ახალი ამბები

8 წლის ბავშვის გარდაცვალებით დასრულებულ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

27 მარტი, 2017 • 2142
8 წლის ბავშვის გარდაცვალებით დასრულებულ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო  შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტ. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW”-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე  მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის რვა წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტ-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად.

2017 წლის 24 მარტს თორნიკე ტ.-ს დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტ. სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე,  დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი