ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

27 მარტი, 2017 • 5120
განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

2017 წლის 2 აპრილს სომხეთში, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პირველი, თავისი ფორმატით განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალი საარჩევნო პროცესით, 2018 წლიდან სომხეთი სახელმწიფოს მართვის ახალ მოდელზე – ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადადის. 2018 წელსვე იწურება სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ბოლო საპრეზიდენტო ვადა. 

სომხეთის პარლამენტში მოხვედრა დღეს ბევრს სურს. 2017 წლის 25 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ პოლიტიკური გაერთიანებების სია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ოფიციალური ინფორმაციით, დარეგისტრირებულია 9 პოლიტიკური ერთეული – 4 ბლოკი [მათ შორის „წარუკიანის საარჩევნო ბლოკი“, საარჩევნო ბლოკი  „გასასვლელი“; საარჩევნო ბლოკი „ოჰანიან-რაფი-ოსკანიან“ და 5 პარტია [მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“, სომხური აღორძინების პარტია, სომხეთის ეროვნული კონგრესი,]. პარლამენტში მოსახვედრად 1600-ზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნების დაწყებამდე სომხეთის პოლიტიკური სივრცე  ტრანსფორმირდა. ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებისა და ფიგურების ნაწილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში აღმოჩნდა.

ზოგადად, არჩევნებში მონაწილეთა შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია: წარმოდგენილი არიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურები: პირები, რომლებსაც ამ დრომდე საერთო არაფერი ჰქონიათ პოლიტიკასთან, ჟურნალისტები. სომხეთის პარლამენტში პირველად იქნებიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

რა თქმა უნდა, სასურველი მანდატი ყველასათვის არ იქნება საკმარისი. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტში მინიმუმ 101 დეპუტატი [ამჟამად 131-ია] უნდა იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალური რაოდენობა კი განსაზღვრული არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემუშავებულია გარკვეული სისტემა, რომლის შესაბამისად, თუ არჩევნების შედეგად რომელიმე პოლიტიკური ძალა აბსოლუტური ლიდერი გახდება, მაშინ დეპუტატების რაოდენობა 101 დარჩება. დეპუტატების იგივე რაოდენობა აირჩევა იმ შემთხვევეში, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა კოალიციას შექმნის და ერთად აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნებიან, ანუ თუ 50%+1-ს მიიღებენ და, შესაბამისად, მთავრობის ფორმირება და პრემიერმინისტრის დასახელება შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და მანდატების რაოდენობა გაიზრდება იქამდე, სანამ აბსოლუტურ უმრავლესობაში რომელიმე პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდება [ამ ცვლილების მექანიზმზე ბევრი არ იყო განმარტებული საზოგადოებისთვს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აუცილებლობა, საზოგადოება კარგად ყოფილიყო ინფორმირებული].

დღეს სომხეთის მოქალაქეები საერთო საარჩევნო ქაოსში არიან ჩაბმული. ბოლო წლებში სომხეთში განვითარებული  პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოების თვალში არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამოწურეს საკუთარი თავი, არამედ ოპოზიციონერებმაც.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ, სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, ისეთი მოულოდნელი სიით წარმდგარიყო არჩევნებზე, სადაც თავად პრეზიდენტ სარგსიანის სახელიც კი არ ფიგურირებს. ასევე, სიაში არ არიან ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთა სახელებიც კრიმინალთან არის დაკავშირებული. ნაცვლად ამისა, სიაში მოხვდნენ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც შედარებით კარგი რეპუტაცია და რეიტინგი აქვთ.

მაგალითად, პირველ ადგილზეა თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქსიანი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დანიშნეს, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილს ერევნის მერი იკავებს, მესამეს- იუსტიციის მინისტრი არპინე ოვანისიანი.

მმართველი “რესპუბლიკელები” დარწმუნებული არიან, რომ საუკეთესონი არიან და საუკეთესო არჩევნების ჩატარებას შეძლებენ. ამას მოწმობს პრეზიდენტ სარგსიანის ერთ-ერთი ბოლო განცხადებაც:

“ჩვენ, როგორც ქვეყანას, უნარი შეგვწევს, უზრუნველვყოთ და ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც სანდო იქნება საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის”.

რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკური ძალებიც ამბობენ, რომ “საუკეთესონი” არიან. ყველა მათგანი ირწმუნება, რომ  სწორედ ისინი იქნებიან პირველები, ვინც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ამავდროულად, კონსტრუქციული წინადადებებისა და დაპირებების ნაცვლად, დღეს სომხეთში მხოლოდ მეტოქეთა მიმართ შეურაცხმყოფელი მოწოდებები ისმის. შთაბეჭდილება იქნება, რომ სწორედ ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო მეტ ნეგატიურ არგუმენტს დაასახელებს ოპონენტის წინააღმდეგ.

“ისეთი პოლიტიკური ძალები მონაწილეობენ, რომლებიც წინა პერიოდში ოპოზიციის სახელით გამოდიოდნენ, თუმცა დღეს მარგინალიზებული არიან. ასევე ისინი, ვინც ბოლო დრომდე მმართველ ელიტაში იყვნენ და დღეს ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ოპოზიციური პოლიტიკის გატარება შეუძლიათ. ტიპური წინაასარჩევნო ამბავია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ თავისებურად, ეს საპარლამენტო არჩევნები  უკვე ჰგავს საპრეზიდენტო არჩევნებს, ვინაიდან ეს არჩევნები პირველად გადაწყვეტს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ბედს”, – ამბობს სერგეი მინასიანი, პოლიტოლოგი და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

დღეს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში მოსასვლელად ამბიცია ყოფილ პრეზიდენტს, 72 წლის ლევონ ტერ-პეტროსიანსაც აქვს, რომელიც “სომხეთის ეროვნული კონგრესის” სიის სათავეშია. საქმე ის არის, რომ 2013 წლის არჩევნებში მან მონაწილეობაზე უარი ასაკის გამო თქვა. თუმცა 5 წლის შემდეგ ასაკი მისთვის ბარიერი აღარ აღმოჩნდა. ეს პოლიტიკური ძალა ყოველთვის ოპოზიციურად მიიჩნეოდა. თუმცა ისეთ ოპოზიციად, რომელიც ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ გამოდიოდა ხოლმე.

“სომხეთის ეროვნული კონგრესი” ისეთი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნიასას მონოპოლიაც კი ჰქონია, თუმცა დღეს ბევრ საკითხში “რესპუბლიკური” პარტიის აზრს იზიარებს. მაგალითად, ეს პარტიაც რუსეთთან და საბაჟო კავშირთან თანამშრომლობის მომხრეა. ყარაბაღის საკითხში კი რომის პაპზე მეტი კათოლიკები არიან. ანუ მზად არიან, იმაზე მეტ დათმობაზე წავიდნენ, ვიდრე პრეზიდენტი სარგსიანი, – ამბობს ოვანეს იგიტიანი, პოლიტილოგი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

სომხეთში ხელისუფლების ნაწილად სომხეთის რევოლუციური ფედერაციაც მიიჩნევა, რომელიც დღეს რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციის შემადგენლობაშია. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს სამი ძალა შეძლებს, აბსოლუტურ უმრავლესობას მიაღწიოს, თუკი გაერთიანდებიან.

არაა გამორიცხული ისიც, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან საკმაოდ მეგობრული კოალიციის ჩამოყალიბება შეძლოს პარტია “სომხეთის აღორძინებამაც”, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ პლატფორმას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკური გემოვნების ცვლილებების საკითხში დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციაში იყო, თუმცა არჩევნების შემდეგ გამარჯვებული მმართველი პარტიის გვერდით დადგა. სომხეთში ის კორუმპირებულ ძალად მიიჩნევა. სხვათა შორის, პარტიამ სახელწოდებაც შეიცვალა: მაშინ პარტიას “კანონის ქვეყანა” [“ორინაც ერკირ”] ერქვა, დღეს კი –  “სომხეთის აღორძინება”.

პოლიტიკური გაერთიანებდან ყველაზე ოპოზიციურ თამაშს ბლოკი “გასასვლელი” ატარებს, რომელიც სამი პოლიტიკური ძალისგან შედგება: “გაბრწყინებული სომხეთი”, “რესპუბლიკა” და “სამოქალაქო თანხმობა”

შარშან, როდესაც სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, პარტია “გაბრწყინებული სომხეთისა” და “სამოქალაქო თანხმობის” ლიდერები, ასევე, პარტიის რიგითი წევრები, შანსს არ ტოვებდნენ, ერთმანეთი არ გაელანძღათ. დღეს კი გადაწყვიტეს, ერთობლივად დაამარცხონ რესპუბლიკელები. მათი მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებები ისმის.

პოლიტიკურ ქაოსში მშვიდ ბრძოლას აწარმოებს ბლოკი “წარუკიანი”. ბლოკს ოლიგარქი და ცნობილი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი ხელმძღვანელობს. მან 2015 წელს პრეზიდენტ სარგსიანის მითითებით დატოვა პოლიტიკა და ერთი წლის შემდეგ ასევე პრეზიდენტის სურვილით უკან დაბრუნდა, თუმცა პრეზიდენტის სურვილი საჯაროდ გაცხადებული არ ყოფილა.

დღევანდელ პარლამენტში “წარუკიანი” მეორე პოლიტიკური ძალაა და არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად გადაინაწილებენ პირველ და მეორე ადგილებს. გამოდის, პარლამენტში ბრძოლა მიმდინარეობს არა პირველ და მეორე, არამედ მომდევნო ადგილებისთვის.

სერჟ სარგსიანი; გაგიკ წარუკიანი; ფოტო: ფოტო: rferl.org

სერჟ სარგსიანი; გაგიკ წარუკიანი; ფოტო: ფოტო: rferl.org

წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის ტრიბუნებიდან გამოჩნდნენ ყოფილი ავტორიტეტებიც, რომლებიც ადრე ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ: ყოფილი თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები, ვარდან ოსკანიანი და რაფი ჰოვანნისიანი. სეირან ოგანიანი ხელმძღვანელობს ბლოკს, რომელიც თავის მხრივ ოპოზიციურია და მნიშვნელოვან შედეგებს ელის არჩევნებზე. შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თამაშიდან გაიყვანოს ოგანიანი – მათ შორის, მისი დაკავების მუქარის საშუალებით. უკვე შემოგდებულია ინფორმაცია, რომ არმიაში მრავალი წელია იყო ნაკლოვანებები, რაც სეირან ოგანიანის საქმიანობას უკავშირდებოდა.

“ხელისუფლებამ უკვე მაღალი ეშელონებიდან განაცხადა, რომ ოგანიანი არა მხოლოდ ოპოზიციონერი, – მტერიცაა”, – ამბობს პოლიტოლოგი ოვანეს იგიტიანი.

“საკმაოდ რთული იქნება ბრძოლა სეირან ოგანიანისთვის. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საზოგადოება მას კვლავაც ხელისუფლების ნაწილად მიიჩნევს. გარდა ამისა, არავისთვისაა საიდუმლო ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული რესურსი ამ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ იმუშავებს”, – ამბობს სერგეი მინასიანი.

სხვათა შორის, აღნიშნულ პოლიტიკურ ბლოკს არაოფიციალური პოლიტიკური ლიდერი ჰყავს – არწახის თავდაცვის არმიის ყოფილი მთავარსარდალი სამველ ბაბაიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოდან სომხეთში იარაღის შეტანის საქმეზე დააკავეს და ორთვიანი პატიმრობაც შეუფარდეს. ბაბაიანს  საკუთარი ხელმძღვანელიც ჰყავს – სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი [1998-2008] რობერტ კოჩარიანი.

გამოდის, ამ სამმხრივი თამაშის უკან რეალურად კოჩარიანი დგას. დღესდღეობით სომხეთში სარგსიანსა და კოჩარიანს შორის ბრძოლაა, სხვა ძალები კი მხოლოდ თამაშის მხარეები არიან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ამა თუ იმ ძალის მიმართ სიმპათიის გამოხატვით პარლამენტში რამდენიმე მანდატი ერგებათ.  5%-იანი ბარიერია დაწესებული პოლიტიკური პარტიებისთვის, 7%-იანი კი -პოლიტიკური ბლოკებისთვის.

მთლიანობაში, სომხეთში დაძაბული თამაში და საარჩევნო კამპანიაა, რომელიც ოფიციალურად 5 მარტს დაიწყო.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მმართველი რესპუბლიკური პარტიის სიაში არ არის. თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ სიის პირველი ნომერი იქნებოდა და, შესაბამისად, პრემიერმინისტრი გახდებოდა. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში სარგსიანმა არ გამორიცხა, რომ თუკი რესპუბლიკური პარტია სასურველ შედეგს მიაღწევს, პრემიერი გახდება.

გამოდის, რომ ის წავა პოლიტიკიდან და შავი კარდინალის როლს მოირგებს. 2018 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგსიანს ლანგრით მიართმევენ პრემიერმინისტრის სავარძელს, რამდენდაც ამჟამინდელმა პრემიერმა კარენ კარაპეტიანმა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შესაძლოა, ვეღარ დაიკავოს ეს თანამდებობა.

ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2018 წლის აპრილიდან პრემიერმინისტრი არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქე უნდა იყოს, არამედ ბოლო 4 წელი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს სომხეთში. კარაპეტიანი კი ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა.

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი