სამხრეთ კავკასიაში მაკდონალდსის ქსელს სალათით თბილისი მოამარაგებს

“მაკდონალდს საქართველოს” ინფორმაციით, თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელს მოემსახურება.

კომპანიის ინფორმაციით, საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით.

“პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე,” – აცხადებენ კომპანიაში.

ცენტრის სრული ფართობი შეადგენს 3300 კვ. მეტრს. განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 2.3 მილიონ ევროს. ცენტრში დასაქმებულია 30 ადამიანი. ასევე ცენტრში შესაძლებელია დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავება.

“მაკდონალდსი” რესტორნების გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს. კომპანიის მონაცემებით, ისინი ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს 11 ფილიალი აქვს – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი