ. გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც მოგზაურობას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.

ავიაბილეთები, რომელთა ფასიც, ზოგიერთ შემთხვევაში, 100 ლარს არ აღემატება, ხელმისაწვდომი გახდა საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, “ვიზეარის” შემოსვლის შემდეგ. ვიზეარს აქვს “ფასდაკლების კლუბი”, რომლის წევრობის წლიური საფასური 29.99 ევროა. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს ფასდაკლებას ბილეთებსა და ბარგზე.

შენიშვნა: ყველა ფასი მოცემულია 27 მარტის მდგომარეობით.

ლარნაკა

ქუთაისიდან კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში სამშაბათს, 28 მარტს, უვიზოდ მიმოსვლის დაწყების პირველივე დღეს შეგიძლიათ წასვლა.

ლარნაკა ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროთი და ქვიშიანი პლაჟებით. ლარნაკაში პოპულარულ სანახაობას წარმოადგენს მლაშე ტბა, სადაც ზამთარში (ნომებრიდან მარტის პერიოდში) ფლამინგოებს შეხვდებით.

ვარდისფერი ფლამინგოები მლაშე ტბაში. უკან ჩანს ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი. ფოტო: EPA/KATIA CHRISTODOULOU

ვარდისფერი ფლამინგოები მლაშე ტბაში. უკან ჩანს ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი. ფოტო: EPA/KATIA CHRISTODOULOU

მლაშე ტბასთან არის ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი, რომელიც 1816 წელს ააგეს.

ლარნაკაშია IX საუკუნეში აშენებული წმინდა ლაზარეს ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეში აღადგინეს. ეკლესიას ხის მოჩუქურთმებული კანკელი აქვს, რომელიც ბაროკოს ხეზე კვეთის შესანიშნავი ნიმუშია.

ქალაქი ლარნაკა. ფოტო: vazovsky. CC

ქალაქი ლარნაკა. ფოტო: vazovsky.

ქუთაისიდან ფრენა ლარნაკას მიმართუილებით 115,19 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ვიზეარის ფასდაკლების კლუბის წევრი ხართ – ‎93,59 ლარი. ამ ფასში თან მხოლოდ მხოლოდ მსუბუქი ხელბარგის წაღება შედის. თუკი თან ბარგის წაღება გსურთ, ეს ფასდაკლების კლუბის ფასით ‎175,19 ლარი დაგიჯდებათ.

ლარნაკაში უფრო იაფად გაფრინდებით აპრილში: მაგალითად, თუ 1 აპრილის ბილეთს შეიძენთ, ფასდაკლების კლუბის ფასით 1 გზა მსუბუქი ხელბარგით 25 ლარი დაგიჯდებათ. ბარგით მგზავრობა კი – 106.29 ლარი. თუკი უკან დაბრუნებას 4 აპრილს მოისურვებთ, ფასდაკლების კლუბის ფასით 47.19 ლარად დაბრუნდებით, ხოლო ბარგით – 128,79 ლარად.

აპრილში ქუთაისიდან ლარნაკაში გასამგზავრებელი ბილეთის ფასი (იგულისხმება მინიმალური ფასის ბილეთი) ორი რეისის გარდა 50 ლარს არ აჭარბებს.

ლარნაკას პლაჟი. ფოტო: Sergey Galyonkin. წყარო: CC

ლარნაკას პლაჟი. ფოტო: Sergey Galyonkin. წყარო: CC

ლარნაკაში დარჩენის ადგილი შეგიძლიათ airbnb-ზე მოძებნოთ, სადაც ორადგილიანი საძინებლის იზოლირებული აბაზანით დაქირავებას ღამეში $25-ის ფარგლებში შეძლებთ.

სასტუმრო შეგიძლიათ დაჯავშნოთ Booking.com-ზე, სადაც საშუალოდ 90-100 ლარად ორ ადამიანზე ქალაქის ცენტრში აბაზანით, კონდიციონერით და უფასო wifi-ით აღჭურვილ ნომერს იქირავებთ.

1-4 აპრილის ლარნაკაში გატარება, მინიმალური ფასის ბილეთებისა და სასტუმროს ჩათვლით, ერთ ადამიანს 300 ლარი დაუჯდება.

ბერლინი

გერმანიის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია. ბერლინის პოლულარულ სანახაობებს შორის არის ბერლინის კედელი, ბრანდენბურგის კარიბჭე, ბერლინის პროტესტანტული ტაძარი, რაიხსტაგის შენობა, ბერლინის ბოტანიკური ბაღი და კიდევ უამრავი საინტერესო რამ. 

ბერლინი. ბრანდერბურგის კარიბჭე. ფოტო: Rodrigo Paredes. წყარო: CC

ბერლინი. ბრანდერბურგის კარიბჭე. ფოტო: Rodrigo Paredes. წყარო: CC

ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია ბერლინის მუზეუმების კუნძული, რომელიც ხუთი მუზეუმის კომპლექსს აერთიანებს. ბევრ უნიკალურ და ისტორიული მნიშვნელობის ნივთს შორის, სწორედ აქ არის დაცული ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი.

ბერლინის შენეფელდის აეროპორტისკენ  უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ პირველი რეისი ქუთაისიდან 31 მარტს სრულდება, თუმცა, საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამ რეისზე მხოლოდ 1 ადგილი არის დარჩენილი.

აპრილის განმავლობაში ბერლინის მიმართულებით ფრენა ყველაზე იაფი ორშაბათს, 10 აპრილს და ოთხშაბათს, 12 აპრილს არის. ორივე რეისზე ბილეთი ფასდაკლების კლუბით სარგებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხელბარგით მგზავრობა 68 ლარი დაგიჯდებათ.

ბერლინი. ფოტო: zoetnet. წყარო: CC

ბერლინი. ფოტო: zoetnet. წყარო: CC

თუ ბერლინში უვიზოდ 10 აპრილს გაემგზავრებით, 14 აპრილს უკან დაბრუნება, ფასდაკლების კლუბის წევრობის შემთხვევაში, 124.79 ლარი დაგიჯდებათ.

ბერლინში, ჰოსტელში ერთი საწოლის დაქირავებას ღამეში 35-50 ლარად შეძლებთ. ამ ფასში შედის უფასო wifi და აბაზანა, 13-15 ლარის დამატების შემთხვევაში – საუზმეც.

რაც შეეხება სასტუმროებს, booking.com-ის ინფორმაციით, აპრილში ორ პერსონაზე ერთი ოთახის ფასი 100-130 ლარიდან იწყება. ფასში არ შედის საუზმე. შედარებით დაბალფასიან ნომრებს საზიარო სააბაზანო აქვს. თუმცა საოჯახო სასტუმროში აპრილში 130 ლარად შესაძლებელია დაიქირავოთ ნომერი იზოლირებული აბაზანითა და საუზმით.

Airbnb-ის საშუალებით აპრილში ორ პერსონაზე ოთახის დაქირავებას ღამეში $16-დან შეძლებთ. ამ ფასში შედის აბაზანა და უფასი wifi.

თუ მინიმალურფასიანი ბილეთებით გაემგზავრებით და ჰოსტელში დარჩებით, 10-14 აპრილს ამაში 240 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ბუდაპეშტი

უნგრეთის დედაქალაქი ტურისტებს მრავალი საინტერესო ადგილით იზიდავს. მათ შორისაა მეთევზეთა ბასტიონი, რომელიც ნეოგოთური და ნეორომანული სტილით არის აშენებული და საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად. ასევე, დოჰანის სინაგოგა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული. 

ბუდაპეშტი. ფოტო: Moyan Brenn. წყარო: CC

ბუდაპეშტი. ფოტო: Moyan Brenn. წყარო: CC

ბუდაპეშტში უცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორისაა უნგრეთის ეროვნული მუზეუმი, Gerbeaud Café, რომელიც ქალაქის ერთ–ერთი უძველესი კაფეა. წმინდა სტეფანის ბაზილიკა – ბუდაპეშტის ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც უნგრეთის პირველი მეფის, სტეფანის მუმიფიცირებული ხელი ინახება.

უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ შაბათს, 1 აპრილს, ბუდაპეშტის მიმართულებით ფასდაკლების კლუბით სარგებლობის შემთხვევაში ერთი გზა ერთ პერსონაზე ‎362,39 ლარია.

შედარებით დაბალი ფასია შაბათს, 8 აპრილს – ‎178,39 ლარი (ფასდაკლების კლუბის წევრებისთვის)  და  ასევე შაბათს, 22 აპრილს – ‎124,79 ლარი (ფასდაკლების კლუბის წევრებისთვის).

ბუდაპეშტი. ფოტო: Dimitris Kamaras. წყარო: CC

ბუდაპეშტი. ფოტო: Dimitris Kamaras. წყარო: CC

რაც შეეხება უკან დასაბრუნებელი ბილეთების ფასებს, თუკი ქუთაისიდან 22 აპრილს გაემგზავრებით, ორშაბათს, 1 მაისს მინიმალური ფასის ბილეთით უკან დაბრუნებას ‎104 ლარად შეძლებთ.

Booking.com-ზე განთავსებული ინფორმაციით, აპრილში ბუდაპეშტში სასტუმროში 2-ადგილიანი ნომრის დაქირავებას 80-90 ლარიდან შეძლებთ.

რაც შეეხება airbnb.com-ს, აპრილში ოთახის ფასები ღამეში $11-დან იწყება. ქალაქის ცენტრში აბაზანით და უფასო wifi-ით აღჭურვილი ბინის დაქირავებას – $25-30 დოლარად.

თუ მინიმალურფასიანი ბილეთებით გაემგზავრებით და ჰოსტელში დარჩებით, 22-24 აპრილს ამაში 280 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუ სასტუმროში დარჩებით – ფასები 365 ლარიდან დაიწყება.

ვენა

მართალია, ქუთაისიდან ვენაში პირდაპირი რეისით “ვიზეარი” არ დაფრინავს, მაგრამ ხშირად ქართველი ტურისტები ბუდაპეშტში გამგზავრების შემდეგ ვენაში მატარებლით ან ავტობუსით მიემგზავრებიან.

მაგალითად, თუ ბუდაპეშტში 22 აპრილს გაემგზავრებით და 25 აპრილს ვენაში მოინდომებთ წასვლას, goeuro.com-ის მონაცემებით, მატარებლით ორივე გზა 38 ევრო დაგიჯდებათ.

ვენა. ფოტო: Roderick Eime. წყარო: CC

ვენა. ფოტო: Roderick Eime. წყარო: CC

გარდა იმისა, რომ ვენა მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა.

ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა შონბრუნის სასახლე, რომელიც იმპერატორების საგვარეულოს, ჰაბსბურგების დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია იყო. უზარმაზარ კომპლექსში შედის ბაღი და ზოოპარკიც.

ვენის სიმბოლოა წმინდა სტეფანეს ტაძარი, რომელიც დღეს ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოთიკური ნაგებობაა.

ვენაში აუცილებლად სანახავ ადგილთა შორისაა ბელვედერის მუზეუმი, სადაც დაცულია გუსტავ კლიმტის ცნობილი ნამუშევარი “კოცნა”.

boooking.com-ზე ვენის ცენტრში, სასტუმროში აპრილში დარჩენა შედარებით ძვირია – ორ პერსონაზე სასტუმროების ფასი დაახლოებით 280 ლარიდან იწყება. ცენტრიდან მოშორებულ ადგილას სასტუმროს ორ პერსონაზე 130 ლარადაც დაიქირავებთ. ჰოსტელში ღამის გათევა კი ერთ პერსონაზე 57 ლარი ღირს.

მილანი

მილანი ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს და მოდის ინდუსტრიაში გავლენიანი ქალაქი და შოპინგ-ცენტრია.

მილანში მოგზაურობის მსურველებს პრველ რიგში დუომოს ტაძრის ნახვას ურჩევენ, რომელიც შთამბეჭდავი გოთიკური არქიტექტურით გამოირჩევა.

მილანშია ცნობილი ლა სკალას ოპერის თეატრი, რომლიც მე-18 საუკუნეში გაიხსნა. ლა სკალას წარმატებასთან მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის სახელი არის დაკავშირებული.

 

მილანი, ლა სკალა. ფოტო: Bert Kaufmann. წყარო: CC

მილანი, ლა სკალა. ფოტო: Bert Kaufmann. წყარო: CC

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკა “საიდუმლო სერობა” მილანში, სანტა მარია დე ლა გრაციეს ეკლესიაში არის დაცული.

მილანში უვიზოდ გამგზავრებას ორშაბათს, 3 აპრილს შეძლებთ. ბილეთის მინიმალური ფასი, ვიზეარის კლუბის ფასდაკლების გათვალისწინებით, ‎114,39 ლარია. აპრილში ამ ფასად მგზავრობას შეძლებთ ორშაბათს, 10 აპრილს.

თვის განმავლობაში მილანში ყველაზე იაფად – 104 ლარად 12 აპრილს გაფრინდებით. თუკი ქუთაისში უკან დაბრუნებას ორშაბათს, 24 აპრილს მოინდომებთ,  ფასდაკლების კლუბის ფასის გათვალისწინებით ბილეთი ‎93,59 ლარი დაგიჯდებათ.

აპრილში მილანის ცენტრში სასტუმროს მოძებნას 2 პერსონაზე 140 ლარიდან შეძლებთ, ჰოსტელში დარჩენას ერთი ადამიანი 60 ლარის ფარგლებში შეძლებს.

თუ ჰოსტელში დარჩებით და ორივე გზაზე ფასდაკლების კლუბის ბილეთებით იფრენთ, მილანში 7 ღამე (12-19 აპრილი) 652 ლარი დაგიჯდებათ.

ვარშავა

ვარშავა პოლონეთის დედაქალაქი და მისი ინდუსტრიული ცენტრია. ვარშავაში 30-მდე თეატრი მოქმედებს, ქალაქის ძველი ნაწილი კი იუნესკოს კულტურული მემკვიდრობის სიაშია შეტანილი.

ძველი ვარშავა, რომელიც მდინარე ვისლას ნაპირზე მდებარეობს, გამორჩეული ტურისტული ადგილია. სწორედ ძველ ქალაქში მდებარეობს ბაზრის მოედანი, რომლის დათვალიერებასაც ურჩევენ ტურისტებს.

ვარშავა. ფოტო: Marco Bellucci. წყარო: CC

ვარშავა. ფოტო: Marco Bellucci. წყარო: CC

ასევე, აუცილებლად სანახავთა სიაშია ადამ მიცკევიჩის ლიტერატურის მუზეუმი და ვარშავის ისტორიის მუზეუმი, ასევე, ზიგმუნდის სვეტი და პრეზიდენტის სასახლე.

ქუთაისიდან ვარშავაში გამგზავრებას შაბათს, 1 აპრილს, ვიზეარის ფასდაკლების კლუბის წევრები ‎114,39 ლარად შეძლებენ. თვის განმავლობაში ვარშავის მიმართულები ფრენა ყველაზე იაფია 11 აპრილს – ‎47,19 ლარი ფასდაკლების კლუბის წევრებისთვის, ფასდაკლების გარეშე –  ‎68,79  ლარი.

ძველი ქალაქის მოედანი ვარშავაში. ფოტო: Alexander Cahlenstein. წყარო: CC

ძველი ქალაქის მოედანი ვარშავაში. ფოტო: Alexander Cahlenstein. წყარო: CC

თუკი ვარშავის მიმართულებით 11 აპრილს გაფრინდებით, ქუთაისში დაბრუნებას 20 აპრილს  ‎93,59 ლარად შეძლებთ.

Booking.com-ზე ვარშავაში აპრილში სასტუმროს ღამეში 100 ლარიდან მოძებნით, ხოლო ჰოსტელში ორ ადამიანის დარჩენა 96 ლარი ღირს.

თუ ორივე გზაზე ფასდაკლების კლუბის ბილეთებით იფრენთ, ვარშავაში 2 ღამე (11-13 აპრილი) 330 ლარი დაგიჯდებათ.

ვილნიუსი

ლიტვის დედაქალაქის ცნობილ ტურუსტულ ადგილებს შორის არის ვილნიუსის დიდი ჰერცოგების სასახლე – ბაროკოს სტილის შენობათა კომპლექსი მე-17 საუკუნეში დიდმა ჰერცოგებმა ააშენეს.

წმინდა სტანისლავის და წმინდა ვლადისლავის საკათედრო ტაძარი ლიტველი კათოლიკეებისთვის მნიშვნელოვანი წმინდა ადგილია. სწორედ აქ იმართება ქვეყნის ქრისტიანული და ნაციონალური დღესასწაულები. 1922 წელს რომის პაპმა პიუს  XI-მ ტაძარს ტიტული “ბაზილიკა” მიანიჭა.

ვილნიუსი. ფოტო: Mantas Volungevicius. წყარო: CC

ვილნიუსი. ფოტო: Mantas Volungevicius. წყარო: CC

ვილნიუსში ტურისტებს ასევე ურჩევენ წმინდა ანას ეკლესიის, ვილნიუსის უნივერსიტეტის, ვილნიუსის სამხატვრო გალერეის მონახულებას.

ვილნიუსში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, 29 მარტს, ქუთაისიდან მინიმალურფასიანი ბილეთით მგზავრობას 114,39 ლარად შეძლებთ (ფასდაკლების კლუბის წევრების ფასით).

ბილეთის ფასი უფრო იაფია 5 აპრილს – ‎‎114,39 ლარი.  ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებაზე შედარებით დაბალი ფასია 9 აპრილს – 104 ლარი.

თუკი ქუთაისიდან 9 აპრილს გაემგზავრებით ვილნიუსში, უკან დასაბრუნებელი ბილეთი ფასდაკლების კლუბის ფასით 12 აპრილს 104 ლარი დაგიჯდებათ.

Booking.com-ზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, აპრილში ვილნიუსის ცენტრში ორ პერსონაზე გათვლილ ეკონომიურ ნომერში ღამეს დაახლოებით 80 ლარიდან გაატარებთ. ჰოსტელში დარჩენა  2 ადამიანზე კი 60 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.

თუ ორივე გზაზე ფასდაკლების კლუბის ბილეთებით იფრენთ და სასტუმროში დარჩებით, ვილნიუსში 3 ღამე (9-12 აპრილი) 400 ლარი დაგიჯდებათ.

სალონიკი

სალონიკი საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქია. სალონიკში შეხვდებით როგორც ბიზანტიური, ასევე ოტომანების იმპერიის არქიტექტურის ნიმუშებს.

სალონიკში ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილია თეთრი კოშკი, როემლიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარი სამარკო ნიშანია.

სალონიკი. ფოტო: linmtheu. წყარო: CC

სალონიკი. ფოტო: linmtheu. წყარო: CC

სალონიკში ტურისტებს ურჩევენ მოინახულონ ბიზანტიური ეპოქის კედლები, სამეფო თეატრი, თესალონიკის საკონცერტო დარბაზი, არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ადრექრისტიანული საფლავები არის შემონახული.

აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა უძველესი აგორა, რომელიც გვიანი მეორე და ადრეული მესამე საუკუნით თარიღდება. ასევე, ტრიუმფალური თაღი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 305 წელს აშენდა აღმოსავლეთ პროვინციებში რომის იმპერიის სამხედრო წარმატების აღსანიშნავად.

ქუთაისიდან სალონიკში 4 აპრილს ფასდაკლების კლუბის წევრები 68 ლარად გაფრინდებიან, 8 აპრილს – 42.39 ლარად. ასევე დაბალი ფასია 11 აპრილის რეისზე – 47.19 ლარი, თვის მეორე ნახევარში კი ფასები იმატებს.

თუკი 11 აპრილს ქუთაისიდან სალონიკში გაემგზავრებით, 25 აპრილს უკან დასაბრუნებელი ბილეთი ფასდაკლების გათვალისწინებით 68 ლარი დაგიჯდებათ.

სალონიკში აპრილში ორ პერსონაზე სასტუმროს ნომრის შერჩევა ღამეში 79 ლარიდან არის შესაძლებელი.

თუ ორივე გზაზე ფასდაკლების კლუბის ბილეთებით იფრენთ, სასტუმროში დარჩებით. სალონიკში 7 ღამის გატარება (11-18 აპრილი) დაახლოებით 820 ლარი დაგიჯდებათ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი