ახალი ამბები

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ

27 მარტი, 2017 • 1821
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ

28 მარტიდან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ. აქციის მიზეზი დღეს გამართული შეხვედრა გახდა, რომელზეც თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მშობლებს განუცხადეს, რომ თბილისის ბიუჯეტიდან მხოლოდ იმ ბავშვებს დააფინანსებენ, რომლებიც თბილისში დაიბადნენ და რეგისტრირებულნი არიან თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ.

დადგენილება, რომელიც პროტესტის საფუძველი გახდა, თბილისის საკრებულომ 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო. დადგენილების მეორე მუხლი ამბობს, რომ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული.

როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე ამბობს, პარასკევს, 24 მარტს გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან იმის შესახებ შეთანხმდნენ, რომ იმ  36 ბავშვის სრულად დაფინანსების საკითხზე მუშაობას დაიწყებდნენ, რომლებიც თბილისში რეგიონებიდან გადმოეწერნენ, რათა ეს დაფინანსება მიიღონ, ან თბილისში არიან დაბადებული, თუმცა რეგისტრაცია იმაზე გვიან გაიარეს, რაც დადგენილებაშია მითითებული.

“დაფინანსდებიან მხოლოდ მკვიდრი თბილისელი ბავშვები, ვიღაცამ ბინა გაყიდა და სხვა ბინაში რომ გადავიდა, ამოეწერა და წყვეტის გამო რეგისტრაცია გვიან გაიარა. ეს ბავშვები, ვინც ნამდვილად თბილისელები არიან, მხოლოდ იმას დავაფინანსებთო”,- ამბობს მარი კორკოტაძე, რომლის თქმითაც, ამ 36 ბავშვში ასეთი ბავშვების რაოდენობა 15-17 -ია.

მერიის დაფინანსებული პროგრამით 2-დან 15 წლამდე ბავშვები სარგებლობენ და დღეის მდგომარეობით, სულ 543 ბავშვია პროგრამაში ჩართული. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 800 000 ლარია. დამატებით 36 ბავშვის დაფინანსებისთვის 140 000 ლარია საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი