ახალი ამბები

‘ნაციონალურ მოძრაობას’ შესაძლოა ხუთჯვრიანი დროშის გამოყენება აეკრძალოს

17 დეკემბერი, 2012 • 1837
‘ნაციონალურ მოძრაობას’ შესაძლოა ხუთჯვრიანი დროშის გამოყენება აეკრძალოს

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ელდარ შენგელაიას საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” ცვლილებების შეტანისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

 

კუკავა დაუშვებლად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დროშა გამოყენებული იქნას ცალკეული ორგანიზაციების, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების სიმბოლოდ:

 

“სახელმწიფო დროშა არ უნდა იქნას სხვა რომელიმე სტრუქტურაში გამოყენებული და ამის მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო დროშა ამავდროულად არის “ნაციონალური მოძრაობის” დროშა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ან უნდა აეკრძალოს სახელმმწიფო დროშის გამოყენება როგორც პარტიული დროშა, ან არადა სახელმწიფო დროშა უნდა იყოს გამაერთიანებელი ყველაფრის,” – აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე.

 

კითხვაზე – ითვალისწინებს თუ არა მათი ინიციატივა ძველი დროშის დაბრუნებას, კუკავა პასუხობს, რომ არა: “არ არის ეს საკითხი. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე უნდა არსებობოდეს ნაციონალური კონსესუსი. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები და თითქმის 90% მხარს უჭერს ხუთჯვრიან დროშას. ამიტომ ხუთჯვრიანი დროშა უნდა იყოს, უბრალოდ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა აეკრძალოს ამ დროშის გამოყენება საკუთარ სიმბოლიკაში. “

 

ეროვნული დროშის გარდა, კუკავა რეგულაციების დაწესებას მოითხოვს უცხო ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენებისას.

“სახელმწიფო დროშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან ერთად უცხო ქვეყნის დროშის აღმართვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე ასევე აკნინებს სახელმწიფო დროშის როლს და მნიშვნელობას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სხვა ქვეყნის დროშების აღმართვა ნებადართული იყოს მხოლოდ შესაბამისი დიპლომატიური მისიის შენობაზე, დიპლომატიური მისიის კუთვნილ ავტომანქანებსა და მისიის ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კუკავა ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზეზებს ასე განმარტავს:

 

“უცხო ქვეყნის დროშები ქვეყანაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლით გათვალისწინებული შემთხვევებში და არა, ასე ვთქვათ, რაღაც კომერციული დაწესებულებების მიერ, იმიტომ, რომ ერთ–ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის დროშა ხდება ძალიან გამაღიზიანებლად, ინტენსიურად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ არ ვცდები, თქვენი გაზეთი ბათუმში გამოდის ხომ? განსაკუთრებით ბათუმში არის ეს პრობლემა, სადაც ქართული დროშა მარტო მერიის თავზე ფრიალებს და სხვა ადგილებში იცით კარგად, რომელი ქვეყნის დროშაცაა გამოფენილი. არანაირად აუცილებელი არ არის, შაურმასთან ერთად დროშაც მოაყოლოს ჩვენმა მეზობელმა სხვადასხვა საწარმოში. მე არ ვიცი, შეიძლება ვინმე მიეჩვია თურქეთის დროშებს, მაგრამ როგორი რეაქცია გექნებოდათ ახლა, რომ თბილისში ადგეს და ათი ათასმა ადამიანმა გამოფინოს რუსეთის დროშები? ყველა ქვეყანაზე არის ლარაპაკი, უბრალოდ, პრაქტიკაში ჩვენ თურქულ დროშებთან გვაქვს ასეთი ტიპის პრობლემები. ამიტომაც ესეც ითვალისწინებს სახელმწიფო დროშის გამოყენების არეალის შეზღუდვას.”

 

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კუკავა ამბობს:

 

“გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის. თუ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის, მაშინ არსებობს საერთაშორისო სამართალში “ნაცვალგების” პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უფლებები, რაც ერთ ქვეყანას აქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, მეორე ქვეყანამაც უნდა მისცეს პირველ ქვეყანას ასეთივე უფლებებით სარგებლობის საშუალება თავის ტერიტორიაზე. თუკი თურქები მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშები აღვმართოთ თურქეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მაშინ შეიძლება სხვანაირი რეგულირება დავაწესოთ. “

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არ ეხება ევროკავშირის დროშას:

 

“ევროკავშირის დროშა ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის რეგულირების საგანი. ევროკავშირი არ არის უცხო ქვეყნის დროშა, საერთაშორისო ორგანიზაციაა. წმინდა ფორმალურად ვერ ხვდება კანონის მოქმედების სფეროში და პრაქტიკული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ევროკავშირი არ არის უცხო ამ შემთხვევაში. ჩვენ საუბარი გვაქვს უცხო ქვეყანაზე. საქართველოში ევროკავშირის დროშები გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დროშა. “

 

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ უკვე იმსჯელა კახა კუკავას საკანონმდებლო წინადადებაზე. დასკვნის თანახმად, კომისიას მისაღებად მიაჩნია, რომ სახელმწიფო დროშის გამოყენება აიკრძალოს არასახელმწიფო და იურიდიული პირების სიმბოლოდ, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო გერბისათვის.

 

კომისიას ასევე დასაშვებად მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვა საქართველოს დროშასთან ერთად, მხოლოდ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესების დაცვით, რომელიც ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული “საქართველსო სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ან რაიმე სხვა სახის სამართლებრივი აქტით.

 

კომისია მზადყოფნას გამოთქვამს “თავისუფალ საქართველოსთან” კონსულტაციების გასაგრძელებლად “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” კანონის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, კახა კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა იქნება თუ არა განხილული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი